ფიტარეთის მონასტერი

ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიტარეთთან ახლოს მდებარეობს. იგი XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდშია აგებული და 1213-1222 წლებით თარიღდება. ძეგლი ბეთანია-ქვათახევის ეკლესიათა ხუროთმოძღვულ ტიპს განეკუთვნება. ჰარმონიული, დამჯდარი, მიწასთან შეზრდილი პროპორციები, სიხალვათე და ნათელი შიდა სივრცე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ფიტარეთის მონასტერი ასევე გამოირჩევა მორთულობის მრავალფეროვნებითა და შესრულების მაღალი ოსტატობით, ასევე მაღალმხატვრული მოხატულობით. ტაძრის მხატვრულ ეფექტს აძლიერებს კედლის წყობაში გამოყენებული ფერადოვანი ქვები. ოსტატი ინტერიერში არათანაბარი განათების საშუალებით ეფექტურ კონტრასტულობას აღწევს. ტაძრის ინტერიერში რამდენიმე საფლავის ქვაა დაცული ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა – „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეკლესიის კარიბჭის შიდა კედელზე შემონახულია ასომთავრული წარწერა, რომელიც მის სავარაუდო ქტიტორს – ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს: “ქ. სახელითა მამისათა, ძისითა და სულისა წმიდისათა, რომელნი საუკუნეთგან სათნო ეყვნეს ქრისტეს ღმერთსა ჩუენსა ღირს ვიქმენ მინდობითა ღრმთისაითა, მე, ქავთარ ქაჯიფაისძე ამირეჯიბი თვითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედისა ღმრთისა. არაი ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორეწმინდანი ჩემითავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა. მათვე ღმრთივ სანატრელთა დიდთა მეფეთა ჩუენთა საბედნიეროდ, შევსწირენ მას ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელსა ფიტარეთისასა სალოცველად მეფობისა მათისა და ცოდვილისა სულისა ჩემისა და მშობელთა და ძმათა და მომავალთა ჩემთათვის”. წარწერის პირველი გამომცემლები ტექსტში მოხსენიებულ “მეფეთ მეფე გიორგის” გიორგი ბრწყივალედ მიიჩნევდნენ და ტაძარსაც მისი მეფობის პერიოდით ათარიღებდნენ, თუმცა დადგინდა, რომ ის ლაშა-გიორგის პერიოდს მიეკუთვნება. ქავთარ ქაჯიფაისძე ბარათაშვილების წინაპარი იყო. სამონასტრო კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილ-ორბელიანთა საკუთრება იყო. სამონასტრო კომპექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა და მდიდარი ბიბილიოთეკაც ჰქონდა. ფიტარეთი არაერთხელ აუოხრებიათ და ტაძრის ირგვლივ მდებარე სამონასტრო ნაგებობები განადგურებულია. კომპლექსი ამჟამად აღდგენილია. ფიტარეთის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია.

 

არქიტექტურა

ფიტარეთის ღვთისმშობლის ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებობის გეგმა თითქმის კვადრატულია. ეკლესიას სამხრეთით კარიბჟე აქვს მიშენებული. ტაძრის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან ღრმა ბემით არის გამოყოფილი. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით სადიაკვნე და სამკვეთლოა. გვერდითი ნაწილები ორსართულიანია. თითოეულ მათგანს თითო კარი აქვს ბემისა და ცენტრალური სივრცის მხრიდან გაჭრილი. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ორ პილონს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული მოხაზულობისაა. ტაძრის გეგმის ჯვრული მოხაზულობა, რომელიც შიგნით იქმნება, გარდა საკურთხევლისა, სწორკუთხა მოხაზულობისაა და შეისრული კამარებითაა გადახურული. გუმბათის საყრდენებთან პილასტრები არ არის გამოყოფილი. ტაძრის დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს შეისრული ფორმის თაღებით უერთდება. ეს თაღები რთული პროფილის მქონე იმპოსტებს ეყრდნობა, პილასტრები კი – სწორკუთხა ბაზისებს. გვერდითა მოკლე ნავები სიზუსტეს მოკლებული ცილინდრული კამარებითაა გადახურული. ტაძარს ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. ტაძრის ინტერიერს სხვადასხვა დონეზე განლაგებული სარკმლები ანათებს. განათების მთავარი წყარო გუმბათის თორმეტი სარკმელია. ფიტარეთის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი სუფთად თლილი კვადრებითაა შემოსილი. ფასადის მორთულობა კონცენტრირებულია ცენტრზე. ღრმა და მაღალ ნიშებს შეწყვილებული ლილვები შემოუყვება. ნიშების თაღები დეკორირებულია ვიწრო ჩუქურთმოვანი არშიითა და ფესტონებით. ფასადზე შვიდი სარკმელია განლაგებული, რომელთაგან მთავარია ცენტრალური. იგი ფართო არშიითა და გრეხილი ლილვებითაა შემოფარგლული. ფასადის მორთულობის ელემენტების უმეტესი ნაწილი, ზედა ნაწილშია თავმოყრილი, მთავარი სარკმლიდან კარნიზამდე. მთავარი დეკორატიული ელემენტი მოჩუქურთმებული სწორკუთხა ჯვარია. ჯვრის საყრდენად  სარკმლის თავსართია გამოყენებული, რომელიც სარკმლიდან დაშორებულია, მათ მაკავშირებლად კი სხივისებურად განლაგებული ქვებია გამოყენებული. ჩრდილოეთის ფასადი ყველაზე ნაკლებადაა მორთული, განსაკუთრებით საზეიმო კი სამხრეთის ფასადია. დეკორის მთავარ აქცენტს ქმნის მოჩუქურთმებული სარკმლები და საფასადო ჯვარი. ამავე ფასადზეა მოთავსებული კარიბჭეც. ჩუქურთმებით უხვადაა შემკული გუმბათის ყელი. სარკმლების შემომფარგვლელ თაღედს ზემოთ უშუალოდ გასდევს ორი ლენტით მიღებული ფრიზი. ფრიზის ზემოთ ორსაფეხურიანი კარნიზია გაწყობილი, რომელიც ფაქტობრივად აგვირგვინებს გუმბათს. კოპების რიგში ზოგიერთი ადამიანის თავის გამოსახულებაა. ყურადღებას იქცევს აღმოსავლეთ ფასადზე ლომების გამოსახულებები, ასევე სამხრეთის სარკმლების რელიეფები. ტაძრის მორთულობა მაღალი ოსტატობის ნიმუშია. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, თუმცა ამჟამად ფრესკები ძალიან დაზიანებულია. მოხატულობა ყველაზე უკეთ შემორჩენილია გუმბათსა და ჩრდილოეთის მკლავში. ფრესკები გამოირჩევა პლასტიკური ხაზებითა და ფერწერულობით. კომპოზიციები საკმაოდ დინამიურია და ღრმა ლურჯ ფონზე გათამაშებული ნათელი ლაქები საოცრად მხატვრული. ტაძრის ცენტრალური ნაწილის სიმსუბუქისა და სიხალვათის აღქმას ხელს უწყობს გუმბათის მოხატულობის სრულიად ნათელ ტონებში გადაწყვეტა, რაც განსხვავდება ინტერიერის დანარჩენის ნაწილისგან. ფიტარეთის მონასტერი თავისი გადაწყვეტით, მორთულობითა და ფრესკებით ქართული კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *