ჩხიკვთის წმინდა გიორგის ეკლესია

ჩხიკვთის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში მდებარეობს. იგი X საუკუნის ძეგლია. ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც სწორკუთხედშია ჩაწერილი. ნაგებობა მაღალი პროპორციებით გამოირჩევა. ძეგლი ამჟამად ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია მისი დასავლეთ ნაწილი და კამარა. კონქი, კამარა და კამარის საბჯენი თაღები კარგად გათლილი კვადრებითაა გამოყვანილი, კედლები კი უფრო მცირე ზომის და უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. დარბაზის ცილინდრული კამარა ბაზალტის კრონშტეინებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. თაღებისა და კამარის მცირე ნაწილია შემორჩენილი. გრძივი კედლები დანაწევრებულია თაღედით. ჩრდილოეთის კედლის თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა და შეისრული ფორმისაა, სამხრეთისა კი – პილასტრებს და ნახევარწრიულია. აღმოსავლეთის აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, თუმცა სავარაუდოა, რომ სარკმელი დასავლეთითაც იქნებოდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა, იგი გარედან არქიტრავულია, ინტერიერის მხრიდან კი თაღოვანი. შესაძლოა შესასვლელი დასავლეთიდანაც ყოფილიყო, თუმცა ეს მხარე სრულიად ჩამონგრეულია. სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე რელიეფური ჯვრების გამოსახულებებია, სამხრეთ ფასადზე ასევე გვხვდება ასომთავრული წარწერაც. ფასადებს სადა პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვებოდა, შემორჩენილია ძალიან მცირე ფრაგმენტი. სოფელში შეგიძლიათ მოინახულოთ ჩხიკვთის მეგალითური კომპლექსი და სამებისა და სიონის ეკლესიები.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *