ჩხიკვთის სამება

ჩხიკვთის სამება ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძრის კამარა შეკიდულ პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. საკურთხეველი ძირითადი სივრცისგან კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის ჩრდილოეთით ქვის ჯვარი დგას. ეკლესიას სამი ვიწრო, თაღოვანი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ორივე სარკმელი ინტერიერში ფართოვდება. ნაგებობას ერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს – სამხრეთის მხრიდან. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შეთეთრებული ყოფილა ტაძრის ფასადებიც, თუმცა ამჟამად ნაგებობას ქვის ბუნებრივი ფერი აქვს დაბრუნებული. ფასადებს სადა, ლილვისა და წრეთარგისგან შედგენილი ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. სამების ტაძრის გარშემო ჩხიკვთის მეგალითური კომპლექსის ნაშთები გვხვდება. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგისა და სიონის ეკლესიები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *