ფარცხისის ციხე

ფარცხისის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში მდებარეობს, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, მაღალ გორაკზე. იგი წერილობით წყაროებში ბაგრატ IV-ის მეფობის დროიდან (XI ს) იხსენიება, თუმცა გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილასაა აგებული და ის ქვემო ქართლის ერთ – ერთ მთავარ მაგისტრალს აკონტროლებდა. აქედან მოჩანს ბირთვისისა და ორბეთის ციხეები და კოჯრის მიდამოები. როგორც ჩანს, ციხის ამგებთათვის სწორედ ციხის სტრატეგიული მდებარეობა იყო მნიშვნელოვანი და არა მიუდგომლობა. ფარცხისის ციხე ძალიან დაზიანებულია და მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი კედლები. იგი გეგმით წაგრძელებულ, ბოლოებმომრგვალებულ ნაგებობას წარმოადგენდა. ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა, ცენტრალური ნაწილი ციტადელს ეჭირა, რომელსაც ირგვლივ კონცენტრული გალავანი ჰქონდა შემოვლებული. ციტადელის დასავლეთ ნაწილში 3-4 სართულიანი კოშკი იდგა. ციხეს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. განიერი ჭიშკარი თაღით ყოფილა გადახურული და აქ  სხვა მონაკვეთებისაგან განსხვავებით აგურია გამოყენებული. აქ შესამჩნევია რესტავრაციის აშკარა კვალი. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსია, საიდანაც გვირაბი იწყება. გადმოცემის თანახმად გვირაბი ციხიდან 300 მეტრით დაშორებულ მდინარე ფარცხისისწყალთან გადიოდა. ციტადელის დასავლეთის მონაკვეთი გამოყოფილი ყოფილა და ორმაგი კედლებით შემოზღუდული. ციხე ნაგებია რიყის ქვით, ზოგან ზედა ფენებში გამოყენებულია თლილი ქვაც.

ფარცხისთან ორი დიდი ბრძოლა გაიმართა, 1074 და 1569 წლებში. 1074 წელს განძის გამგებელ სარანგსა და საქართველოს მეფე გიორგი II-ს შორის გამართულ ბრძოლაში გიორგი II-მ მტერი დაამარცხა. ამ გამარჯვებით გულმიცემულმა მეფემ ბიზანტიის დასუსტებით ისარგებლა და დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მიწები დაიბრუნა. სამწუხაროდ ფარცხისის მეორე ბრძოლა სავალალო შედეგით დასრულდა. ყიზილბაშთა ლაშქარს მოღალატე აზნაური – კახაბერ ყორღანაშვილი წარუძღვა მეგზურად. მიუხედავად რიცხობრივი უთანასწორობისა ქართველებმა მტერი უკუაქციეს, თუმცა ამ დროს ქართლის მეფე სიმონ I მცირე ჯგუფთან ერთად ქართველთა ძირითად ნაწილს დაშორდა. მტრის გარემოცვაში დარჩენილი მეფე სიმონი დაატყვევეს და მან მომდევნო 10 წელი ალამუთის ციხეში გაატარა. ცნობილია ქართული ხალხური ლექსი: “ყორღანას ძეს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა”. ყორღანაშვილი საჩინო ბარათაშვილმა შეიპყრო და ის კლდიდან გადააგდეს მოღალატეობის სასჯელად.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *