ნახიდურისა და თავგურგალას გამოქვაბულები (კლდის სოფლები)

ნახიდურისა და თავგურგალას გამოქვაბულები (კლდის სოფლები) ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურთან მდებარეობს, ხრამის ხეობაში. კლდეში ნაკვეთი კომპლექსები დიდ ტერიტორიას მოიცავს, თუმცა მათ უმრავლესობაში შესვლა დღესდღეობით სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. მსგავსი სოფლები ქვემო ქართლში მრავლად გვხვდება, მაშავერას და ზურტაკეთის და ა.შ. ნახიდურისა და თავგურგალას კლდის სოფლები ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ეტაპზე შექმნილ ქვაბოვან დასახლებებს წარმოადგენს, რომლებიც შუასაუკუნეებში ახლიდან იქნა გამოყენებული. კომპლექსთა სათავსები კლდის ბუნებრივ ან ხელოვნურად გაფართოებულ ტერასათა გაყოლებაზეა გამოკვეთილი. გვხვდება როგორც განცალკევებული, ასევე ერთმანეთთან შიგა გასასვლებითა და გვირაბებით დაკავშირებული ქვაბები. სათავსების იატაკები ბრტყელია, კედლები და ჭერი კი უსწორო მოცულობებს ქმნის. ქვაბულები გამოკვეთილია ადრეული მეტალურგიული კულტურის მატარებელი ხალხებისთვის კარგად ცნობილი მეთოდით – ქანების გახურება-გაცივებით გაჩენილ ბზარებში ხის სოლების ჩაჭედებით და გამონგრევით. ეს კლდის კომპლექსები ათასწლეულზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო მიტოვებული. ქვაბ-სათავსებმა დაუზიანებელი სახით მოაღწიეს შუა საუკუნეებამდე და არც ხელახალი ათვისებისას განუცდიათ მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, გვხვდება მხოლოდ ქვითკირის დანამატები (ზოგ შემთხვევაში საფორთიპიკაციო ელემენტებით). უძველესი საცხოვრებლები ძალიან მკვრივი გეოლოგიური აგებულების, ძირითადად ბაზალტის ქანებშია გამოკვეთილი, შუასაუკუნეების საქართველოში კი ქვაბების ადვილად დასამუშავებელ ქანებში კვეთა იყო საყოველთაოდ გავრცელებული, ბაზალტოვანი კლდეები ლითონის იარაღსაც ძნელად ემორჩილება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვემო ქართლის ქვაბთა უძველესი კომპლექსების რესტავრატორები პრაქტიკულად მხოლოდ ქვითკირის კედლების ამოშენებით მანიპულირებდნენ და ახალი მოცულობების კვეთას კი თავს არიდებდნენ. ადრეული საცხოვრისების რეკონსტრუქციის გარეშე გამოყენებაში დიდი როლი შეასრულა ასევე მათმა ფუნქციურმა თანხვედრამ ახლად ფორმირებულ კლდის სოფლებთან. ქვედა იარუსებზე, ქარაფების ძირში გამოკვეთილი სათავსები  შინაური პირუტყვის სადგომებად და საქონლის საკვების ან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საცავებად გამოიყენებოდა. ზედა იარუსებზე ნაკვეთი ქვაბულები საცხოვრებელი სათავსების მოვალეობას ასრულებდა, რომლებშიც აშკარად შეინიშნება დიფერენციაცია სხვადასხვა ფუნქციური ნიშნით (საძინებელი, საკუჭნაო, სამზადი). ქვაბოვანი სათავსების წინ ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი ფარდულების თუ დერეფნების ტიპის სადგომები ყოფილა მოწყობილი. კლდის სოფლებში, როგორც ჩანს, ცხოვრება უეცრად შეწყვეტილა მტრის გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად. ამის შემდეგ აქ ცხოვრება აღარ აღორძინებულა. გარკვეული დროის განმავლობაში კლდის კომპლექსებს სახიზრებად მიიჩნევდნენ, თუმცა კვლევებმა და აქ აღმოჩენილმა ნივთიერმა მასალამ დაადასტურა, რომ ისინი მუდმივ საცხოვრებლებს წარმოადგენდნენ. ნახიდურისა და თავგურგალას გამოქვაბულების მიმდებარე ტერიტორიებზე მრავლად შეინიშნება ციკლოპური წყობის ნამოსახლარებიც. კლდის სოფლები საყურადღებო კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან საქართველოს სოფლის მოსახლეობის ყოფაცხოვრებისა და მეურნეობის გაძღოლის მრავალი ასპექტის თაობაზე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *