ჩხიკვთის მეგალითური კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში მდებარეობს, ჩხიკვთის სამების ეკლესიის შემოგარენში. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. კომპლექსი ნაგებია უზარმაზარი ლოდებით, დუღაბის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სიმაგრის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია გადარჩენილი, ის მაინც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ვახუშტი ბაგრატიონი მას “გმირთ-ნაკვეთს” უწოდებს, ბარათაანთ გუჯარში კი “გმირთკვეთილის” სახელით იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი ჩხიკვთის კომპლექსის შესახებ წერს: “არამედ საკუირველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა შენი, რომელი კაცთაგან არა შესაძლებელ არს მისი ქმნა, რომელი ავლია ზღუდედ”. 1905 წელს ძეგლი ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა. მისივე აღწერით მთა სადაც კომპლექსი მდებარეობს ხელოვნურად უნდა იყოს მოსწორებული და სწორედ მოსწორებისას მოიპოვეს საშენად გამოყენებული მასალა. ყველაზე უკეთ გალავნის ნაწილია გადარჩენილი, თუმცა ტყეში, მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიმჩნევა სხვა ნაგებობათა ფრაგმენტებიც. აქვე გვხვდება ქვები, რომლებშიც ღრმულებია ამოკვეთილი. სოფლის ტერიტორიაზე გამოვლენილია დიდი ქვებით შემოზღუდული გზა, ოთხკუთხა და წრიულ ციკლოპურ ნაგებობათა ნაშთები და სამკუთხა კანელურებით შემკული, წინარექრისტიანული ხანის, მრგვალი სვეტის ფრაგმენტი. ვახუშტი პატონიშვილი ჩხიკვთის კომპლექსის შესახებ წერს: “არამედ საკუირველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა შენი, რომელი კაცთაგან არა შესაძლებელ არს მისი ქმნა, რომელი ავლია ზღუდედ”. ისეთი ზომის ლოდების გამოყენება, როგორიც ჩხიკვთაშია, ციკლოპურ ნაგებობებშიც კი იშვიათად გვხვდება. ჩხიკვთის მეგალითური კომპლექსი ერთ-ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ძეგლია ციკლოპურ ნაგებობათა შორის. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში X-XI საუკუნეების სამების ეკლესია დგას. სოფელ ჩხიკვთაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგისა და სიონის ეკლესიები.