აბელიანის სამება (აბელიას სამება)

აბელიანის სამება (აბელიას სამება) ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ აბელიანში მდებარეობს. იგი აგებულია 1250 – 1259 წლებში. ეკლესიის კედელზე არსებულ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულნი არიან “მეფენი ჩუენნი დავით (ნარინი) და დავით (ულუ), დედოფალი თამარ-ხათუნ და ძენი მათი გიორგი..”. ტექსტის ავტორია მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვიდობაიძე, რომელიც ძეგლის მშენებლობის პერიოდს შემდეგნაირად ახასიათებს: “… მას ჟამსა ხელ-ვყავ შენებად, ოდეს თათართა დაეპყრა ესე სამეფო და ყოველნი ქუეყანაი..”. 1580-1653 წლებში სოფელი აბელია სააკაძეების მფლობელობაში იყო, შემდეგ ის როსტომ მეფემ ბარათაშვილ-გერმანოზიშვილებს დაუმტკიცა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში თეიმურაზ I-მა აბელიას მიწების ნაწილი გუდარეხის მონასტერს შესწირა. ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც სწორკუთხედშია ჩაწერილი. აფსიდი სფერული კონქითაა გადახურული. ტაძრის დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. აფსიდის იატაკი დარბაზთან შედარებით ამაღლებულია. ეკლესიას სამი ვიწრო, თაღოვანი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. შესასვლელი ერთია, სამხრეთით, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. არქიტრავი შემკულია რელიეფური ჯვრითა და კიდეებგადაკეცილი თაღით. შესასვლელის ორივე მხარეს მძლავრი ორნამენტირებული კრონშტეინებია დატანებული, რომლებსაც სავარაუდოდ სამხრეთ მინაშენის თაღები ეყრდნობოდა. მინაშენი ამჟამად აღარ არსებობს. სარკმლებს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. სამხრეთის სარკმლის გვერდით 23 სტრიქონიანი წარწერაა, რომელსაც გრეხილი ლილვის ჩარჩო აქვს შემოვლებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე აქცენტს მხოლოდ სარკმლების მორთულობა ქმნის. დასავლეთის სარკმლის თავზე რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. შენობას ერთსაფეხურიანი სწორკუთხა პროფილის ცოკოლი შემოუყვება. ფასადებს წრეთარგის, თაროსა და ლილვისაგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ნაგებობა დოლერატის დიდი ზომის, კარგად დამუშავებული კვადრებითაა მოპირკეთებული. ინტერიერი ახლად შელესილ-მოხატულია. აბელიანის სამებას ემჩნევა გადაკეთება-აღდგენის კვალი. იგი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი პერიოდისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებების მქონე ძეგლი.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *