კლდეისის საყინულე (ხორხების საყინულე)

კლდეისის საყინულე (ხორხების საყინულე, თამარ მეფის საყინულე) ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კლდეისში (ყოფილი ხორხები) მდებარეობს, ბედენის ლავური პლატოს სამხრეთ კიდეზე, მდინარე კლდეისისწყლის აუზში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. იგი ლავაში ტექტონიკური ან გრავიტაციული პროცესების შედეგად წარმოქმნილ ყინულოვან მღვიმეს წარმოადგენს. ამ სოფელს XVII საუკუნის ბოლომდე ხორხები ერქვა, შემდეგ კი მოსახლეობამ პატარა კლდეისი შეარქვა (ამჟამად ნასოფლარია) და დღემდე ეს სახელი დარჩა. საყინულის ტერიტორია ერთი შეხედვით ლოდების გროვას გავს, თუმცა ლავური ღვარის ქვიან ზედაპირში ხვრელები იხსნება. გვხვდება ორი სხვდასხვა ვიწრო შესაძრომი, საიდანაც მღვიმოვანში ვხვდებით. ქვაბულებში წლის ცხელ პერიოდშიც კი ჩალიან გრილა, ისე რომ შესაძლოა შეგცივდეთ კიდეც. მღვიმეების სიღრმეში ყინული ჩნდება, წარსულში მყინვარის კრისტალებს უფრო დიდი რაოდენობით შეხვდებოდით, თუმცა ამჟამადაც ნახავთ მცირე რაოდენობით. ერთ-ერთი მღვიმის სიღრმე 12 მეტრს აღწევს. კლდეისის საყინულე აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს: “ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ; მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდვენ ზაფხულს მეფისათვის”. ხორხების საყინულე გარდა ბუნების ძეგლისა, არქეოლოგიური ობიექტიც არის, რომელსაც ძალიან დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. კლდეისის საყინულისკენ მიმავალ გზაზე ნახავთ საინტერესო კულტურულ ძეგლს – ციკლოპური წყობის მქონე ნამოსახლარს. ახლოს მდებარეობს აგრეთვე დიდი კლდეისის X-XI საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და V-VII საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია.
თუკი ხორხების საყინულის მონახულება გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ გზად ჭინჭრით სავსე მაღალი მინდვრის გავლა მოგიწევთ და აუცილებლად შარვალი ჩაიცვით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *