მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში მდებარეობს. ტაძარი ორ სამშენებლო ფენას მოიცავს, პირველი V საუკუნით თარიღდება, მეორე კი – XI საუკუნით. მანგლისი უძველესი ქრისტიანული კერაა, ისტორიული წყაროების თანახმად, მანგლისის სიონის ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში – IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალმა მანგლისის საეპისკოპოსო დააარსა და თავდაპირველი ეკლესიის ნაცვლად აქ ახალი ტაძარი ააგეს. V საუკუნის ეკლესია რვაწახნაგაში ჩაწერილ მარტივ ტეტრაკონქს წარმოადგენდა. ტაძარში დაცული ყოფილა წმინდა ჯვრის ნაწილები. VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ საქართველოში ილაშქრა, ამის შესახებ ჯუანშერი მოგვითხრობს: “მაშინ ერეკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი, რომელნი მოცემუილ იყვნენ კონსტანტინესგან მირიანისდა”. ამის შემდეგ მანგლისის ტაძარზე ისტორიულ წყაროებში XI საუკუნემდე არავითარი ცნობები არ გვხვდება. XI საუკუნის პირველ მეოთხედში, გიორგი I-ის მეფობის დროს, ნაგებობა საფუძვლიანად გადააკეთეს და გააფართოვეს, აღმოსავლეთის აფსიდი მოშორდა გუმბათქვეშა კვადრატს და გაჩნდა ტრანსეპტი, ასევე ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით მნიაშენეს კარიბჭეები. იმავე პერიოდში მთელი შენობა ახალ პერანგში ჩასვეს და XI საუკუნისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმებით შეამკეს. მანგლისის სიონი დღევანდელი სახით არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ეპოქის მხატვრული შემოქმედების კლასიკურ ნიმუშს. ტაძრის თავდაპირველი მთლიანობა დარღვეულია გადაკეთების შედეგად და მას არ აქვს მხატვრულად შემუშავებული სახე. მიუხედავად ამისა მანგლისის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. ის ტეტრაკონქის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია და საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ამ ხუროთმოძღვრული ტიპის ევოლუციას. ასევე თავისმხრივ ყურადღებას იქცევს XI საუკუნის დახვეწილი ჩუქურთმები, მხატვრული ელემენტების სიმშვიდე და წონასწორობა და ამავე პერიოდის მხატვრობა, რომელიც გუმბათშია შემორჩენილი. ეს ტაძარი ასახავს სხვადასხვა ეპოქის მისწრაფებებს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მანგლისის ტაძარს ისტორიული ხასიათის მრავალი წარწერა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. მანგლისის მოხატულობა შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. 1953 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დავალებით მანგლისის გუმბათში შემორჩენილი ფრესკების ნაწილის პირები გადაიღო მხატვარმა ტ. შევიაკოვამ, პირები ინახება ხელოვნების მუზეუმში.

 

არქიტექტურა

მანგლისის სიონი დიდი, გუმბათიანი ტაძარია. ეკლესია ძალიან არის გადაკეთებული და მისი გეგმა გართულებულია. თავდაპირველად, V საუკუნეში, ტაძარი მრავალწახნაგაში ჩაწერილ მარტივ ტეტრაკონქს წარმოადგენდა. XI საუკუნის გადაკეთების შედეგად კვადრატის ირგვლივ განლაგებულ სამ აფსიდს მოწყვეტილია მეოთხე, საკურთხევლის აფსიდი და მას გუმბათქვეშა კვადრატისაგან ტრანსეპტი ყოფს, რომელიც გარედან ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის წახნაგებს ნაწილობრივ ფარავს. ტრანსეპტი და საკურთხეველი ცენტრიდან აღმოსავლეთით არიან განვითარებული, რის გამოც გარედან, ცენტრალური მრავალწახნაგას აღმოსავლეთით საკმაოდ დიდ შვერილს ქმნიან. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და დასავლეთით, რომელთა წინ XI საუკუნის კარიბჭეებია. ტაძრის ცენტრალური ნაწილი საკმაოდ კარგადაა განათებული. თითო სარკმელი ყველა აფსიდშია მოთავსებული, განათების მთავარ წყაროს გუმბათის ყელში მოთავსებული ექვსი დიდი სარკმელი წარმოადგენს. გუმბათის სარტყელი უშუალოდ აფსიდების კონქის თაღებსა და მათ შორის მოთავსებულ აფრებს ეყრდნობა. ტრანსეპტი და საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. ნაგებობის ყველა წახნაგი დამოუკიდებელი ორკალთიანი სახურავითაა გადახურული და თავისივე ფრონტონით გვირგვინდება. ფრონტონები ერთმანეთს ებმიან, რის შედეგადაც ხერხისებური გადახურვა წარმოიქმნება. ტრანსეპტის ცენტრალური მაღალი ნაწილი და საკურთხეველი გადახურულია დამოუკიდებლად, ორკალთიანი სახურავებით და ცენტრალური ნაწილის გადახურვას ეთიშება. სადიაკვნე და სამკვეთლო ცალფერდა სახურავებით არიან დაბურულნი, ასევეა გადახურლი ტრანსეპტის გვერდითა ფრთებიც, თუმცა ასეთი გადახურვა შიგა სივრცის მიმართულებას არ შეესაბამება. ეს შეუსაბამობები ორი სხვადასხვა პერიოდის მშენებლობის შერწყმით არის გამოწვეული. გუმბათი ტაძრის მთლიანი მასის ცენტრიდან დასავლეთით არის გაწეული, რაც ქართულ ძეგლებზე გუმბათის მოთავსების ტრადიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება. ტაძარი, როგორც გარედან, ისე შიგნიდან კარგად გათლილი ალგეთის რუხი ბაზალტით არის მოპირკეთებული. მანგლისის ტაძარზე ჩუქურთმები მხოლოდ მხოლოდ ამა თუ იმ არქიტექტურული ნაწილის ხაზგასასმელადაა გამოყენებული, მაგალითად, პორტალების, სარკმლების, კარნიზების, ბაზისების და იმპოსტების. ყველა არქიტექტურულ დეტალს თავისი შესაფერისი  ზომის ჩუქურთმა აქვს შერჩეული და სიმშვიდე და წონასწორობა ყველგანაა დაცული. ორნამენტით ყველაზე უფრო მდიდრულად მორთული გუმბათის ყელია. ჩუქურთმით შემკული ოთხი სარკმლის გარდა, მოჩუქურთმებულია თაღედის ბაზისები, იმპოსტები და კარნიზი. გუმბათზე მოთავსებული ორნამენტები გამოირჩევა ღრმა რელიეფით და შესრულების ოსტატობით. ეკლესიის გუმბათში შემორჩენილია მხატვრობის ნაშთი. აქ გვხვდება ვედრებისა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები. მოხატულია ფანჯრის წირთხლებიც. მოხატულობა ძირითადად ექვსი ფერით არის შესრულებული: თეთრი, შავი, მოყვითალო, მწვანე, ცისფერი და მოწითალო. 

მანგლისის ტაძარს არაწესიერი ფორმის, ოთხკუთხა მაღალი გალავანი უვლის გარს. შესასვლელი ორია – აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთით განიერი ჭიშკარია, რომელიც სამრეკლოს თაღის ქვეშ გადის. ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში გალავანში მრგვალი კოშკებია დატანებული. აღმოსავლეთ კედელი გაწყობილია საბრძოლო ბილიკებით და სათოფურებით. გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვით, კირის ხსნარზე. შიგადაშიგ კედლის წყობაში დიდი თლილი კვადრებიც ურევია, აქა-იქ დატანებულია ტაძრის ორნამენტიანი ქვებიც. დღეს არსებული გალავანი არსენ ეპისკოპოსს აუგია 1667 წელს. გალავანში ჩართულია XIX საუკუნის 50-იან წლებში აგებული ორსართულიანი სამრეკლო, რომელსაც კარიბჭის ფუნქციაც აქვს. მეორე სართული ფანჩატურს წარმოადგენს. გალავნის შიგნით განლაგებული ყოფილა სხვადასხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობებიც, რომელთა არსებობის კვალი ჯერაც შეიმჩნევა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *