მირტაშენის (დისველის) ეკლესია

მირტაშენის (დისველის) ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან მდებარეობს, მირტაშენის დაბლობზე. იგი V-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნალისებრი აფსიდით სრულდება. შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია. კამარის საბჯენი თაღები სწორკუთხა პილასტრებს ეყრდნობა, რომლებსაც კაპიტელები ასრულებს. ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნახევრადდამუშავებული ქვით, რაც ცხოველხატულობას სძენს ნაგებობას და მხატვრულ როლს ასრულებს. სარკმლები თაღოვანია. დასავლეთის სარკმლის თავზე მომწვანო ქვაში გამოკვეთილი რელიეფური ჯვარია მოთავსებული, აღმოსავლეთის სარკმელს კი ასეთივე ფერის ქვაში გამოკვეთილი კიდეებგადაკეცილი თაღი ამკობს. შესასვლელია ერთია – სამხრეთიდან. სწორკუთხა შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ჩუქურთმიანი, კიდეებგადაკეცილი თაღია, ფრონტონის არეში კი ჯვარია გამოკვეთილი. ტაძრის აღმოსავლეთით მეორე, იგივე ზომის ნაგებობა დგას. აქვე დაინახავთ მირტაშენის მეორე ეკლესიას კოშკითა და გალავნით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *