საკვირიკეს (კვირიკეწმინდა, კვირიკეთი) სამონასტრო კომპლექსი

საკვირიკეს (კვირიკეწმინდა, კვირიკეთი) სამონასტრო კომპლექსი

საკვირიკეს (კვირიკეწმინდა, კვირიკეთი) სამონასტრო კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ დვირთან, ტყეში, ნასოფლარ საკვირიკეს ტერიტორიაზე. იგი IX საუკუნით თარიღდება. მკვლევართა ნაწილი საკვირიკეს მონასტერს აიგივებს გიორგი მერჩულის თხზულებაში – “გრიგოლ ხანძთელის Read more

გოგიჩაანთ ღელე

გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი

გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, ტყით დაფარული მთის შუაწელზე მდებარეობს. ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და მთის წვერზე სრულდება. გოგიჩაანთ ღელის კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: წინარექრისტიანულსა და ქრისტიანულს. ნამოსახლარის ცენტრალურ მონაკვეთში, წინარექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, ძალიან კარგად შემონახული, ქვის კონუსურ-გუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემოც ქრისტიანულ პერიოდში შუასაუკუნეების ნამოსახლარი განვითარდა. ნამოსახლარის ცენტრალური ნაგებობა მშრალი “ციკლოპური” წყობით ნაგებ მრგვალ სადგომს წარმოადგენს. სადგომი კონუსური გუმბათით სრულდება და ღიობით (საკვამურით) გუმბათის ცენტრში. ინტერიერში, ბაზალტის ტიპის, ფორებიანი ქვის შიდა პირი შეთხელებულია, რაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვების ერთმანეთში მჭიდროდ მორგების საშუალებას იძლევა. მსაგავსი სტრუქტურის ნაგებობები საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, განსაკუთრებით, კი სწორედ ბორჯომის ხეობაში ხშირად გვხვდება, თუმცა ჭობისხევის “დარბაზები” განსაკუთრებული მხატვრულ-კომპოზიციური მნიშვნელობისაა და თავისებური მშენებლობის ტექნიკითა და მასშტაბით გამოირჩევა. კომპლექსის კიდევ ერთი მახასიათიაბელი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას, არის ძველის გამოყენება და მისი ორგანული ჩართვა ახალ სივრცით-კომპოზიციურ სტრუქტურაში. ქრისტიანული პერიოდის ნამოსახლარი შედარებით მცირე ზომის ქვების წყობითაა ნაგები. საცხოვრებელი უჯრედები ერთმანეთის გვერდით განთავსებული, საშუალო ზომის, სწორკუთხა კომპარტიმენტებისგან შედგება. ზოგან ოთახების გამაერთიანებალი ოთხკუთხა წინკარიც შეიმჩნევა. კომპლექსის ცენტრალურ მონაკვეთში ეკლესია იყო აღმართული, რომლისგანაც დღესდღეობით მხოლოდ საკურთხევლის ფრაგმენტია შემორჩენილი. საკურთხეველში ქვაში ამოკვეთილი ჯვარია დაცული. ეკლესია ნაგებია თბილი ტონალობის, მოოხრისფრო ფერის ქვიშაქვის თლილი კვადრებით, კირის ხსნარზე. გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი თავისი მასშტაბებით ცდება ჩვეულებრივი სასოფლო დასახლების ტიპს. დასახლება ტერასულია, რაც დამახასიათებელია თორის ქვეყნისათვის და რელიეფითაა განპირობებული. ტერასები სხვადასხვა სიგანისაა და ხელოვნურადაა შექმნილი. ტერასებზე, განაშენიანებულ ფართობებს შორის ცარიელი არეები გვხვდება, რომელთა ფუნქციაც ჯერჯერობით დაუდგენელია. კომპლექსი საკმაოდ დაზიანდა გასულ საუკუნეში გზის გაჭრისას, ამ დროს რამდენიმე ათეული სახლი განადგურდა. დასახლებას ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მშრალი წყობით ნაგები ძლიერი კედელი შემოსდევდა.
სოფელ ჭობისხევში ასევე მდებარეობს X-XV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

 

 

ჭობისხევის ეკლესია

ჭობისხევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ჭობისხევის ეკლესია

ჭობისხევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV საუკუნეები) ძეგლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ჭობისხევში. ეკლესია ადრე სამნავიანი ან სამეკლესიიანი ბაზილიკა იყო, თუმცა მრავალჯერადი გადაკეთების შედეგად, დღემდე დარბაზული სახით მოაღწია. გვერდითი ნავებიდან მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია ცენტრში გაგანიერებული სარკმელით, აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით მღალია დარბაზის იატაკზე. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაგანიერებული სარკმელია ცენტრში ამოქოლილი, დასავლეთ კედლის ცენტრში შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტავრული კარებია. ფასადები ნაგებია კარგად თლილი სწორკუთხა კვადრებისაგან, ეკლესიას შემოუყვება მასიური კარნიზი. ეკლესია გადახურულია გოფრირებული თუნუქით. ეზოში ალაგია ბუნის ქვა, ემბაზი და სახვა დეტალები.
სოფელ ჭობისხევში ასევე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ძეგლი – გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი.