საკვირიკეს (კვირიკეწმინდა, კვირიკეთი) სამონასტრო კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ დვირთან, ტყეში, ნასოფლარ საკვირიკეს ტერიტორიაზე. იგი IX საუკუნით თარიღდება. მკვლევართა ნაწილი საკვირიკეს მონასტერს აიგივებს გიორგი მერჩულის თხზულებაში – “გრიგოლ ხანძთელის ჩხოვრება” მოხსენიებულ კვირიკეწმინდის მონასტერთან და მის დამაარსებლად გრიგოლ ხანძთელის მოსწავლეს – ქრისტეფორეს მიიჩნევს: “და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშენეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თევდორეს ვანსა ნეძვი, ხოლო ქრისტეფორეჲსსა – კვირიკე-წმიდაჲ, და მოწაფენი დაუტევნეს”. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა აზრი იყოფა და საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. საკვირიკეს მონასტერი მასშტაბური კომპლექსი ყოფილა, ჩანს, რომ იგი მნიშვნელოვანი სასულიერო კერა უნდა ყოფილიყო. ტაძრის გარშემო შემორჩენილია მრავალი ნაგებობის ნაშთი, რომელთა დანიშნულებისა და გეგმარების გასარკვევად საჭიროა არქეოლოგიური სამუშაოები. ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია თავად საკვირიკეს ეკლესიამაც. ნაგებობა აზიდული პროპორციებით ხასიათდება. ტაძარი მოურთველია, მხატვრულ ეფექტს ქვის წყობის ცხოველხატულობა ქმნის. ყურადღებას იქცევს ეკლესიის მოხატულობა, რომლისგანაც მხოლოდ მცირედი ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფრესკები XV ს-ის I ნახევრით თარიღდება. საკვირიკეს (კვირიკეწმინდის, კვირიკეთის) სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.
არქიტექტურა
საკვირიკეს (კვირიკეწმინდის, კვირიკეთის) სამონასტრო კომპლექსი ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის კამარა, კონქისა და სამხრეთის კედლის ნაწილები, დასავლეთის კედელი და სამხრეთის ნავი ჩამოქცეულია. ძალიან დანგრეულია ანსამბლის ყველა შენობა, გათხრებისა და გაწმენდის გარეშე შეუძლებელია კომპლექსის სრული გეგმარების აღდგენა. საკვირიკეს ეკლესია სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს. სამივე ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. გვერდითა ნავები მთავარ დარბაზთან შედარებით მკვეთრად დაბალი და ვიწროა. მთავარი ნავი ჩრდილოეთისას ძლიერ ბურჯებზე გადაყვანილი ორი დიდი, ნახევარწრიული თაღით უკავშირდება, სამხრეთის ნავს კი – ერთი, გარედან სწორკუთხა, შგნიდან – თაღოვანი, კარით. ჩრდილოეთით, თაღებს შორის პილასტრია, რომელიც თაღების საყრდები ბურჯის იმპოსტს ეყრდნობა. სამხრეთის კედელზე ძალიან მოკლე, იმპოსტზე დაყრდნობილი შეკიდული პილასტრია. ამ ორ პილასტრს ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი. ტაძრის მთავარი და სამხრეთის ნავების გამყოფი კედლის გაგრძელებაზე შემორჩენილია ძალიან მაღალი და განიერი, თითქმის გვერდითა ნავების სიმაღლის, თაღი, რომლის ზევითაც კედელი გრძელდება. კედლის ნაშთი შეიმჩნევა ჩრდილოეთის მხარესაც. როგორც ჩანს, ტაძარს დასავლეთით საკმაოდ დიდი ზომის მინაშენი ჰქონია (შესაძლოა კარიბჭე). ეკლესიის აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია, სავარაუდოდ ასეთივე სარკმელი დასავლეთითაც უნდა ყოფილიყო, ჩრდილოეთის ნავს ორი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთითა და დასავლეთით. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, თუმცა ამჟამად მხოლოდ საკურთხევლის აფსიდშია ფრაგმენტი შემორჩენილი და მცირე ნაშთები გვერდითა ნავში. მხატვრობა სამ რეგისტრიანია. კონქში გამოსახული ყოფილა ყოვლისმპყრობელი ქრისტე (ქრისტე პანტოკრატორი) მთავარანგელოზებთან ერთად, ამჟამად შემორჩენილია ქრისტეს ერთი ფეხისა და მისი სავარძლის ნაწილი და ერთი ანგელოზი. შუა რეგისტრში გვხვდება წმინდანთა გამოსახულებები, ხელში გრაგნილებით. თითოეული მათგანის თავთან ასომთავრული წარწერაა წმინდანის სახელით. მესამე რეგისტრში მღვდელმთავართა გამოსახულებებია, მათ თავებთანაც ასომთავრულით დაწერილი სახელებია. ფრაგმენტები შემორჩენილია ჩრდილოეთის ნავშიც. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. თაღებისთვის, ბურჯებისთვის, პილასტრებისა და იმპოსტებისთვის გამოყენებულია სუფთად თლილი ქვა. ეკლესიის გარშემო მრავლადაა სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც გაწმენდას საჭიროებს.
იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒