თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი

თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მდებარეობს. ტაძარი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ვარაუდობენ, რომ აქ უფრო ადრეული ეკლესია უნდა ყოფილიყო, რომელიც 1283 წლის მიწისძვრამ დაანგრია და მისგან შმორჩენილი ნაწილების გამოყენებით აიგო დღევანდელი ტაძარი. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ამჟამად დაწყებულია კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. თისელის ღვთისმშობლის ეკლესიას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მდებარეობა, იგი ხეობის სიღრმეში დგას, შემაღლებულ ადგილას და გარშემო შესანიშნავი ხედები იშლება. თავად ნაგებობა წინა პერიოდის ძეგლებს ჩამორჩება დახვეწილობითა და შესრულების ხარისხით, რაც დამახასიათებელია განვითარებული შუა საუკუნეების მიწურულისთვის. მიუხედავად აღნიშნულისა, თისელის ეკლესიის მხატვრულ გადაწყვეტაში იგრძნობა ინდივიდუალიზმი, ჩანს მორთულობის ისეთი თავისებურებები, როგორიც სხვაგან არ გვხვდება, ეს კი მას თავისი პერიოდის ერთ-ერთ უნიკალურ და გამორჩეულ ნიმუშად აქცევს. ნაგებობა დამჯდარი პროპორციებით ხასიათდება, არ არის აზიდული და მსუბუქი, თუმცა ინტერიერში განიერი სივრცე სასიამოვნო სიხალვათეს ქმნის. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რელიეფებით შემკული სვეტი, რომელიც ნანგრევებშია მოქცეული და ეკლესიის კარიბჭის ვარსკვლავისებური კამარა, რომელიც ასევე ჩამოვარდნილია. ვარსკვლავისებური კამარა მრავლად გვხვდება და თისელის კამარა მათ გაუხეშებულ ინტერპრეტაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ მოურთველობა და მასშტაბის აღქმის გაძლიერება (რაც ჩანს შემორჩენილ ფრაგმენტებსა და ადრეულ აღწერილობაში) მას ერთგვარ საინტერესოობას სძენს. ინტერიერში შმორჩენილია ძლიერად დაზიანებული მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც არაუადრეს XIV საუკუნისა უნდა იყოს. ძალიან საინტერესოა მონასტრის სხვა (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნაგებობები და კომპლექსის მთლიანობა, რომელსაც ტაძარი აგვირგვინებს. საერთო ჯამში თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომლექსი განვითარებული შუასაუკუნეების ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია.

 

ძეგლის აღწერა

თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის ეკლესიას, საცხოვრებელ ნაგებობაბებს, მარანს და სხვადასხვა დანიშნულების სათავსებს. კომპლექსი საკმაოდ მასშტაბურია. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშნითა და კარიბჭით. იგი ზედ კლდის პირას დგას,ორსაფეხურიან ცოკოლზე. კარიბჭე საგანგებოდ ნაგებ ბაქანზეა დაშენებული. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ცოტათი შბრტყელებული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. გრძივი კედლები დანაწევრებულია სუსტად შვერილი წყვილი პილასტრით, რომლებსაც კამარის საბჯენი ნახევარწრიული თაღი ეყრდნობა. ჩრდილოეთის პილასტრზე, იატაკთან ახლოს, ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ყველა კედელში თითო თაღოვანი სარკმელია გარილი, რომლებსაც კვერცხისებრი მოყვანილობა აქვთ და ინტერიერისკენ ფართოვდებიან. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო საკმაოდ ღრმა ნიშია. საკურთხეველსა და ყველა კედელს საფეხური შემოუყვება. ეკლესიას სამხრეთით, მთავარ დარბაზთან შედარებით უფრო მოკლე, აფსიდალური ეკვდერი აქვს მიშენებული. ეკვდერის იატაკის ქვეშ ქვით ამოშენებული საძვალეა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის სარკმელი კედლის ცენტრალური ნაწილის ნაცვლად დასავლეთ კუთხეშია გაჭრილი, ეს ტაძრისა და ეკვდერის თანადროულობაზე მოგვანიშნებს, რადგან სარკმელი ეკვდერის მდებარეობის ანგარიშგაწევითაა გაკეთებული. ტაძრის დასავლეთით კვადრატული გეგმის მქონე კარიბჭეა, რომელიც ვარსკვლავისებური კამარით იყო გადახურული. გადახურვა ამჟამად ჩამონგრეულია და ფრაგმენტებია შემორჩენილი. კარიბჭე სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. კვადრატიდან ვარსკვლავისებური კამარის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდება. კარიბჭის იატაკის ქვეშ სათავსია, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად სრულიად მიწითაა ამოვსებული. ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით ტაძრის მთავარი სამკაული სწორედ შესასვლელის თავზე მოთავსებული რელიეფი იყო, რომელზეც გამოსახული ყოფილა ჯვარი და ხელგაწვდილი მამაკაცი ხელში რაღაც ნივთით. ეს რელიეფი დღესდღეობით დაკარგულია, ასევე აღარ არსებობს შსასვლელის საპირე ქვები და მხოლოდ თაღოვანი, გვერდებგამონგრეული ღიობია დარჩენილი. საპერანგე ქვები ფაქტობრივად მთლიანად შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელზე, მცირედი – სამხრეთისაზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებისა და კარიბჭის პერანგი თითქმის სრულიად მორღვეულია. სარკმლებს სწორკუთხა, გარედან წყვილი გლუბი ლილვით, შიგნიდან კი ცალი ლილვით მოჩარჩოებული საპირეები ჰქონია. კარიბჭის კამარას ცენტრში წაგრძელებული ფორმის, გრეხილით შემკული კოპი აქვს. ამ კოპიდან რვა ლილვი გამოდის, რომელთა შორის დარჩენილ სამკუთხა არეებს თლილი ქვა ავსებს. ნანგრევებში კიდევ ერთი ამგვარი გრეხილი კოპის ნამტვრევი ჩანს სხვა დეკორატიულ დეტალებთან ერთად, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჯვრებითა და გეომეტრიული ორნამენტებით შემკული სვეტი. ფასადებს გრეხილი ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი შემოუყვებოდა, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ მხარესაა შემორჩენილი, ლავგარდნის ფრაგმენტები გვხვდება ნანგრევებში. ტაძრის მოპირკეთებაში მხატვრული ეფექტისთვის მორუხო ქვასთან ერთად გამოყენებულია მოწითალო ქვაც. ინტერირში შემორჩენილია  მოხატულობის გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობა ფრაგმენტული სახით. საკურთხეველში მოხატულობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი, კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით მთავარანგელოზებთან ერთად, მეორე რეგისტრში მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში კი – წმ. მამები. დარბაზის კამარის ცენტრალურ ნაწილებში ქრისტეს ამაღლებისა და ქრისტე პანტოკრატორის გამოსახულებებია მოთავსებული. დარბაზში შემორჩენილია ასევე სახარებისეული სცენები და წმინდანთა გამოსახულებები. მოხატულობა კლასიკურ ხაზს მიეკუთვნება და ამ პერიოდის კლასიკური მიმართულების ნიმუშების მსგავსად, ბიზანტიური ხელოვნების გავლენას განიცდის. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *