თავკავთის კომპლექსი

თავკავთის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან დაახლოებით 7-8 კმ-ის დაშორებით, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლის გამყოფი ქედის კლდოვან კონცხზე. კომპლექსი მოიცავს: ციხე-გალავანს, წმ. გიორგის ეკლესიასა და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. თავკავთის კომპლექსში მისვლა ორი გზითაა შესაძლებელი, სამხრეთიდან – დიდგორი-მანგლისის გზიდან და ჩრდილოეთიდან, სოფელ პარატისიდან კავთურის ხეობის გავლით. როგორც ჩანს, კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი დასახლება ყოფილა და კავთურის ხეობა ერთ-ერთი გზა გამტარიც იქნებოდა. კავთურის ხეობაში, კომპლექსთან მისვლამდე გვხვდება შუა საუკუნეების ხიდის ბურჯები. ანსამბლის ნაგებობათაგან ყველაზე ადრეული ციხე-სიმაგრეა, წმ. გიორგის ეკლესია კი მოგვიანებით აუგიათ. ციხე-გალავანს თითქმის მთელი კონცხი უჭირავს, იგი კლდის რელიეფს მიჰყვება და უსწორმასწორო გეგმარება აქვს, წაგრძელებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. ციხე ნაგებია სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვიშაქვით, წყობაში ასევე გამოყენებულია ნატეხი ქვიშაქვა და აგური. გალავნის კედლები გამაგრებულია ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილით დაშორებული ნახევარწრიული კონტრფორსებით. გალავნის ზოგიერთი ნაწილი ზღუდის გარეთ გადის, რაც კოშკისმაგვარ გამონაშვერებს ქმნის. ციხე-გალავნის შიდა ტერიტორია სხვადასხვა დონეზე მდებარე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხეს შესასვლელი გალავნის გარეთ მდგარი ეკლესიის ეზოდან აქვს. შუა ეზოში ჭაა. ციხის ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობების კვალი.

თავკავთის წმ. გიორგის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. იგი საგანგებოდ შექმნილ, კონტრფორსებით გამაგრებულ ბაქანზე დგას. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით და სამხრეთის მინაშენით. ტაძარი მოგვიანებით, XIV-XV საუკუნეებში, შეუკეთებიათ და თავდაპირველი სახე ძალიან შეცვლილია: დადაბლებულია შიდა სივრცე, აგურის წყობითაა განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი, კამარა, საბჯენი თაღები და კონქი. თავდაპირველი, სუფთად თლილი ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, კედლებიდან შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის კედელი სარკმლების თაღის ქუსლამდე, დასავლეთის კედელი 3 მეტრის სიმაღლეზე, ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი და აღმოსავლეთ კედლის ქვედა რამდენიმე რიგი. ეკლესია ოთხი სარკმლით ნათდება, რომელთაგან თითო აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი, ორი კი – სამხრეთის კედელში. საკურთხეველი ძირითად დარბაზთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული და გამოყოფილია XIV-XV საუკუნეების კანკელით. კამარა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. თაღები და კამარა შეისრული ფორმით აღუდგენიათ, თავდაპირველად კი ცილინდრული ფორმის უნდა ყოფილიყო. საკურთხევლის სამხრეთ მხარეს სწორკუთხა შესასვლელია, რომელიც სათავსს უკავშირდებოდა. სამხრეთის მინაშენისგან მცირე ნაშთებია შემორჩენილი, მის დასავლეთ ნაწილს სავარაუდოდ კარიბჭის ფუნქცია ჰქონდა. მინაშენის ჩრდილოეთ კედელზე, ეკლესიის შესასვლელის ორივე მხარეს, თითო თაღია. შესასვლელსა და თაღებს შორის პილასტრებია იმპოსტებით, რომელსაც მინაშენის კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. ეკლესიის შესასვლელი არქიტრავულია და გარედანაც და შიგნიდანაც თაღშია მოქცეული. ექსტერიერის მხრიდან იგი დეკორირებულია მოჩუქურთმებულ ბაზისებზე დაყრდნობილ, ლილვოვან პილასტრებზე გადაყვანილი ლილვოვანი თაღით. თუკი მცირედი ნაშთებით ვიმსჯელებთ, მსგავსი სტილისტური მოტივის თაღედით უნდა ყოფილიყო შემკული მინაშენის სამხრეთ ფასადი (მინაშენის შესასვლელთან და შესასვლელის გასწვრივ შემორჩენილია პილასტრების ნაშთები). სამხრეთის სარკმლების ქვედა ნაწილში გვხვდება დეკორატიული მოჩარჩოების ნაშთები. აღმოსავლეთ ფასადი ორი ნაწილისგან შედგება. თავდაპირველი სახით შემორჩენილია ქვედა ნაწილი, რომელიც სამშენებლო ბაქნის საყრდენ კედელს წარმოადგენს. ამავე ფასადის ცენტრალურ ღერძზე აგურის წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია. ფასადები სადა, წრეთარგის მოხაზულობის ლავგარდნით სრულდება. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია XIV-XV საუკუნეების მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. აფსიდში გაირჩევა წმინდანთა, ეკლესიის მამათა და მთავარანგელოზთა გამოსახულებები. თავკავთის კომპლექსზე ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *