მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენის: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობაა XII საუკუნის მაღალაანთ ეკლესია (ბეთლემის ღვთისმშობელი), რომელიც ყურადღებას იქცევს ჰარმონიული, მსუბუქი პროპორციებითა და საოცრად დახვეწილი, მაღალი ოსტატობით შესრულებული უხვი მორთულობით. ძალიან საინტერესო და თვითმყოფადია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების სამთაღედიანი კომპოზიციები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხუროთმოძღვრებაში არცთუ ხშირად გვხვდება ლავგარდნის ქვეშ გაყოლებული ორნამენტული ფრიზები და დეკორატიული ჩარჩოთი ხაზგასმული ფრონტონის არე, რაც ასევე ავტორის შემოქმედებით თავისუფლებაზე მეტყველებს. მაღალაანთ ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ძალიან დაზიანებული ორი ფენა, დახვეწილობითა და ოსტატური შესრულებით გამოირჩევა ტაძრის თანადროული მოხატულობა. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი გვიან შუასაუკუნეებში დაწინაურებულ ფეოდალებს მაღალაძეებს (მაღალაშვილებს) ეკუთვნოდათ, მაღალაძეების გვარს უკავშირდება ძეგლის სახელწოდებაც. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან, სამღვდელო წინამძღვრებთან და აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაღალაძეები განსაკუთრებით გაძლიერდნენ XVII საუკუნის II ნახევარში. სწორედ ამ დროსაა აგებული მაღალაანთ ეკლესიის გარშემო ნაგებობები, გალავანი, კოშკები და ა.შ. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის თანახმად ნიკოლოზ მაღალაძემ 1677 წელს მაღალაანთ ეკლესია შეაკეთებინა, მოახატვინა და შიგ კანკელი დაადგმევინა. XVIII საუკუნის მე-II ნახევარში მაღალაძეები წინარეხში უკვე აღარ ცხოვრობენ. მაღალაანთ ეკლესია, თავისი მხატვრული ღირებულებით, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და საყურადღებო ნიმუშია.

 

არქიტექტურა

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები გალავნის გარეთ. კომპლექსის მთავარი და ყველაზე ადრეული ძეგლია მაღალაანთ ეკლესია (ბეთლემის ღვთისმშობელი). იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვდერი გასდევს. დარბაზიცა და ეკვდერიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. თაღებიცა და კამარაც შეისრული ფორმისაა (სავარაუდოდ თავიდან ნახევარწრიული უნდა ყოფილიყო, შეისრული ფორმით კი XVII საუკუნეში აღადგინეს). საკურთხეველს დარბაზისგან გვიანი პერიოდის კანკელი ყოფს. ტაძარს 4 თაღოვანი სარკმელი აქვს, 1 – აღმოსავლეთით, 1 – დასავლეთით, ორი კი – სამხრეთით. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის არეში კიდევ ერთი პატარა, მრგვალი სარკმელია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, იგი არქიტრავულია და ორივე მხრიდან ნახევარწრიულ თაღშია მოქცეული. ეკვდერი ნახევარწრიულ თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარითაა გადახურული. მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილი სამლოცველოა. ეკვდერი კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს, მისი შესასვლელის ნაწილი ამაღლებულია და ფრონტონიანი. შესასვლელი თაღოვანია. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენა: პირველი ეკლესიის თანადროულია, მეორე კი – XVII საუკუნით თარიღდება. პირველი ფენის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში, დარბაზის კედლებსა და ეკვდერის ჩრდილოეთ კედლებზე. ამ ფენას ახასიათებს მოქნილობა, სახის დახვეწილი ნაკვთები, სამოსის ცალკეული ნაწილების მაღალი ოსტატობით გადმოცემა და ნათელი კოლორიტი – მომწვანო-ფირუზისფერი, ცისფერი, წითელი და ოქრო. მოხატულობის მეორე ფენა შემორჩენილია კანკელზე, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, ეკვდერისა და დარბაზის შესასვლელის თავზე და დარბაზში შესასვლელის წირთხლებზე. კანკელზე გვხვდება ნიკოლოზ მაღალაძის დედის, ელენეს გამოსახულება. ნახატს ახლავს ბერძნული წარწერა, რომლის თანახმად მოხატულობის ეს ფენა შესრულებულია ელენეს გარდაცვალების (1681 წ.) შემდეგ. წარწერაში იხსენიება მხატვარი აპოსტოლე. მოხატულობის მეორე ფენა მუქი კოლორიტით ხასიათდება, უმთავრესად გამოყენებულია ლურჯი, მონაცრისფრო-ცისფერი, მოწითალო ყავისფერი, მღვრიე ნაცრისფერი. პირველი ფენის გამოსახულებები მასშტაბურია, გვიანდელი მოხატულობა კი თითქოს მინიატურებისგან შედგება. XVII საუკუნის ფრესკებში განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ჯოჯოხეთის სცენები. ტაძრის ფასადები უხვადაა დეკორირებული. დეკორატიული მიზნით მოყვითალო ქვიშაქვასთან ერთად ფირუზისფერი ქვაცაა გამოყენებული. აღმოსავლეთ ფასადის შუა არეში შედარებით დაბალი დეკორატიული სამთაღედია, მის ზემოთ კი ორნამენტით მორთული ჰორიზონტალური ფრიზია, რომელიც ფრონტონის არეს გამოყოფს. შუა თაღში განიერი ორნამენტიანი საპირით მოჩარჩოებული სარკმელია. კეხქვეშ ლენტოვანი წნულითა და ოთხი დიდი ფოთლით მორთული მრგვალი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე დეკორატიული სამთაღედი მაღალია და ფრონტონის არეშია შეჭრილი. სარკმლის ზემოთ დარჩენილ არეს ორნამენტული განედლებული ჯვარი და ფრინველების კომპოზიცია ავსებს. ეკლესიის ყველა სარკმელი ფართე ჩუქურთმიანი ჩარჩოთია შემკული. კარიბჭის შესასვლელი სამთაღედითაა აქცენტირებული, შუა თაღი განსაკუთრებით ფართე და მაღალია. პორტალს ჩუქურთმიანი საპირე ევლება. კარიბჭის ფრონტონში მაღალი რელიეფური ჯვარია გამოსახული. დეკორირებულია თაღების საყრდენი ლილვოვანი პილასტრები და იმპოსტები. ფასადებს მრავალფეროვანი დეკორატიული მოტივით შემკული ლავგარდანი და ფრიზი შემოუყვება. მაღალაანთ ეკლესია ერთ-ერთი მაღალმხატვრული და თვითმყოფადი ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

გალავნის შიგნით დგას პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე. იგი ადრე სამრეკლო იყო, პაპუა მაღალაძემ კი საძვალედ გადააკეთა. ნაგებობა ორსართულიანია და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. ორივე სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. თავდაპირველად ორივე სართული ყოველ მხარეს ღია ყოფილა, პაპუა მაღალაძემ ყველა მალი ამოაშენებინა. ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ. მოხატულობა მიეკუთვნება XVII II ნახევარს. პირველ სართულზე შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. ფრესკები ხასიათდება შესრულების მანერის სიმშრალითა და მუქი, მღვრიე კოლორიტით. 

პაპუა მაღალაძის კოშკის სამხრეთ-დასავლეთით აფთიაქი დგას. იგი ნაგებია ნატეხი ქვით. ინტერიერში კედლები დაყოფილია პატარ-პატარა თახჩებად. გალავნის შიგნით შემორჩენილია ასევე სწორკუთხა აუზი გარედან შეყვენილი წყლის მილით.

გალავანში ჩართულია სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, რომელიც გალავანში შესასვლელ კარიბჭესაც წარმოადგენს. სამხრეთის ფასადის ვრცელი სამშენებლო წარწერის თანახმად იგი აგებულია 1716 წელს ნიკოლოზის ძმის, რევაზ სახლთუხუცესის შვილის, სოლომონის მიერ. კოშკისებრი სამსართულიანი სამრეკლო ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველი სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართე, შეისრული მოყვანილობის თაღებითაა გახსნილი, მეორეზე ერთი ოთახია, მესამე სართულიდან შემორჩენილია მხოლოდ წრიული საფუძველი.

ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი) მთელ კომპლექსს გადმოჰყურებს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი სამშენებლო წარწერის მიხედვით იგი პაპუა მაღალაძეს აუგია 1679 წელს. იგი ნატეხი ქვითა და აგურით ნაშენ ოთხსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. კოშკს მეხუთე გადაუხურავი სართულიც ჰქონია. მთავარი ფასადი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა მიმართული და შესასვლელიც ამ მხარესაა, მიწის დონეზე. ყოველ სართულზე რამდენიმე ხვრელი-სათოფურია, პირველ, მეორე და მეოთხე სართულებზე გვხვდება ბუხრები. კოშკი დაგვირგვინებულია სალოდეებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე წმინდა გიორგის რელიეფია, რომელიც გველეშაპს თრგუნავს. სამხრეთ-დასავლეთით მეორე რელიეფია: ვეფხვი ნადირობს დიდრქებიან ირემზე.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *