თეჯისის წმინდა გიორგის ეკლესია

თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია

თეჯისის წმინდა გიორგის ეკლესია

თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარეობს. ტაძარს შემოვლებული აქვს მეგალითური გალავანი, რომელსაც ჰქონდა ქვის მონოლითით გადახურული შესასვლელი, თუმცა ამჟამად ჩამოშლილია. მეგალითი უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობაა (დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები), რომელიც გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში. სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობაშიც გამოყენებულია მეგალითური ნაგებობის ქვები. ტაძარი გეგმაში მართკუთხა დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდში ორი ნიშია. საკურთხეველში დევს ტრაპეზის ქვა. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმლები. ეკლესია სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებულია როგორც წმ. გიორგის, წმ. დემეტრეს და წმ. ნიკოლოზის სახელობის. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ავირჩიეთ ის ვარიანტი, რომლითაც გუგლის რუკაზეა არნიშნული.
თეჯისში, გარდა თეჯისის წმ. გიორგის ეკლესიისა, სოფლის თავზე არის მეორე ეკლესიაც, აია კონსტანტინი (წმ. კონსტანტინე) რომელსაც ასევე მეგალითური გალავანი აქვს, ეკლესიაში მოქცეულია თეჯისის მენჰირი, ტაძრის მიმდებარედ შეინიშნება წრიული ციკლოპური ნაგებობების ნაშთები.

 

როგორ მივიდეთ

სოფელ თეჯისში მოსახვედრად წალკის გზიდან სოფელი ბარეთისკენ უნდა გადაუხვიოთ, გზად ბარეთის ტბის ხედითაც დატკბებით. თეჯისამდე მიდის სამანქანე გრუნტის გზა, თუმცა ბოლო მონაკვეთზე ძალიან ცუდი გზაა და თუ შესაბამისი მანქანით არ ხართ წასული სჯობს ის სოფლის თავზე დატოვოთ და ფეხით განაგრძოთ. ფეხით გასავლელი დაახლოებით 500 მეტრი გექნებათ, თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია სოფლის შესასვლელშივეა. წალკის გზიდან სოფელ თეჯისამდე 11 კმ-ა.

 

 

თეჯისის აია კონსტანტინი

თეჯისის აია კონსტანტინი

თეჯისის აია კონსტანტინი

თეჯისის (ჩოლაყის) აია კონსტანტინი (წმ. კონსტანტინე) ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში, პატარა მთაზე მდებარეობს. იგი შუასაუკუნეების ეკლესიაა, რომელსაც მეგალითური გალავანი აქვს. მეგალითი უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობაა (დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები), რომელიც გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში. გალავანს ორი შესასვლელი აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით, რომლებიც ქვის მონოლითებითაა გადახურული. ტაძარი 3,8 მეტრის სიმაღლის მენჰირის (მეგალითური ნაგებობების ყველაზე მარტივი ტიპი – ვერტიკალურად მდგარი ლოდი) გარშემო შემოუშენებიათ. მშენებლობაში გამოყენებულია ქრისტიანობამდელი ციკლოპური ნაგებობის ქვები. ამ პატარა სივრცეში დატყვევებული დიდებული თეჯისის მენჰირი საოცრად შთამბეჭდავია. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კრომლეხის (მეგალითური ნაგებობების ერთ-ერთი ტიპი – წრიულად ან კვადრატულად განლაგებული ქვის ფილები) მცირე ნაშთი, რომელიც მენჰირს ჰქონია შემოვლებული. თეჯისის აია კონსტანტინის მიმდებარე ტერიტორიაზე წრიული ფორმის მეგალითური ნაგებობების ნაშთები ჩანს. თავად ეკლესია გეგმაში მართკუთხა დარბაზული ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდით ბოლოვდება, სადაც ორი ნიშია. იგი აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით.  შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებში გაჭრილია სარკმლები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან გაუკეთებიათ მინაშენი, რომლისაც მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ძალიან საინტერესოა ზუსტად რას წარმოადგენდა ოდესღაც ეს მასშტაბური კომპლექსი და როგორ გამოიყურებოდა ის სრულყოფილი სახით, თუმცა ეს ყოველივე ჯერჯერობით ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება.
სოფელში ასევე არსებობს წმ. გიორგის ეკლესიაც, რომელსაც აია კონსტანტინის მსგავსად მეგალითური გალავანი აქვს შემოვლებული.

 

როგორ მივიდეთ

სოფელ თეჯისში მოსახვედრად წალკის გზიდან სოფელი ბარეთისკენ უნდა გადაუხვიოთ, გზად ბარეთის ტბის ხედითაც დატკბებით. თეჯისამდე მიდის სამანქანე გრუნტის გზა, თუმცა ბოლო მონაკვეთზე ძალიან ცუდი გზაა და თუ შესაბამისი მანქანით არ ხართ წასული სჯობს ის სოფლის თავზე დატოვოთ და ფეხით განაგრძოთ. ფეხით გასავლელი დაახლოებით ერთი აღმართი გექნებათ, დაახლოებით 500მ. თეჯისის აია კონსტანტინი სოფლის თავზე, ტყის მიღმა დგას. წალკის გზიდან სოფელ თეჯისამდე 11 კმ-ა.

 

 

აბულის ციკლოპური ციხე

აბულის ციკლოპური ციხე

აბულის ციკლოპური ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მთა პატარა აბულზე, ზღვის დონიდან 2670 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულების, მშრალად, ციკლოპური წყობით ნაგები ციხეა და ძალიან წააგავს შაორის სიმაგრეს – ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.

 

არქიტექტურა

აბულის ციკლოპური ციხე გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი — ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2 მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები. პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმაგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.

 

წყარო: wikipedia 

 

ჭიქიანის მენჰირი

ჭიქიანის მენჰირი

ჭიქიანის მენჰირი ძვ.წ. II-I ათასწლეულების მეგალითია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელი ნარდევანიდან ფარავნისაკენ მიმავალი სამაქანო გზისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინისგზის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2168 მეტრზე, ჭიქიანის მთასთან. მენჰირი დამზადებულია ბაზალტის მონოლოთისაგან. წვერზე გაკეთებული აქვს ღრმული. მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია. მონოლითის ძირი წახნაგოვანია, თუმცა ეს ნაწილი მიწაშია მოქცეული და მხოლოდ ფოტოში შეგვიძლია ნახვა. მენჰირს დიდი ვარაუდით ჰქონდა საკულტო დანიშნულება (ნაყოფიერების კულტი). მის მიმდებარე ტერიტორიებზე არის ყორღანები და ნამოსახლარები. იქვეა თავფარავნის ობსიდიანის საბადოც და მწვანე მინდორში მიმოფანტული მოელვარე შავი ქვები ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის.

ფოტო-კოლაჟისთვის გამოყენებული ფოტოების წყარო: memkvidreoba.gov.ge