ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ)

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია
previous arrow
next arrow
Slider

 

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) X საუკუნის ძეგლია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. იგი გამორჩეული, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი ძეგლია მაღალმხატვრული და ისტორიული მნიშვნელობით, რასაც მისი არქიტექტურა და ფრესკული მხატვრობა განაპირობებს. ტაძრის ეზოდან სვანური კოშკების, მულახის თემისა და უშბას შესანიშნავი ხედი იშლება. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი შირიმის ქვით. იგი რთული ფორმის არქიტექტურული ძეგლია, რომლის საერთო მოცულობაში დომინირებს დარბაზის ნაწილი, რომელიც თავისი სიმაღლით მკვეთრად განსხვავდება შვერილი სამწახნაგა საკურთხევლისაგან და სამხრეთ-დასავლეთის მინაშენებისაგან. გამოირჩევა ძირითადი ეკლესიის დახვეწილი, გრძივი ღერძისადმი სიმეტრიული ნაწილი და მინაშენის შედარებით ტლანქი ფორმები. ეკლესიის ინტერიერი დარბაზისა და საკურთხევლისაგან შედგება, რომლებიც ქვის კანკელითაა გამიჯნული. კანკელი ოთხი მრგვალი სვეტისაგან შედგება, განაპირა სვეტებსა და საკურთხევლის მხრებს შორის არქიტრავული გასასვლელებია, ხოლო ცენტრალური გასასვლელი და მისი მიმდებარე ღიობები თაღოვანია. საკურთხევლის მხრები და კონქის თაღი ორსაფეხურიანია, ცენტრში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდებში სამი თაღოვანი ნიშა – ორი ჩრდილოეთით, ერთი კი სამხრეთით. დგას სწორკუთხა ტრაპეზის ქვა. იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზი ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი კამარის გასამაგრებელი თაღით ორ ნაწილად არის გაყოფილი. პილასტრების პირველი საფეხურებიდან გრძივ კედლებში თაღები გადადის _ აღმოსავლეთისა იმპოსტებს ეყრდნობა, დასავლეთისა კი კუთხის პილასტრების პირველ საფეხურებს. თაროს ფორმის პილასტრთაგან ზოგიერთს ქვედა ნაწილები ცერად აქვს დაქანებული. ფრესკები გაჭვარტლულია. იატაკი მიწისაა. განათების წყაროს ორი სამხრეთისა და ერთი დასავლეთის თაღოვანი სარკმელი წარმოადგენს. კარი ორია, ერთი დასავლეთ კედელში, მეორე კი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, ორთავე შიგნიდანაა თაღოვანი. მესამე კარი ჩრდილოეთ კედელში ყოფილა, საკურთხეველთან ახლოს, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის გამჭვარტლული ინტერიერი ფრესკული მხატვრობის ორ ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს, როგორიცაა მე-10 საუკუნის საკურთხევლის მოხატულობა (მაცხოვრის თეოფანიური დიდების სცენით) და დარბაზის მე-16-17 საუკუნების მხატვრობა. სამხრეთი მინაშენი თავიდან გრძელ ტალანს წარმოადგენდა, რომლის ცილინდრული კამარა სამი თაღით იყო გამაგრებული. თაღები სამხრეთ კედელში ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობოდა. ჩრდილოეთით კამარა გრძივად გადასულ თაღებს ეყრდნობოდა. ამჟამად სამხრეთ კედელი გადაწყობილია; კამარა კი ორქანობა ჭერადაა გადაკეთებული. ამასთანავე ტალანი გაუტიხრავთ და ორ ნაწილად გაუყვიათ. აღმოსავლეთი ნაწილი პირდაპირ დარბაზს უკავშირდება, ხოლო დასავლეთისა დაკავშირებული ეკლესიის დასავლეთ მინაშენთან, რომლის გრძივი ღერძი ეკლესიის განივი ღერძის პარალელურია. კამარა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზეა დაყრდნობილი. დასავლეთ კედელში თაღოვანი შემოსასვლელია. კიდევ ერთი შესასვლელი ყოფილა ჩრდილოეთ კედელში, რომელიც ამოშენებულია. შენობის ექსტერიერი ძირითადად სადა და დახვეწილია. ერთგვარად დატვირთულია დასავლეთი მინაშენის ფასადი, რომლის მხატვრული სახე დიდ სიბრტყეთა სხვადასხვა დონეებად წარმოგვიდგება. პირველ დონეს ფრონტონის სიბრტყე წარმოადგენს, რომელიც კუთხეებში ორი ფართო, შეკიდული პილასტრის სახით ეშვება ქვემოთ. პილასტრებს შორის სამი თაღი გადადის, რომელთაგან შუათანა, კარის ზემოთ მდებარე, უფრო განიერი და მაღალია. შემდეგია კარის საპირე განიერი, სწორკუთხა სიბრტყე. სწორედ სვანური კოშკების გვირგვინთა შემამკობელი სამთაღედის კომპოზიციური სქემა უდევს საფუძვლად მაცხოვრის ტაძრის დასავლეთ სტოას მხატვრულ გადაწყვეტას. ეს უკანასკნელი გარემოება საერო-თავდაცვითი და რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა ერთიან მხატვრულ კონტექსტზე მიანიშნებს, რაც არის კიდეც რეგიონალური ხუროთმოძღვრების ორგანულობის მახასიათებელი. აღნიშნულ ფასადზე, კარნიზის ქვემოთ საფასადო ფილებიდან ორზე ხელის მტევნის სკულპტურული ანაბეჭდია დასმული. მაცხოვრის ეკლესიის საფასადო კედლები, სტოასა და სამხრეთ ეგვტერის ჩათვლით, დაბალ ცოკოლზეა აღმართული და სრულდება ერთ რიგად დალაგებული ქვით ნაშენი სადა, უსამკაულო კარნიზით. ეკლესიის საბურავი განახლებულია და გადახურულია თუნუქით. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს სამრეკლოა აღმართული. გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ნატეხი ქვით ნაგები და ღია ფანჩატურით წარმოდგენილი სამრეკლო განახლებულია, რაც ავთენტურ დანაკარგებთან უნდა იყოს კავშირში: სრულად შელესილი და თეთრად შეღებილია სამრეკლოს კედლები, ამაღლებული ჩანს ოთხფერდა საბურავი, აღარ არსებობს თაღებს შორის გადებული ხის ტიხრები.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.