ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი ანტიკური ხანის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე. ნაქალაქარი ძვ.წ. II – ახ.წ. VIII საუკუნეებით თარიღდება. იგი ქალაქ ძალისასთან იდენტიფიცირდება, რომელსაც II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს. ქალაქმა განვითარების უმაღლეს დონეს ახ.წ. I-III საუკუნეებში მიაღწია, IV საუკუნეში აქ ცხოვრება შეწყდა. VI-VII ძალისა კვლავ განახლდა, თუმცა VIII 30-იან წლებში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს, ქალაქი საბოლოოდ განადგურდა. ნაქალაქარი რამდენიმე ძეგლს მოიცავს: ტაძარი, სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა, საცურაო აუზი და საზოგადოებრივი აბანო. ნაქალაქარის ნაგებობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონუმენტური სასახლეები. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მრავალდარბაზიანი რთული არქიტექტურული კომპლექსია, დაახლოებით 2500 კვ.მ. უჭირავს და იგი უდიდესია საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილ ანტიკური ხანის სასახლის ტიპის ნაგებობათა შორის. ამ მასშტაბურ ნაგებობას რომაული გეგმარების შადრევნიანი შიდა ეზო – ატრიუმი ამშვენებდა. იბერიის სამეფოს საქალაქო ცხოვრების დაწინაურების თვალსაჩინო მაგალითია ძალისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი იატაკის მაღალმხატვრული მოზაიკები. მსგავსი მოზაიკები საქართველოში ახ. წ. II – VI საუკუნეებში მხოლოდ ბიჭვინთის ბაზილიკასა და სოფელ შუხუთის რომაული აბანოში დასტურდება.

 

არქიტექტურა

ძალისის ნაქალაქარზე ტაძარ-სასახლისა და აბანოს კომპლექსები გაითხარა. აბანოები ნაგებია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა კი – ალიზის აგურით. ყველა ნაგებობა კრამიტით ყოფილა გადახურული. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგჯერ კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი კერამიკული მასალა, მინის სარკმლებისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა.შ. ნაქალაქარზე მოპოვებული მასალა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაკისის ექსპედიციის ბაზაზე ინახება.

ტაძარი გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა და დარბაზისა და რამდენიმე დიდი სენაკისაგან შედგება. დარბაზს სამხრეთით საზეიმო შესასვლელი ჰქონდა. ზღურბლის წინ, ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის თლილი ქვებით მოპირკეთებული მოედანია. დარბაზის იატაკს ახ. წ. II საუკუნით დათარიღებული მოზაიკა ამშვენებს, რომელიც თორმეტი ფერის კენჭებისაგან შედგება. კედლების გასწვრივ იატაკს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია შემოუყვება. მოზაიკის შუა ნაწილი ფართო, ტოლფერდიან ჯვარს წააგავს. ჰორიზონტალური მკლავის ცენტრალურ ნაწილში სიუჟეტური კომპოზიციაა, რომელზეც დიონისე და არიადნეა გამოსახული. მოზაიკა მთელი დარაბაზის იატაკს იკავებს და მრავალ გამოსახულებას მოიცავს. მოზაიკითა და თავად ნაგებობის ხასიათით სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ ე.წ. “დიონისეს სახლთან”. მოზაიკის ნაკვთების იკონოგრაფიას, ორნამენტების რეპერტუარსა და სტილს მოზაიკური ხელოვნების ანტიოქიის სკოლასთან აკავშირებენ.

სასახლე ნაქალაქარზე არსებულ ძეგლებს შორის ყველაზე დიდი ნაგებობაა. მისი ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს აღწევს და ოცდაათამდე სხვადასხვა სიდიდის ოთახისა და დარბაზისაგან შედგება, რომელთა ცენტრშიც ღია ეზო – ატრიუმია. ატრიუმის ცენტრში ბორდიურშემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი იყო განთავსებული, რომლის კუთხეებშიც სვეტები იდგა. ატრიუმის დასავლეთით გათლილი ქვებით ნაგები ტაძარი შეიმჩნევა, სადაც ღვთაება უნდა ყოფილიყო აღმართული. სასახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საძილე ოთახები ყოფილა განლაგებული, ორგანყოფილებიანი საკუთარი საპირფარეშოთი, საკუთარი წყალსადენითა და კანალიზაციით. ღია ეზოს ჩრდილოეთ მხარეს დარბაზებია განლაგებული, სამხრეთით კი – სხვადასხვა სიდიდის ოთახები და წინკარი. სასახლის საძირკველი რიყის ქვისაა, მასზე ერთ წყებად დაწყობილია ქვის თლილი ფილები, კედლები ალიზის აგურითაა ამოყვანილი. ინტერიერში კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა. საყურადღებოა სასახლის ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც ღია ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თითქმის ცენტრშია განლაგებული. ცენტრალური გათბობა ჰიპოკაუსტის სისტემისაა. იგი წარმოადგენს კედლებით შემოზღუდულ ოთახს, რომელშიც კალორიფერები იყო განლაგებული, საიდანაც ცხელი ჰაერი მოედინებოდა კედლებში სიცარიელეში – არხებში. 

აფსიდიანი ნაგებობა სასახლის სამხრეთით მდებარეობს და უფრო მოგვიანებით უნდა იყოს აშენებული. მისი კედლები სხვადასხვა სისქისაა. შენობაში ანფილადურადაა განლაგებული სამი დარბაზი და ოთახები მათ შორის. სამივე დარბაზი სამხრეთის მხარეს აფსიდით სრულდება. ორი აფსიდი ნახევარწრიულია, ცენტრალური, მთავარი დარბაზის აფსიდი კი სამწახნაგოვანია. აფსიდიანი დარბაზების კედლებში ვიწრო გამჭოლი თაღებია, რომლებიც სავარაუდოდ ცენტრალური გათბობის არხებისათვის იყო შექმნილი. მონაცემებზე დაყრდნობით ეს ადმინისტრაციული შენობაა, სადაც დარბაზები კურიებს – სხდომათა დარბაზებს წარმოადგენენ, მცირე ოთახები კი აღრიცხვისა და საქმის წარმოებისათვის იყო განკუთვნილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ალიზის აგური და კირის დუღაბი, ნაგებობა გადახურული იყო კრამიტით.

ძალისის სასახლის აბანო სასახლის გვერდით მდებარეობს. იგი რომაული ტიპისაა და სამი (ცივი, თბილი და ცხელი) განყოფილებისაგან შედგება. სამივე განყოფილება ერნაირი სიდიდისაა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ნახევარწრიული აფსიდები აქვთ. თითოეული აბანოს სიგრძეა 5 მ, ხოლო სიგანე – 2,5 მ. აბანოს ქვის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. ცხელი და თბილი აბანოების ქვეშ ჰიპოკაუსტების სისტემის გათბობაა მოწყობილი, რომლის სვეტებისათვის ბრტყელი, კვადრატული და მრგვალი აგურია გამოყენებული. ცივ აბანოში მოზაიკური იატაკი ყოფილა. მოზაიკას შემოვლებული აქვს არშია მცენარეული ორნამენტით, არშიის შიგნით კი ზღვის ფაუნაა გამოსახული. მოზაიკა ყოფილა თბილ აბანოშიც, რაც იშვიათია. აბანოებს გასახდელი – იპოდიტერიუმი ემიჯნება. იპოდიტერიუმი გეგმაში სწორკუთხაა და მთელი იატაკი სიმეტრიული გეომეტრიული გამოსახულებებითაა დაფარული.

ძალისის საცურაო აუზი საქართველოსათვის სრულიად უნიკალური ნაგებობაა. იგი გეგმაში სწორკუთხაა და ოთხივე მხარეს, კედლების ცენტრში ნახევარწრიული აფსიდები აქვს. აუზის სიგრძეა 33,4 მ, აფსიდებითურთ კი 39,6 მ, სიგანე – 11,5 მ. აუზის კედლები, რომელთა სისქე 0,7-1,0 მეტრია, ამოშენებულია მიწაში, რიყის ქვით კირხსნარზე და კარგად გათლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. მოპირკეთებასა და რიყის ქვით აგებულ კედლებს შორის 10 სმ. სისქის ჰიდრავლიკური ხსნარის იზოლაციაა გაკეთებული. აუზის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლითაც აბანოს უკავშირდება, ცხრასაფეხურიანი კიბეა მოწყობილი. აუზში დასასვენებელი ქვის მერხებია, ასევე მოწყობილია ტრაპი, რომელიც გათლილი ქვით ნაგებ კანალიზაციის კოლექტორს უერთდება. საცურაო აუზი წყლით ივსებოდა დასავლეთის მხრიდან ორი მილსადენის საშუალებით. აუზი ახ. წ. II – III საუკუნეებით თარიღდება.

ძალისის საზოგადოებრივი აბანო II-IV საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსის ცენტრში მოთავსებულია ღია ეზო – ატრიუმი (7,75X6,95 მ). აქ ერთმანეთთან დაკავშირებული, ტუფის დიდი ფილებით დაგებული იატაკია შემორჩენილი, რომლის ცენტრშიც შადრევნიანი აუზია მოთავსებული. ატრიუმს დასავლეთიდან მცირე აფსიდიანი სენაკი ეკვრის. ამ სენაკს ატრიუმთან ორ სვეტს შორის მოთავსებული კარი აკავშირებს. დასავლეთით იწყება აბანოს ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებები. მათ სამხრეთის მხრიდან კარგად გამოხაზული აფსიდები აქვთ. თბილი და ცხელი აბანოს ქვეშ ჰიპოკაუსტების სისტემაა მოწყობილი. ატრიუმის აღმოსავლეთით გასახდელი იყო. გასახდელის ქვეშ სრულად არის შემონახული ჰიპოკაუსტის სვეტები. აბანოს კედლებში ვერტიკალურად ჩაყოლებულია კერამიკული მილები, რომლებიც კერამიკული ფილებით არის დაფარული. ამ ფილებსა და კედელს შორის რჩება 3-4 მმ სივრცე, რომელშიც ცხელი ჰაერი მოედინებოდა ოთახების გასათბობად. აღსანიშნავია, რომ კერამიკულ მილსადენთან ერთად ძალისში აღმოჩენილია ტყვიის მილებისაგან შედგენილი წყალსადენიც.

 

 

2 კომენტარი პოსტზე - “ძალისის ნაქალაქარი

  • მაისი 20, 2021 at 10:52 am
    Permalink

    მოგესალმებით,
    სურვილი მაქვს მოვინახულო ნაქალაქრი, ოჯახთან ერთად
    ექსკურსია მძღოლის მომსახურეობით
    გთხოვთ მომაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ან საკონტაქტო პირის მობილური ტელეფონის ნომერი

    პატივისცემით დავით ბუთხუზი

    Reply
    • მაისი 21, 2021 at 4:34 pm
      Permalink

      გამარჯობა 🙂 ეს ტურისტული საიტი არ არის და სამწუხაროდ გიდების შესახებ არ შემიძლია ინფორმაციის მოწოდება. მუზეუმი არის სამანქანო გზის პირას. შესასვლელში დგას ჯიხური და გარედან გამოკრულია ტელეფონის ნომერი, დარეკავთ და მოვა ადამიანი ვინც მუზეუმს გაგიღებთ. ეს ქალი მცირე ინფორმაციასაც აწვდის მნახველებს ხოლმე, თუმცა ზოგადად გიდი არ არის. შესვლა 3 ლარი ღირს, ბავშვებისთვის უფასოა.

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *