შატილი

შატილი

შატილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში მდებარეობს. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლია. შატილი საუკუნეების განმავლობაში იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე-ქალაქებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული. ძეგლი შუასაუკუნეებით თარიღდება, თუმცა მის მიდამოებში მდებარე ნამოსახლარები ძვ.წ 2000 წლის და უფრო ადრეული პერიოდებისაა. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. კომპლექსი შედგება ციხე-სახლების, კოშკური საცხოვრებლების, კალოიანი სახლების, საფიხვნოს, სამრევლოსა და საბძლურისაგან. ციხე-სახლების აღნაგობა და მშენებლობის სხვადასხვა ხარისხი მეტყველებს, რომ სოფელი ერთბაშად, ერთ-ორ საუკუნეში არ აშენებულა. შატილი ძალიან სტრატეგიულ ადგილზეა გაშენებული, იგი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არღუნის ვიწრო ხეობას კეტავს და აკონტროლებს ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან საქართველოში შემოსასვლელ ბილიკებსა და გადმოსასვლელებს. შატილი ერთადერთი სოფელია ხევსურეთში, და შესაძლოა საქართველოშიც, სადაც დღემდე შემორჩა სოფლის საერთო თავშეყრის ადგილი – საფიხვნო. საფიხვნო ერთგვარ აღმზრდელობით და მომავალი თაობებისთვის ტრადიციების სწავლების ადგილს წარმოადგენდა. აქ ხელსაქმობდნენ მამაკაცები და აქვე ამზადებდნენ თოფის წამალსაც. XIX საუკუნეში სოფელი თანდათან დაიცალა, ამჟამად აქ 15-მდე ოჯახი ცხოვრობს.

 

არქიტექტურა

შატილი არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ძეგლია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა, რიყის ქვა და ფიქალი. სოფელს მცირე ფართობი, დაახლოებით 1 ჰა, უჭირავს. კომპლექსი ციხე-სახლების, კოშკური საცხოვრებლების, კალოიანი სახლების, საფიხვნოს, სამრევლოსა და საბძლურისაგან შედგება. ნაგებობები არასტანდარტული და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ციხე-სახლებს შიგნიდან და გარედან ნაირგვარი ქვის და ხის კიბეები, წინგარდები, ბანიკები, ღია და დახურული აივნები და გადასასვლელ-გადმოსასვლელები ჰქონდათ. სახლები მიჯრითაა ერთმანეთს მიშენებული. შატილის გეგმაზომიერი, აზრიანი განაშენიანება გასაოცარია. თავდაპირველად მშენებლობა მიუვალ კლდეზე დაწყებულა. კლდეზე აშენებულ პირვანდელ სახლებს სათოფურები არა აქვს, უფრო გვიანდელ, XVII-XVIII საუკუნეების ნაგებობებში კი მრავლად გვხვდება. ეს დეტალი ცეცხლსასროლი იარაღის შემოსავლამდე და შემოსვლის პერიოდებზე მიანიშნებს. საცხოვრისების კარები და სარკმელები ერთმანეთს უყურებს, იცავს და აკონტროლებს. ყოველი მაცხოვრებელი თავის სახლსაც იცავდა და მეზობლისასაც. ძალიან მჭიდრო განაშენიანების გამო ერთი ხმამაღალი დაძახება მთელს სოფელში ისმოდა და ერთმანეთის გაფრთხილება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. ძველი ციხე-ქალაქი შატილი ოთხი უბნისგან შედგებოდა: ზენაუბანი, შუა სოფელი (ქავი), ქვენაუბანი და ანატორელთკარი. სოფელს მარცხენა მხარეს თითქმის მიუვალი 60-80 მ სიმაღლის კლდე გასდევს, მარჯვენა მხარეს კი გალავანი ერტყა. გალავანს მუხის ორი დიდი კარი ჰქონდა, რომლებსაც შიგნიდან სამი ურდული კეტავდა. სოფელს შუაში 2-3 მეტრის სიგანის ქუჩა ჩაუდიოდა, რომელსაც “ინგური” ერქვა. ქუჩა უმეტესად პირუტყვის სამოძრაოდ იყო განკუთვნილი, თუმცა ასევე ერთგვარ სანიაღვრე შარასაც წარმოადგენდა. ნაგებობათა უმეტესობა ოთხსართულიანია, რამდენიმე – ხუთსართულიანი (კოშკური საცხოვრებელი) და ათამდე – სამსართულიანი (კალოიანი სახლი). 
ციხე-სახლი ოთხსართულიანი ნაგებობაა. I სართული გომურია, II სართული საცხვარე, III და IV სართულები – საცხოვრებელი, V სართული კი თავდაცვითი დანიშნულებისაა. სართულები ერთმანეთს ჭერში გაჭრილი კვადრატული ხვრელებით უკავშირდება. საცხოვრებელ სართულზე მოწყობილი იყო კერა, იდგა ოჯახის უფროსის სავარძელი, გრძელი ზურგიანი სკამი და გეომეტრიული ჩუქურთმით შემკული ავეჯი. კერის ზემოთ საქვაბე ჯაჭვის მოწყობილობა კიდია. კერის ზემოთ გადახურვის კოჭებს ცეცხლისგან ფიქლის დიდი ფილები იცავს. თავდაცვითი სართულის ოთხივე კედელში სათოფურებია მოწყობილი. შენობის გადახურვა ბრტყელია – ბანიანი. ზედა სართულს ყოველ მხარეს თითო ან ორ-ორი ე.წ. ჩარდახი ანუ მაშიკულები აქვს. კოშკური საცხოვრებელი იგივენაირია როგორც ციხე-სახლი, მხოლოდ უფრო მაღალია.
კალოიანი სახლი მთის ფერდობზე მიშენებული, ზურგით მიწაში შეჭრილი სამსართულიანი ნაგებობაა. შატილში ასეთი რამდენიმე გვხვდება. კალოიანი სახლის I სართული, რომელსაც სახლს უწოდებენ, გამოყენება საცხოვრებლადაც და პირუტყვის სადგომადაც. ერთმანეთისგან დაწნული კედლითაა გამოყოფილი საძროხე, კერა-საცხოვრებელი და პროდუქტის დასამზადებელი ნაწილი. II სართული ანუ ჭერხო მამაკაცთა სადგომიცაა და პროდუქტის შესანახიც. III სართული ბანია, ბანის უკან კი პურის სალეწი გადახურული კალოა. აქვეა ნივთების, საჭურვლისა და იარაღის შესანახი ფარდულიც. 
საფეხვნო დაახლოებით 20 კვ.მ. ფართობის, გადახურული, წინა მხრიდან ღია, ქვის სკამებიანი შენობაა. საფეხვნოსთან ახლოს ე.წ. სამრევლოა. ეს არის თითოოთახიანი, პატარ-პატარა შენობების ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი. ქალები აქ დროებით ბინავდებოდნენ “დედათა წესის” დროს. სამრევლოსთანვე არის საბძლური. იგი ერთსართულიანი, ორფერდასახურავიანი სადგომია საქონლისათვის. აქვეა სალუდეც.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *