ბებრის ციხე

ბებრის ციხე

ბებრის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო, რომ IV საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით ბებრის ციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო. მას უძველეს დროს ბელტა ერქვა. ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. ისტორიულ წყაროებში ბებრის ციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია, შიდა ეზოსი კი – 600 კვ.მ. ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი და სამხრეთით პატარა ეზო. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი ყველაზე დიდია და რამდენიმე სართულისაგან შედგება. მას არამარტო თავდაცვითი, არამედ საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონია. ჩრდილოეთის კოშკიც იგივე ტიპისაა, თუმცა ზომით უფრო მცირეა. ჩრდილოეთის კოშკის სამი სართულია შემორჩენილი, აღმოსავლეთისა კი – მხოლოდ საძირკველი. აღმოსავლეთ კოშკის ადგილას მოგვიანებით ცილინდრული საგუშაგო კოშკი აუგიათ. კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის იყო. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის კოშკებს თავისებური საბრძოლო ხვრელობები აქვთ, რომლებიც შიდა მხრიდან განიერი, მაღალი და ღრმაა, გარედან კი ვიწრო და დაბალი. ამ ციხის აგებისას სასროლ იარაღად მშვილდ-ისარს იყენებდნენ. ციხეს ასეთი ხვრელობები ესაჭიროებოდა, რათა მეომრებს მარჯვედ მოქმედება შეძლებოდათ. ეს განიერი ნიშების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან. ციხის ქვედა ეზოს აღმოსავლეთ კუთხეში ციტადელის კოშკების მსგავსი ოთხკუთხა კოშკი დგას. ბებრის ციხესთან ახლოს მდებარეობს მნისვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი – სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *