არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

არმაზის მონასტერი

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მცხეთის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით. იგი XII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, შესასვლელი დასავლეათიდანაა. ტაძარს დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით – მინაშენი, კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. ეკლესიის კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე – რიყისა და ნატეხი ქვით, აგური გამოყენებულია დეკორატიული დანიშნულებით. წყობა ირეგულარულია. შიდა სივრცე საკმაოდ გაშლილია. სივრცეს კიდევ უფრო ზრდის განიერი საკურთხეველი და მის წინ არსებული ბემა. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. კარიბჭეს დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. ფრესკებში ჭარბობს მოწითალო-აგურისფერი. საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა, შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის წელსზედა გამოსახულებებია, ქვედა რეგისტრში კი ეკლესიის მამათა ფიგურებია გამოსახული. დასავლეთ კედლელზე გაირჩევა წმინდა მეომრის ფიგურა შუბით და ფარით. საკურთხევლის სარკმელში მცირე ორნამენტია შემორჩენილი, რომელიც ყვითელ, მწვანე, ცისფერ და ლურჯ ფერებშია შესრულებული. მინაშენი აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთის. სამხრეთით კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადიდან ამოყვანილ ვიწრო კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში კი – ორი. საძვალე გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შესასვლელის თავზე ეკლესიის თანადროული ფილა იყო მოთავსებული ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით. მასში მოხსენიებული პირების მიხედვით და პალეოგრაფიული ანალიზით, ფილა და სესაბამისად ტაძარიც 1150–78 წლებით დათარიღდა. ამჟამად ეს ფილა სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ეკლესიის დასავლეთით სამრეკლო დგას. იგი XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. სამრეკლო ორსართულიანია. ქვედა სართულის კამარა შეისრულია, მეორე სართული რვაწახნაგა ფანჩატურია რვა ღია თაღით. აქვს კამაროვანი გადახურვა. მოგვიანებით სამრეკლოსთვის დამატებითი სათავსი მიუშენებიათ. არმაზის ღვთისმშობლის ეკლესიიდან დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არმაზის ციხე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *