გოხნარის ლოდოვანი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ალგეთის ხეობაში, გოხნარის სერის სამხრეთ კალთაზე. იგი ერთ-ერთი გრანდიოზული მეგალითური კომპლექსია საქართველოს მეგალითურ ძეგლებს შორის და ბრინჯაოს ხანით, ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. ეს სადგომი ე.წ. “კარკნალს” წარმოადგენს, რომელიც საკრისის მთის ერთი ნაწილის (ანდეზიტის კლდის) ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ გოხნარის ლოდოვანის სახელით მოიხსენიებენ ერთმანეთისგან რამდენიმე კმ-ით დაშორებულ ორ ციკლოპურ კომპლექსს, მათ გოხნარის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ან დიდ და მცირე ლოდოვანებს უწოდებენ. ლეონ მელქისეთ-ბეგი გოხნარის სერზე მდებარე ნაქალაქარს გოხნარის ლოდოვანს უწოდებს, ბედენის ქედზე მდებარეს კი – ბედენის ლოდოვანს (თავად სოფელ გოხნართან ბედენის ლოდოვანი უფრო ახლოა). უმჯობესია ჩვენც ასე მოვიხსენიოთ დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად. ეს ორი კომპლექსი ხასიათითა და სტრუქტურით ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
გოხნარის ლოდოვანი განლაგებულია რთულ რელიეფზე, ოთხ ტერასას მოიცავს და სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ნაპრალ-გვირაბებიანი ქვაყრილი, ნაქალაქარი და გეგმაში არასწორი ოთხკუთხედის ფორმის ნაციხარი. კომპლექსი ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ანდეზიტის კლდის ლოდებით. სიმაგრის ცენტრში უზარმაზარი სვეტისებრი მონოლითი დგას, რომელიც ყველა მხრიდან კარგად ჩანს. პირველი, ყველაზე დაბალი, დონე მოთავსებულია ნამოსახლარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და იგი ყოველგვარი ნაგებობებისა და ქვაყრილისაგან თავისუფალ მოედანს წარმოადგენს. დანარჩენ სამ ტერასაზე გვხვდება ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახების ლაბირინთები, ნაპრალ-გვირაბები, ბლინდაჟები, დოლმენები და სვეტისებრი მონოლითები. მეორე ტერასა წარმოადგენს ქვაყრილს ნაპრალ-გვირაბებით, მესამე, ცენტრიდან დასავლეთით – საკუთრივ ნაქალაქარს, მეოთხე, ნაქალაქარის დასავლეთით, კი – ციხეს. ძალიან შთამბეჭდავია ნაციხარის აღმოსავლეთ ზღუდე, რომლის ამოსაშენებლადაც უზარმაზარი ბუნებრივი კლდეებია გამოყენებული. სამხრეთ ზღუდეს ცილინდრული კოშკები აქვს. კომპლექსი მოიცავს მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობებს. მიწისქვეშა ნაგებობები კლდის ნაპრალებშია მოწყობილი, ღია ნაწილები ამოშენებულია დიდი ზომის ქვებით და გადახურულია ბაზალტის ფილებით. რამდენიმე დარანი ძალიან კარგად არის შემონახული, კედლების წყობითა და გადახურვებით. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება ნახევრად დამუშავებული ლოდები დაკბილული კიდეებით. დარნები ზევიდან ქვებისა და მიწის მასითაა დაფარული. გოხნარის ლოდოვანი ერთ-ერთი საოცრად გრანდიოზული, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი მეგალითური ძეგლია საქართველოში.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ლ. მელქისეთ-ბეგი – მეგალითური კულტურა საქართველოში. 1938. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გ. ნარიმანიშვილი, ნ. შანშაშვილი, დ. ნარიმანიშვილი – საქართველოს მეგალითური კულტურის ძეგლები. 2020. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- გოხნარი. ძეჰგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- ციკლოპური წყობის ნასახლარი (გოხნარის დიდი ლოდოვანი). memkvidreoba.gov.ge ⇒
- გოხნარის ლოდოვანი. ka.wikipedia.org ⇒