გოხნარის ლოდოვანი

გოხნარის ლოდოვანი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ალგეთის ხეობაში, გოხნარის სერის სამხრეთ კალთაზე. იგი ერთ-ერთი გრანდიოზული მეგალითური კომპლექსია საქართველოს მეგალითურ ძეგლებს შორის და ბრინჯაოს ხანით, ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. ეს სადგომი ე.წ. “კარკნალს” წარმოადგენს, რომელიც საკრისის მთის ერთი ნაწილის (ანდეზიტის კლდის) ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ გოხნარის ლოდოვანის სახელით მოიხსენიებენ ერთმანეთისგან რამდენიმე კმ-ით დაშორებულ ორ ციკლოპურ კომპლექსს, მათ გოხნარის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ან დიდ და მცირე ლოდოვანებს უწოდებენ. ლეონ მელქისეთ-ბეგი გოხნარის სერზე მდებარე ნაქალაქარს გოხნარის ლოდოვანს უწოდებს, ბედენის ქედზე მდებარეს კი – ბედენის ლოდოვანს (თავად სოფელ გოხნართან ბედენის ლოდოვანი უფრო ახლოა). უმჯობესია ჩვენც ასე მოვიხსენიოთ დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად. ეს ორი კომპლექსი ხასიათითა და სტრუქტურით ერთმანეთს ძალიან ჰგავს. 

გოხნარის ლოდოვანი განლაგებულია რთულ რელიეფზე და ოთხ ტერასას მოიცავს და სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ნაპრალ-გვირაბებიანი ქვაყრილი, ნაქალაქარი და გეგმაში არასწორი ოთხკუთხედის ფორმის ნაციხარი. მის ცენტრში უზარმაზარი სვეტისებრი მონოლითი დგას, რომელიც ყველა მხრიდან კარგად ჩანს. პირველი, ყველაზე დაბალი, დონე მოთავსებულია ნამოსახლარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და იგი ყოველგვარი ნაგებობებისა და ქვაყრილისაგან თავისუფალ მოედანს წარმოადგენს. დანარჩენ სამ ტერასაზე გვხვდება ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახების ლაბირინთები, ნაპრალ-გვირაბები, ბლინდაჟები, დოლმენები და სვეტისებრი მონოლითები. ლეონ მელიქსეთ-ბეგის აზრით სადგომები ხის ძელებითა და ზემოდან დაყრილი მცირე ლოდებით უნდა ყოფილიყო გადახურული. რამდენიმე გვირაბი ძალიან კარგად არის შემონახული, კედლების წყობითა და გადახურვებით. ლაბირინთების კედლები, სიმაღლით 3 მეტრამდეა და დაუმუშავებელი, დიდი ზომის ანდეზიტ-ბაზალტის ნაცრისფერი ლოდებითაა ნაგები. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება ნახევრად დამუშავებული ლოდები დაკბილული კიდეებით. ძალიან შთამბეჭდავია ნაციხარის აღმოსავლეთ ზღუდე, რომლის ამოსაშენებლადაც უზარმაზარი ბუნებრივი კლდეებია გამოყენებული. გოხნარის ლოდოვანი ერთ-ერთი საოცრად გრანდიოზული, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი მეგალითური ძეგლია საქართველოში. გოხნარის სერზე შეგიძლიათ მოინახულოთ მამიდას ქვა და გოხნარის ტბა. გოხნარის ლოდოვანიდან ბედენის ლოდოვანამდე მარშრუტზე შეგიძლიათ მოინახულოთ გოხნარის ლიპარიტ ორბელიანის ეკლესია, ახალსოფლის მენჰირი, ახალსოფლის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიები და აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.