გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია) VIII საუკუნის ძეგლია, რომელიც კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ში მდებარეობს, კახთუბნის ხეობაში. ის გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში. ეს თემა დამახასიათებელი იყო შემოქმედებითი ძიების პერიოდისთვის, თუმცა შემდეგ აღარ განვითარებულა. ეს ორგუმბათიანი ბაზილიკა, მიუხედავად განსხვავებულობისა, მთელი თავისი აღნაგობითა და მასში გამოვლენილი შემოქმედებითი ძიების ხასიათით ორგანულად თავსდება ქართული ხუროთმოძღვრების ევოლუციის პროცესში. სამწუხაროდ ტაძრის აგების შესახებ არანაირი წერილობითი წყარო არ არსებობს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გურჯაანის ეკლესია ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში შედიოდა და აქ ყოფილა მათი სასაფლაოც. XVII საუკუნეში ეს რეგიონი თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელო იყო. 1640 წელს თავადი ჯანო დიდოელთა წინააღმდეგ ომში დაიღუპა, რომელსაც თეიმურაზ I აწარმოებდა. თეიმურაზ მეფემ ერთგულებისთვის ეს მამული თავად ნოდარ ჯორჯაძეს უბოძა ერთგულებისთვის, მამულთან ერთად მის მფლობელობაში გადავიდა გურჯაანის მონასტერიც. კახთუბნის მონასტერი საღვთისმეტყველო სკოლას წარმოადგენდა, სადაც სასულიერო პირთა მომზადება ხდებოდა. ამჟამად ეკლესიაში სამი საფლავია შემორჩენილი, ერთ-ერთი თავად როსტომ ჯორჯაძეს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენ ორზე წარწერები არ იკითხება. გურჯაანის ყველაწმინდა ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია საქართველოს ძველ ხუროთმოძღვართა შემოქმედებითი ძიებებისა და სიახლისკენ, განვითარებისკენ მისწრაფებების.

 

არქიტექტურა

გურჯაანის ყველაწმინდა ორგუმბათიან ბაზილიკას წარმოადგენს, გამოყოფილი შუა ნავით, რომელიც ნალისებრი აფსიდით სრულდება. შიდა სივრცე სამ ნავად სწორკუთხა სვეტებითაა დაყოფილი. საკურთხეველი, იატაკის საერთო სიბრტყესთან შედარებით შემაღლებულია. გვერდითი ნავები სწორკუთხა, უაფსიდო სათავსებით სრულდება. შუა ნავის ორქანობა სახურავზე სიმეტრიულად არის განაწილებული ორი რვაწახნაგა გუმბათი. გუმბათები გადახურულია შეკრული კამარებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აგურის ჰორიზონტალური რიგებით ამოყვანილი კონქისებრი ტრომპებით. ნავები გადახურულია კოლოფა კამარებით და ცენტრალურ სივრცეს დაბალი თაღებით უკავშირდება, ერთმანეთს კი – დასავლეთის მხარეს მოქცეული განივი სივრცით. ნავების ზემოთ მეორე სართულია მოწყობილი. მეორე სართული კოლოფა კამარიტაა გადახურული. ეკლესიას, დასავლეთის მხრიდან ნართექსი ერთვის, რომელიც მთავარ სივრცეს სწორკუთხა კარით უკავშირდება, გარე სივრცეს კი – დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში გაჭრილი ღიობებით. ნართექსის თავზე ღია ტერასაა, რომელიც ეკლესიასთან წყობით დაკავშირებული მოაჯირით იყო შემოსაზღვრული. ინტერიერის აღქმისას დაბალყელიანი გუმბათები დიდ როლს არ თამაშობს, თუმცა საყურადღებო და განსაკუთრებულად მეტყველია დასავლეთის კედელი. ის თაღოვანი მალებით სამ იარუსად არის დაყოფილი. ქვემოთ ერთი, თითქმის ნავის სიგანე მაღალი თაღია, მის ზემოთ კი, ორ სართულად, წყვილი თაღებია განლაგებული. კომპოზიციას ცენტრალურ ღერძზე, მცირე ზომის თაღში ჩასმული სარკმელი ასრულებს. აღმოსავლეთის ფასადი ნალისებრი თაღებით არის გაფორმებული, რომლებიც ნაგებობის შიდა სივრცის დანაწევრებას ექსტერიერში გამოხატავს. შუა ნავის არეზე, ორმაგი თაღია, რომლის შუა ლილვი სარკმლის მართკუთხა თავსართს ეყრდნობა. ორმაგი თაღის შუა ღერძზე, ფრონტონში ჯვრის გამოსახულებაა ჩასმული. გვერდითი თაღები ორ სართულად არის განლაგებული და მათში სარკმლებია განაწილებული. ქვედა იარუსის სარკმლები ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თავსართითა და მასზე დასმული ჯვრით არის დეკორირებული. სამხრეთის ფასადში შესასვლელისა და მის თავზე ერთ რიგან განლაგებული თაღოვანი სარკმლების ღიობებია. კარის ღიობს არქიტრავი და დიდი ტიმპანი ასრულებს. ტიმპანში ჯვრის გამოსახულებაა ჩასმული. ჩრდილოეთის ფასადი სამხრეთის ფასადის ანალოგიურია, მხოლოდ ამ მხარეს შესასვლელი არ არის. ფასადებს ჩვეულებრივი და კუთხით წინ წამოწეული წყობით გამოყვანილი ლავგარდანი ასრულებს. გურჯაანის ყველაწმინდა ნაგებია შერეული მასალით. გარეთა კედლები, აფსიდი, გვერდითი ნავები და პატრონიკეები ამოყვანილია კარგად შერჩეული მსხვილი რიყის ქვის ჰორიზონტალური რიგებით, რაც ძალიან ცხოველხატულ ფაქტურას ქმნის. შიგა კედლები და გუმბათები აგურისაა, კედლების კუთხეებში კი გამოყენებულია შირიმი. ნაგებობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *