ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელი ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების კუპელჰალეს ტიპის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ნაშთებს. ძეგლის შესახებ ისტორიულ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ვაჩნაძიანის გუმბათოვანი ტაძარი გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშთაგანია. იგი ნათლად ასახავს აღნიშნული ეპოქისათვის სახასიათო კულტურულ ძვრებსა და შემოქმედებით მისწრაფებებს, რაც გამოხატულია ძიებებსა და ექსპერიმენტებში, ახალი მოტივებისა და ხუროთმოძღვრული თემების წარმოქმნაში, რომელთაგან ზოგი ადგილს იმკვიდრებს, ზოგი კი ერთეულ ნიმუშად რჩება. თუმცა ვაჩნაძიანის ყველაწმინდა სცდება უბრალო ექსპერიმენტულობას და, როგორც მხატვრული დასრულებულობის მხრივ, ასევე ევოლუციური თვალსაზრისით, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობას რთული და ძალიან საინტერესო გეგმარება აქვს, რომელსაც საფუძვლად უდევს ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის საქართველოში ფართოდ გავრცელებული ტიპი (კონკრეტული ვარიაცია — მთავარი დარბაზი სამმხრივი გალერეით). კუპელჰალეს ხუროთმოძღვრული ტიპი, რომლის ერთ-ერთი უადრესი ნიმუშია ვაჩნაძიანი, საქართველოსა და სომხეთში, შეიძლება ითქვას, თანადროულად ყალიბდება. თუმცა სომხური ნიმუშებისგან განსხვავებით (არუჭი, შირაკავანი და სხვ.), ვაჩნაძიანში კუპელჰალეს ძირითადი სტრუქტურა გართულებულია გარშემოსავლელით. ასევე აღსანიშნავია, რომ პასტოფორიუმები მოქცეულია არა მთავარი დარბაზის ფარგლებში, არამედ — გარშემოსავლელის გასწვრივ.  რთული გეგმარების მიუხედავად, ხუროთმოძღვარი ნაწილთა ურთიერთშეთანხმებას, საოცარ ჰარმონიას და მთლიანობას აღწევს. შესანიშნავადაა გააზრებული შუქის წყაროთა განლაგებაც. ნაგებობის, როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიარი (განსაკუთრებით აღ. ფასადი) პლასტიკურობითა და მონუმენტურობით ხასიათდება. კლასიკური პერიოდის ძეგლებთან შედარებით (ჯვარი, წრომი), ინტერიერში შესამჩნევია პროპორციების ცვლილება, ჩნდება აზიდულობისკენ სწრაფვა, სივრცე დავიწროვდა და ამაღლდა. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ვაჩნაძიანის ეკლესიაში პირველად გამოიყენება აფრები გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლისთვის, თუმცა არც ტრომპებია უგულებელყოფილი (ტრომპები გამოყენებულია დამატებით სადგომებსა და დარბაზის გრძივი კედლების ექსედრებში). გარდა ამისა, ვაჩნაძიანის პასტოფორიუმები მიიჩნევა საქართველოში ტრიკონქის არქიტექტურული თემის უადრეს მაგალითად. საყურადღებო ძეგლია ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკაც. ტაძრის ძირითადი ნაწილი განადგურებულია, თუმცა მისი სტრუქტურა, ასევე ლაკონური და გააზრებული საფასადო გადაწყვეტა შთაბეჭდილებას ახდენს. ძეგლს გააჩნია გარკვეული ხუროთმოძღვრული თავისებურებები (როგორიცაა, მაგალითად, პასტოფორიუმების აღმოსავლეთ შესასვლელები და სამხრეთ ეკვდერის აღმოსავლეთ ფასადის დიდი, ღრმა ნიშა), რაც მის უნიკალურობას განაპირობებს. 

 

ძეგლის აღწერა

ვაჩნაძიანის გუმბათოვანი ტაძარი კუპელჰალეს ტიპის ნაგებობაა, რომელიც გართულებულია გარშემოსავლელითა და დამატებითი სათავსებით. იგი VIII ს-ის ბოლო-IX ს-ის დასაწყისით თარიღდება. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, გამოყენებულია შირიმიც. მთავარ დარბაზს ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთითა და დასავლეთით. გარშემოსასვლელს კი შესასვლელი აქვს — სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. მისი მთავარი სივრცე წაგრძელებულ დარბაზია, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის წინ ბემაა. აფსიდი გადახურულია მცირედ შეისრული ნალისებრი ფორმის კონქით, ბემა კი — შეისრული კამარით. მცირედ შეისრული ფორმისაა დარბაზის გადამხურაბი კამარები და გუმბათქვეშა თაღებიც. აფსიდს ჩამოსაჯდომი საფეხური შემოუყვება, რომლის შუაში წინამძღვრის ტახტია მოწყობილი. დარბაზის სამ მონაკვეთადაა დანაწევრებულია მძლავრად შვერილი პილონების ორი წყვილით. შუა ნაწილი კვადრატულია (გუმბათქვეშა კვადრატი), აღმოსავლეთისა და დასავლეთის მონაკვეთები კი უფრო მოკლეა. პილონები თხელი თაროსებრი იმპოსტებით სრულდება. გრძივი კედლების შვერილებსა და მათზე გადაყვანილ ოთხ თაღს ეყრდნობა ტაძრის გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათის ნახევარსფეროს ზენიტში შეისრული მოხაზულობა აქვს. გუმბათის ყელი ინტერიერში წრიულია, ექსტერიერში კი — თორმეტწახნაგა. გრძივი კედლების აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში, სწორკუთხა გეგმის მქონე, მაღალი ექსედრებია მოწყობილი. ექსედრები კვერცხისებრი შემაღლების მქონე კონქებითაა გადახურული. სწორკუთხედიდან კონქის ნახევარწრეზე გადასვლა კუთხეებში მოწყობილი ორ-ორი სფერული ტრომპით ხორციელდება. მთავარ დარბაზს სამი მხრიდან გარშემოსავლელი აკრავს. გარშემოსავლელის ჩრდილოეთ გალერეა სამხრეთისაზე ბევრად მოკლეა, დაახლოებით მისი ნახევარი სიგრძისა. გარშემოსავლელის გადახურვა ჩამწკრივებულად განლაგებული ჯვრული კამარებისგან შედგება. დასავლეთ გალერეის ცენტრალური ნაწილი (კარიბჭე) უფრო მაღალია და ექსტერიერში ორკალთა გადახურვითაა გამოყოფილი, ინტერიერში ის გუმბათით ყოფილა გადახურული. აღნიშნული კარიბჭის მონაკვეთი დასავლეთით ძირითადი სწორკუთხედიდან მცირედით შვერილია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის გალერეები აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის ორივე მხარეს მოწყობილია ტრიკონქის ფორმის პასტოფორიუმები, რომლებსაც დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვთ. აფსიდები ნალისებრი კონქებითაა გადახურული. პასტოფორიუმთა ტრიკონქული ნაწილების ცენტრალური კვადრატები ტრომპების საშუალებით გადადის გუმბათის ყელის ნახევარწრეზე. ორივე სათავსში ყელს ამჟამად ბრტყელი გადახურვა აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, თავიდან გუმბათით იყო გადახურული. სამხრეთი პასტოფორიუმის სწორკუთხა არე კვადრატულია, ჩრდილოეთისა კი — უფრო წაგრძელებული. პასტოფორიუმები კარითაა დაკავშირებული ბემასთან და აღმოსავლეთ ექსედრებთან. ჩრდილოეთის პასტოფორიუმი დასავლეთით უკავშირდება ჯვრული კამარით გადახურულ სწორკუთხა სათავსსაც, რომელსაც თავის მხრივ, მთავარ დარბაზთან დამაკავშირებელი კარიც გააჩნია. ჯვრული კამარებითაა გადახურული პასტოფორიუმების დასავლეთის სწორკუთხა მონაკვეთებიც. სწორკუთხა სათავსში პატრონიკეზე ასასვლელი კიბეა მოწყობილი. ჩრდილოეთ პასტოფორიუმის სიგრძითა და დამატებით სწორკუთხა სათავსის არსებობითაა განპირობებული ის, რომ გარშემოსავლელის ჩრდილოეთ გალერეა სამხრეთისაზე მოკლეა. გარშემოსავლელისა და სწორკუთხა სათავსის თავზე პატრონიკეა მოწყობილი, რომელიც დარბაზისკენ ნალისებრთაღოვანი ღიობებითაა გახსნილი.  ტაძრის სამხრეთ მკლავის ცენტრალური მონაკვეთისა და დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრებში, პატრონიკეებს ზევით, თითო სარკმელია, საკურთხევლის აფსიდს სამი სარკმელი აქვს, გუმბათის ყელში კი ოთხი სარკმელია გაჭრილი. ინტერიერი გვიან სუა საუკუნეებში მოუხატავთ, შეიმჩნევა ძალიან მცირე ფრაგმენტები. საკურთხევლის აფსიდი და პასტოფორიუმების ორ-ორი აფსიდი შვერილია, ექსტერიერში სამწახნაგა. ნაგებობის გარე მასებსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და სრულად შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. ფასადები მოურთველია, მხოლოდ გუმბათის ყელს გააჩნია გვიანი შუა საუკუნეების ძალიან სადა დეკორი — სარკმელთა ლილვოვანი საპირეები და კოპები. ფასადებს აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი ასრულებს, გუმბათის ყელს კი — წრეთარგის მოხაზულობის შირიმის ლავგარდანი. 

 

ვაჩნაძიანის ბაზილიკა გუმბათოვანი ტაძრიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს. ძეგლისგან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი, რამაც გაართულა მისი ხუროთმოძღვრული ტიპის დადგენა. გ. ჩუბინაშვილმა ნაგებობა ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკად მიიჩნია და VI-VII საუკუნეებით დაათარიღა. 2010-იან წლებში ძეგლი შეისწავლა ნ. არონიშიძემ, შეუძლებლად მიიჩნია მისი სამეკლესიიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკა იყო. განსხვავებულია ასევე ნ. არონიშიძის დათარიღება, ის ბაზილიკას V ს-ის ბოლო მესამედით ათარიღებს.
ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა, რომელსაც მთელს სიგრძეზე დამატებითი სათავსები და გალერეები გასდევდა (შესაძლოა დასავლეთიდანაც). ნავთა გამყოფი ბურჯები და თაღები შემორჩენილი არ არის. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეებისა და კონსტრუქციული ელემენტებისთვის თლილი შირიმია გამოყენებული. მთავარი ნავი აღმოსავლეთით კონქით გადახურული ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდის წინ მცირე სიღრმის ბემაა. საკურთხეველი სამნაწილიანია — აფსიდის ორივე მხარეს სწორკუთხა დამხმარე სათავსია (პირობითად — პასტოფორიუმები), რომლებიც შესაბამის ნავებს დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი კარით უკავშრდება. სათავსებს შესასავლელები აღმოსავლეთინაც აქვთ (პასტოფორიუმის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი გააჩნია ანჩისხატის ბაზილიკასაც). ჩრდილოეთ პასტოფორიუმი კარით უკავშირდება ჩრდილოეთ გალერეის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ სწორკუთხა სათავსსაც. ჩრდილოეთ გალერეის დასავლეთ ნაწილი აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. სამხრეთ გალერეის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდალური ეკვდერია გამოყოფილი, რომლის ქვეშ კრიპტაა მოწყობილი. ეკვდერს ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის ეკლესიის იატაკი მთავარი ნავის იატაკთან მიმართებით, ოდნავ მაღალია, რაც ნაგებობის ქვეშ არსებული კამაროვანი კრიპტით არის განპირობებული. აფსიდში ერთი ნალისებრი სარკმელია გაჭრილი. თითო თაღოვანი სარკმელი აქვთ აღმოსავლეთით დამხმარე სათავსებსაც. სარკმელთა გადამხურავი თაღები შირიმის ერთიან ქვაშია გამოჭრილი. მთავარი ნავი, გვერდითებთან შედარებით, უფრო მაღალი და განიერია. მთავარ ნავს ორკალთა გადახურვა აქვს, გვერდინა ნავებს კი — ცალფერდა. გვერდითა ნავებთან შედარებით, უფრო დაბალია გალერეები და მათაც ცალფერდა გადახურვა აქვთ. შესაბამისად, აღმოსავლეთ ფასადს ხუთნავიანი ბაზილიკის აბრისი აქვს. მთავარი ნავის აფსიდის სარკმელი სადა ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი თავსართითაა დეკორირებული. სამხრეთ ეკვდერის აღმოსავლეთ ფასადზე დიდი, ღრმა, თაღოვანი ნიშაა. ნიშის თაღი დახრილი სიბრტყის ფორმის შირიმის სადა იმპოსტებს ეყრდნობა, ასეთივე იმპოსტებს ეყრდნობა ეკვდერის დასავლეთ შესასვლელის თაღიც. ბაზილიკა და ეკვდერ-გალერეები ერთიანი წყობით არ არის ნაგები, თუმცა ისინი თანადროულია. 

 

 

იხილეთ კუპელჰალეს ტიპის ეკლესიები ⇒ 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *