იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია

იფრარის ეკლესია

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია (სვანურად “თარინგზელ”) XI საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფრარში (იფრალი) მდებარეობს, სოფლის დასავლეთ განაპირას, პატარა ბორცვზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია შირიმის თლილი ფილებით. ბორცვს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც ეკლესიის ტერასისათვის საყრდენი კედლის როლს ასრულებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა, გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. გეგმაში სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელშიც საკურთხეველია მოწყობილი. საკურთხეველი, დარბაზთან შედარებით, ორი საფეხურითაა ამაღლებული და დანარჩენი სივრცისაგან სამთაღიანი კანკელითაა გამოყოფილი, რომლის შუა, შესასვლელის თაღი განიერი და ოდნავ შეისრულია, გვერდითი ღიობები კი საკურთხევლის მხარეს არქიტრავულია. კონქის თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის პილასტრებს ეყრდნობა კამარის თაღი. ტაძარს სადა ლავგარდანი შემოუყვება. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებს საფეხური გაუყვება. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები. აღსანიშნავია, რომ ტაძრების გარე ფასადების მოხატვა მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. შესასვლელის თავზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი, ერთი სარკმელია აფსიდის ცენტრშიც. ეკლესია გადახურულია თუნუქის ფურცლებით.

 

მოხატულობა

იფრალის მთავარანგელოზის ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ფრესკების ავტორია მეფის მხატვარი თევდორე. მისი მოხატულია აგრეთვე კალას “ლაგურკა”, ნაკიფარის “ჯგრაგ” და წვირმის “მაცხვარ”. კონქში “ვედრებაა” გამოსახული, რომლის სამი წელსზევითი ფიგურა (მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი) მკვეთრად გამოირჩევა სხვა გამოსახულებებისაგან თავისი გრანდიოზულობით. მეორე რეგისტრში, სარკმლის ნიშის თავზე გამოსახული მახარობელთა ფიგურებიდან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი ნახევარფიგურა. კანკელზე, თაღებს ზემოთ, წმინდანთა მკერდზევითა ორი წყვილია გამოსახული, სამხრეთით წმ. ივლიტა და წმ. კვირიკე; ჩრდილოეთით კი – წმ. სტეფანე და წმ. დემეტრე. კანკელის კიდეებზე, აფსიდის მხრებთან ორი ანთებული კელაპტარია გამოსახული შანდლებში. ჩრდილოეთ კედლის პირველ რეგისტრში, მთავარანგელოზი საიმპერატორო სამოსში და “ნათლისღების” სცენაა გამოსახული. მეორე რეგისტრში განლაგებულია არქისტრარეგი მიქაელისა და წმ. გიორგის ფიგურები. არქისტრატეგი მიქელის ფერხთით დამხობილია იესო ნავინი, წმ. გიორგი ამხობს დიოკლეტიანეს. სამხრეთ კედლის პირველი რეგისტრი უკავია მთავარანგელოზს საიმპერატორო სამოსში და “შობის” სცენას, მეორე რეგისტრი კი ღვთისმშობელს ჩვილით, წმ. ანასა და წმ. თევდორეს დამარცხებული გველეშაპით. დასავლეთ კედლის პირველ რეგისტრში “ხარების” სცენაა მოთავსებული. მეორე რეგისტრში კი კარის ორივე მხარეს გამოსახულია წმ. ბარბალე და წმ. ეკატერინე. მოხატულობაში უხვად გვხვდება გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტები. კანკელის ლავგარდანზე ვრცელი ასომთავრული წარწერაა: “სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი იფრარის ხევისათა სალოცველად დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და ყოველთა მიცვალებულთა მათისა, წმიდანო მთავარანგელოზნო, შეიწყალენ ორითავე ცხორებითა, ამინ. მოიხატა და შეიმკო დასაბამითგანთა წელთა ხფ, ქრონიკონსა ტივ, ხელითა თევდორე მეფისა მხატვრისაითა. ღმერთო მოიხსენე სასუფეველთა შენთა”.
ფასადების მოხატულობაში სხვა ოსტატის ხელი იგრძნობა. სამხრეთ ფასადის ზედა ნაწილში მოთავსებული იყო შვიდი ნახევარფიგურიანი დეისუსის კომპოზიცია, თითოეულ ფიგურას ხატის მსგავსი მოჩარჩოება ჰქონდა. ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევდა გეომეტრიული ორნამენტის ზოლი, რომლის ქვემოთ გამოსახული იყო მშვილდოსანი მხედარი წარწერით – “წმ.ესატე”. ამჟამად ფასადის მოხატულობის მხოლოდ მცირედი ფრაგმენტებია შემორჩენილი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *