კაწარეთის სამება (ხაშმის სამება)

კაწარეთის სამება

კაწარეთის სამება (ხაშმის სამება) კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარეობს. შუა საუკუნეებში ხაშმს კაწარეთი ერქვა და ხაშმის სამებაც XVIII საუკუნემდე წყაროებში კაწარეთის სამების სახელით იხსენიება. ტაძარი V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება და ადრეული შუა საუკუნეების დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება (ბოლნისის სიონი, ურბნისის სიონი, ხირსა და სხვა). კაწარეთის სამონასტრო კომპლექსი ფეოდალური ხანის კახეთის ერთ-ერთ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. კაწარელი ეპისკოპოსი იხსენიება 506 წელს დვინში გამართული საეკლესიო კრების ოქმებში. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ კუხებისა და სუჯების ტომთა წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. გადმოცემით, წმ. ნინომ აქ მიაღებინა ქრისტიანობა კუხ და სუჯ მთავრებს. კაწარეთის სამების ტაძარი IX და XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვნად გადააკეთეს, თუმცა ნაგებობამ მაინც შეინარჩუნა პირვანდელი არქიტექტურული ფორმები. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობა. სამონასტრო კომპლექსი, გარდა ტაძრისა, მოიცავს გალავანს, სასახლეს, კოშკს და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობათა ნაშთებს. კაწარეთის სამება (ხაშმის სამება) დახვეწილი, ჰარმონიული პროპორციებითა და სადა, ელეგანტური საფასადო გადაწყვეტით გამოირჩევა. იგი ასახავს ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ხუროთმოძღვრულ მისწრაფებებს და ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია.

 

არქიტექტურა

კაწარეთის სამონასტრო კომპლექსი შემოზღუდულია გალავნით. გალავანში ჩართულია საცხოვრებელი კოშკი, რომლის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენდა. კარიბჭე ამჟამად ამოშენებულია და ეზოში შესასვლელი გალავანში, კოშკის გვერდითაა გაჭრილი. კომპლექსში შემორჩენილია ასევე საეპისკოპოსო სასახლისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. კაწარეთის სამება (ხაშმის სამება) დიდი ზომის სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძრის შიდა სივრცე მსხვილი სვეტების ოთხი წყვილით იყოფა სამ ნავად. თაღები და საკურთხევლის აფსიდი ნალისებრი მოხაზულობისაა. კონქის ზემოთ საკმაოდ დიდი გლუვი სიბრტყეა არქიტექტურული “შუბლის” სახით. გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილში, საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ, პასტოფორიუმებია მოწყობილი. ნავების გამყოფ ბურჯებზე გადაყვანილ თაღებში ჩაშენებებია, რომლებიც ორსაფეხურიან თაღებს ქმნიან და კონქის ზევით მდებარე “შუბლის” მოტივს იმეორებენ. ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. შიდა სივრცის მორთულობას წარმოადგენს, ტაძრის თანადროული, კონქის იმპოსტების რელიეფური გამოსახულებები. ფასადები ერთიანია, დაუნაწევრებელი. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება, ლილვებით შექმნილი, დიდი საფასადე ჯვარი, ჯვრის მკლავების ბოლოებში და მათ გადაკვეთაზე კოპებია ჩასმული. ტაძრის სარკმლებს და შესასვლელებს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. ორივე შესასვლელის ნახევარწრიულ ტიმპანში რელიეფური ჯვარია. დასავლეთის შესასვლელი ორივე მხარეს გრეხილი ლილვის კვადრატულ ჩარჩოში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარია მოთავსებული, სამხრეთის შესასვლელის ორივე მხარეს კი – კოპები. რელიეფური ჯვარია მოთავსებული დასავლეთის სარკმლის თავზეც. ნაგებობას სამხრეთით კარიბჭე აქვს მიშენებული, რომელიც როგორც ჩანს ფართო თაღით იყო გახსნილი, გვიან შუა საუკუნეებში ნაწილობრივ ამოუშენებიათ და სწორკუთხე შესასვლელი გაუკეთებიათ. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება ძალიან დიდი ზომის სარკმლები, რაც გვიანი პერიოდის გადაკეთების შედეგია და ამახინჯებს ფასადის მთლიანობას. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და დასავლეთით, მესამე შესასვლელიც ყოფილა – ჩრდილოეთით, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ფასადები მოპირკეთებულია მოვარდისფრო ქვიშაქვის გათლილი კვადრებით, გვიანი აღდგენისას გამოუყენებიათ აგური. კაწარეთის სამება საფუძვლიანადაა გადაკეთებული, სახეცვლილია საკურთხევლის აფსიდა და ნავების დამანაწევრებელი სვეტები, ასევე ფასადების გარკვეული მონაკვეთები, ზოგიერთი ჩარევა განსაკუთრებით უხეში და თვალშისაცემია. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, ტაძარმა მაინც შეინარჩუნა ძველი არქიტექტურული ფორმები და ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *