მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამადაანებთან მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს დარბაზულ ეკლესიებს, სამრეკლოსა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. მთავარი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეების ეკლესიაა. როგორც ჩანს, აქ საკმაოდ მასშტაბური კომპლექსი იყო. მთავარი ტაძარი დახვეწილი პროპორციებითა და ელეგანტურობით. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდი დაგრძელებულია ბემით. ეკლესიას სამხრეთითა და ჩრდილოეთით აფსიდალური მინაშენები ეკვრის. მინაშენები, დარბაზთან შედარებით, უფრო მოკლეა. ჩრდილოეთის მინაშენში მხოლოდ ტაძრიდან შეიძლება მოხვედრა, სამხრეთის მინაშენს კი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამხრეთის მინაშენი მთავარ დარბაზს პილასტრებზე გადაყვანილი თაღით უკავშირდებოდა, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. დარბაზიცა და მინაშენებიც გადახურული იყო ნახევარწრიული კამარებით. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი ორი ლილვისგან შექმნილ იმპოსტს ეყრდნობოდა, თაღის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ტაძრის აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიას დასავლეთით თაღოვანი შესასვლელი აქვს. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებული ყოფილა შირიმის სუფთად თლილი კვადრებით, შირიმი შემორჩენილია ტაძრის დასავლეთ ფასადსა და სამხრეთის მინაშენზე. მთავარი დარბაზისა და სამხრეთის მინაშენის დასავლეთის სარკმლებს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. ლილვებითაა მოჩარჩოებული შესასვლელიც. ტაძრის დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიას, შემოვლებული ჰქონია გალავანი, რომლისგანაც მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ძეგლი ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩამოქცეულია დარბაზისა და სამრეთის მინაშენის კამარები და ნაწილობრივ კედლებიც, ტაძარს ნაწილობრივ შემოცლილი აქვს პერანგი, ასევე სახურავზე ამოსულია მცენარეები. ეკლესიასთან დგას ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კუბურ მოცულობას წარმოადგენს. მეორე სართულისგან მხოლოდ მცირედი ფრაგმენტია შემორჩენილი, თუმცა, როგორც ჩანს, ის მრავალწახნაგა უნდა ყოფილიყო, ინტერიერში შემორჩენილია კვადრატიდან წრეზე გარდამავალი ტრომპები. სამრეკლოს სწორკუთხა შესასვლელი აქვს. მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. მამადაანების კომპლექსის ტერიტორიაზე მესამე ეკლესიაც გვხვდება, ისიც დარბაზული ტიპისაა. ორივე პატარა ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით. მესამე ეკლესიის აღმოსავლეთის სარკმელი შირიმის ქვაშია გაჭრილი და ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. ამ ტაძარსაც, მთავარი ტაძრის მსგავსად, გალავანი ჰქონია. კომპლექსი საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებათა ნაშთებსაც მოიცავს, რომელთა შორის დიდი დარბაზებიც არის. მამადაანების კომპლექსი თავისი მასშტაბურობითა და კულტურულ-ისტორიული ღირებულებით ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია და აუცილებლად საჭიროებს გამოკვლევასა და დაცვას.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *