ქუთაისის ნაქალაქარი

ქუთაისის ნაქალაქარი

ქუთაისის ნაქალაქარი იმერეთში, ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ქალაქის უძველესი ისტორიის შესახებ წერილობითი წყაროები თითქმის არ მოიპოვება. მეცნიერები ქუთაისთან აიგივებენ ელინისტური ხანის ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულ ქალაქ კუტაიას, სადაც იგი კოლხეთის მეფის რეზიდენციად არის წარმოდგენილი. ამის შემდეგ, უკვე VI საუკუნეში, პროკოპი კესარიელი იხსენიებს „ქუთათისს“ და აიგივებს მას აიეტის სატახტო ქალაქთან. ქართულ საისტორიო წყაროებში ქუთაისი VIII საუკუნიდან იხსენიება. ქუთაისის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. ძვ.წ. II ათასწლეულში აქ უკვე არსებობს სასოფლო თემები, ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში კი მსხვილი კომპაქტური დაბური დასახლებები ჩნდება. ძვ.წ. IV საუკუნიდან ქალაქის ტერიტორიაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დასახლება ჩანს.

ქუთაისის საქალაქო ცხოვრებაში III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ახალი ეტაპი იწყება, არქიელის გორაზე შენდება შიდაციხე და ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ქუთაისის „ახალქალაქობის“ ხანა იწყება. ციტადელი მოხერხებულ ადგილასაა აგებული, ეს გორაკი ნახევარკუნძულის მსგავსადაა შეჭრილი მდ. რიონისა და მდ. რუას შესართავში და სამი მხრიდან კლდოვანი ფერდობებით ბუნებრივადაა დაცული. შიდაციხის პირვანდელი გეგმა ოქვსკუთხა მოხაზულობისაა. ციტადელს ორი კარიბჭე ჰქონდა: მთავარი „ბჭისკარი“- დასავლეთით და „ცოტა კარი“ – აღმოსავლეთით. დასავლეთის მხარე ადვილმისადგომი იყო, ამიტომაც ეს მხარე ორმაგი პარალელური კედლით იყო დაცული, რომელთა შორის მანძილი 1.5 მეტრია. „ბჭისკარი“ ცუდადაა შემორჩენილი. მას ორი სწორკუთხა კოშკი იცავდა. ერთ-ერთ კოშკში ბუხრის ნაშთი გამოვლინდა, როგორც ჩანს, კოშკები საცხოვრებლადაც გამოიყენებოდა. უკეთაა შემონახული კარიბჭე „ცოტა კარი“. მოგვიანებით, ციტადელის განახლებისას, კარს გარედან ოვალური ბურჯისმაგვარი მოცულობა მიაშენეს, რის შედეგადაც ის უფრო შეუვალი გახდა. კარიბჭეს უერთდებოდა წყაროსთან დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი. გვირაბის ფსკერზე თიხის მილების სისტემა და ჰიდრავლიკური ხსნარით შელესილი წყლის აუზია. სავარაუდოდ, მთავარ რეზერვუარში წყლის ამოქაჩვა ე.წ. „არტერიული“ წესით ხდებოდა, რაც წყალომარაგების ძალიან რთული მექანიზმია. შიდაციხეში გამოვლენილია ხის საცხოვრებელი ნაგებობებისა და ქვით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების კვალი. ციხე-ქალაქის განვითარების მეორე ეტაპი, IV საუკუნის შუა ხანები, ინტენსიური მშენებლობითა და სასიმაგრო სისტემის სრულყოფით ხასიათდება. ამ პერიოდში ხდება შიდაქალაქის შემოზღუდვა ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით და ქალაქის ძირითადი ნაწილისგან მისი გამოყოფა, ციხე-ქალაქი ორნაწილიანი ხდება – შიდაციხე და შიდაქალაქი. შიდაქალაქის გალავნის კედლები გამაგრებულია სწორკუთხა ბურჯებით. ბურჯები ერთმანეთთან თაღებით იყო დაკავშირებული, მათ თავზე კი საბრძოლო ბაქანი იქმნებოდა. შიდაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს „სამეფო სასახლე“ (ციხე-დარბაზი), რომელიც მასშტაბითა და დახვეწილობით გამოირჩევა. იგი მრავალსათავსოიანი, მართკუთხა ფორმის ნაგებობაა და მოიცავს დიდ დარბაზს, მცირე დარბაზს, მისაღებსა და სათავსებს. შენობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. იატაკი აგურით ყოფილა მოკირწყლული. IV საუკუნის შუა ხანებში შიდაქალაქის ტერიტორიაზე, ბაგრატის ტაძრის ადგილას იგება დიდი სამნავიანი ბაზილიკა (ფარავს ბაგრატის ტაძრის იატაკი), რომელიც ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების შესწავლის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. ბაზილიკას აღმოსავლეთით შემაღლებული, სწორკუთხა საკურთხეველი და პასტოფორიუმები ჰქონდა. ნავები გამოყოფილი იყო ხის ბურჯებით. შენობას დასავლეთიდან ნართექსი ეკვროდა, ჩრდილოეთიდან – სანათლავი, მინაშენი არსებობდა სამხრეთითაც. ტაძარი VI საუკუნის შუა ხანებში განადგურდა. ამავე პერიოდს მიეკუთვნება შიდაციხის ტერიტორიაზე გამოვლენილი სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც შესაძლოა „სამლოცველო სახლი“ ყოფილიყო.

V საუკუნეში გალავნით შემოიზღუდა უფრო დიდი ნაწილი და ციხე-ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაემატა მესამე ნაწილი – ქვედა ქალაქი, რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა. ზღუდე-გალავანი გამაგრებულია მძლავრი სწორკუთხა კოშკებით. V საუკუნის ბოლოს ქალაქმა ნგრევა განიცადა, რაც თავდასხმის შედეგი უნდა იყოს, თუმცა მალევე ფართო მასშტაბის აღდგენითი და სააღმშენებლო სამუშაოები დაიწყო. V-VI საუკუნეთა მიჯნაზე განახლდა მთელი სასიმაგრო სისტემა, ამ პერიოდში გადაკეთდა ციტადელი, კედლები გამაგრდა გოდლედებით, განახლდა კოშკები და კარიბჭეები. ყურადღებას იქცევს ციხე-ქალაქის დედაბურჯი დახვეწილი და რთული გეგმით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. V-VI საუკუნეებს მიეკუთვნება შიდაციხეში მდებარე სამნავიანი, შვერილაფსიდებიანი ბაზილიკა, რომელზეც XIII საუკუნეში წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია დაშენდა. V-VI საუკუნეებით თარიღდება ასევე შიდაქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე აბანო, რომელიც სამჯერაა განახლებული და გადაკეთებული. ამავე პერიოდშია აგებული ხიდი რიონზე, რომლისგანაც მხოლოდ ერთი ბურჯია შემორჩენილი ჯაჭვის ხიდის აღმოსავლეთით. ჩანს, V-VI საუკუნეებში ქუთაისი დიდი ქალაქი და ეგრისის სამეფოს მთავარი რელიგიური და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრია.

VI საუკუნის II ნახევრიდან VII საუკუნის I ნახევრის ჩათვლით, სავარაუდოდ, ქუთაისში ბიზანტიელთა გარნიზონი დგას და ამ პერიოდში რაც კი კეთდება ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბიზაინტიელთა ინტერესებს შეესაბამება. VI საუკუნის ნაგებობათაგან ყურადღებას იქცევს ორნავიანი, შვერილაფსიდიანი ეკლესია შიდაქალაქის სამხრეთ ნაწილში. იგი თავიდან დარბაზული ნაგებობა ყოფილა, მოგვიანებით კი გვერდითა ნავი მიუშენებიათ. VII საუკუნეში ქუთაისის IV საუკუნის დიდი ბაზილიკის ადგილას იგება ახალი, სამნავიანი, შვერილაფსიდიანი ბაზილიკა, რომელიც VIII საუკუნეში არაბთა (მურვან ყრუს) შემოსევას შეეწირა. VIII საუკუნიდან ქუთაისი დასავლეთ საქართველოს სატახტო ქალაქია. ამ პერიოდში კვლავ ხდება ქალაქის სასიმაგრო სისტემის არდგენა-განახლება. შიდაციხის ტერიტორიაზე იგება ახალი სამეფო სასახლის კომპლექსი, აგურის სასახლით, აბანოთი, წყალგაყვანილობითა და კარის ეკლესიით, რომელმაც X საუკუნემდე იარსება. კარის ეკლესია მდებარეობდა წმ. გიორგის ეკლესიის ადგილას, სასახლე ეკლესიის სამხრეთით, აბანო კი – „ცოტა კარის“ მახლობლად. VIII-IX საუკუნეებში განადგურებული დიდი ბაზილიკის ადგილას სამნავიანი, მკლავებიანი ბაზილიკა შენდება. მკლავებიანი ბაზილიკაში გამოყენებულია ადრინდელი ნაგებობების ნაშთები და სახეცვლილია ეტაპობრივად. ნაგებობას საინტერესო გეგმარება აქვს, იგი სამნავიანი ბაზილიკაა, თუმცა ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს.

X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან ერთი საუკუნის განმავლობაში ქუთაისში დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობდა. 978 წლიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სამეფოს დედაქალაქია. X-XI საუკუნეებში შიდა ქალაქში, დიდი ბაზილიკების სამი ფენის ადგილას, იგება ჯვარ-გუმბათოვანი დიდი კათედრალი – ბაგრატის ტაძარი. ამავე პერიოდში შენდება შიდაციხეში ბაგრატიონთა სამეფო სასახლე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. სასახლის ნაწილი დაშენებულია VIII-IX საუკუნეების აგურის სასახლეზე. XI საუკუნის II ნახევარში ქალაქმა ორჯერ განიცადა რბევა, ქართველი დიდებულებისგან და თურქებისგან, თუმცა, როგორც ჩანს, აღდგენა სწრაფად ხდებოდა. თურქობისას დარბეული ქუთაისის გაძლიერება დავით აღმაშენებლის მოღვაწობას უკავშირდება. დროთა განმავლობაში ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა და ახალი უბნები დაემატა, ქუთაისის სიახლოვეს შენდება ისეთი მნიშვნელოვანი კომპლექსი, როგორიცაა გელათის მონასტერი. ქუთაისის ნაქალაქარი ქართული კულტურის ერთ-ერთი მასშტაბური, მრავალფეროვანი და საინტერესო ძეგლია.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *