მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კლდოვანი მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი VI საუკუნის ბოლოთი და VII საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო ძეგლია. მცხეთის ჯვარი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მცხეთის ჯვრის არქიტექტურამ საფუძველი ჩაუყარა „ჯვრის ტიპის“ ტაძრების მშენებლობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილის ტაძარი, ჩამხუსის ტაძარი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის არქიტექტურული ტიპი, რომელსაც მცხეთის ჯვარი მიეკუთვნება, მხოლოდ საქართველოსა და სომხეთშია (ავანი, ეჩმიაძინის რიფსიმე, თარგმანჩაცი, ადიამანი) ცნობილი. ამ არქიტექტურულ ტიპს საქართველოში ნინოწმინდის კათედრალმა დაუდო სათავე, სომხეთში კი უადრეს ნიმუშად ავანის ტაძარი მიიჩნევა. ქართული ნიმუშებისგან განსხვავებით, სომხეთში ყველა კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის გეგმა სწორკუთხედშია ჩაწერილი, საქართველოში კი სწორკუთხედში ჩაწერილი მაგალითი არ გვხვდება. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის არქიტექტურული ტიპი მარტივი ტეტრაკონქის გართულებას წარმოადგენს. ამ ტიპის ძეგლებში ტეტრაკონქის ოთხი აფსიდის შეერთების კუთხეებში ოთახების დამატებით გუმბათისთვის ოთხის ნაცვლად რვა საყრდენი ჩნდება და ხუროთმოძღვარს გუმბათქვეშა სივრცისა და, შესაბამისად, ტაძრის მასშტაბების გაზრდის საშუალება მიეცა. მცხეთის ჯვრის ტაძარში ასევე ჩანს ახალი ნაბიჯები საფასადო მორთულობის კუთხითაც. ჯვრის ტაძარს ახასიათებს ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტურობა, შენობის ცალკეული ნაწილების ჰარმონიული კავშირი, მთავარისა და მეორეხარისხოვანის დიფერენცირება, შიდა სივრცისა და გარეგნული სახის მხატვრული შესატყვისობა და პროპორციების დახვეწილობა. კომპოზიცია მშვიდი და გაწონასწორებულია. პროპორციები მასიურობის მიუხედავად მძიმე არ არის. მშენებლობის ხარისხი ძალიან მაღალია. ზომიერი დეკორატიული მორთულობა ორგანულად ერწყმის არქიტექტურას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ასევე ორგანული კავშირი გარემოსთან და კონსტრუქციული გადაწყვეტის ლოგიკურობა. მცხეთის ჯვარი ლანდშაფტისა და არქიტექტურის ჰარმონიული და ორგანული ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია.
მცხეთის ჯვრის ტაძრის სახელწოდება ამ ადგილას მირიან მეფის მიერ აღმართულ ჯვარს უკავშირდება. მირიან III-ს ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებში აღუმართავს აქ ხის მაღალი ჯვარი წმ. ნინოს მითითებით, რომლის ოქტოგონალური კვარცხლბეკი დღემდეა შემორჩენილი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ცენტრში. 545-586 წლებს შორის ქართლის ერისმთავარმა გუარამმა მირიანის აღმართული ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ან “მცირე ჯვარს” უწოდებენ. VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში, 586-605 წლებს შორის კი გუარამის ძემ — ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით დიდი ტაძარი ააგო, რომლის ინტერიერშიც მოექცა ხის ჯვარი. მცხეთის ჯვრის ტაძარის აღმოსავლეთ ფასადმა შემოგვინახა საქტიტორო რელიეფები წარწერებით: “ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოზ ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე”; “წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსეს ვიპატოსსა მეოხ ეყავ”; “წმიდაო სტეფანე, ქობულ სტეფანოზი შეიწყალე”. ხის ჯვრის კვარცხლბეკზე იყო შემდეგი წარწერა: “ესე ჯოვარი მცხეთისა შევამკევით სალოცველად სტეფანოზ პატრიკიოსისა, დემეტრე პატოსისა, ადრნერსე ვიპატოსისა, სოვილთა და ხორცთა მათთა მეოხად და ყოვლისა სახლისა მცველად”. კვარცხლბეკის უკანა მხარეს იყო სომხური წარწერა. სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ოთახის სამხრეთ კედელზე, შესასვლელი თავზე კიდევ ერთი წარწერაა: “ქ. წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯოვარისაითა, მე თემესტია, მხევალმან ქრისტესმან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სოვილისა ჩემისა, თაყვანისსაცემელად დედათა”. ამ წარწერის საფუძველზე, გ. ჩუბინაშვილმა სამხრეთ-დასავლეთ სათავსი საქალებოდ მიიჩნია. ადრეული შუა საუკუნეების შემდგომ ჯვრის ტაძრის ისტორიის შესახებ ცნობები თითქმის აღარ გვხვდება. X საუკუნის მატიანეში შემონახულია ცნობა, რომ მცხეთის ჯვარი დაუწვავთ: “ამავე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი და დაწუეს ჯვარი მცხეთისაი”. მნიშვნელოვან ზიანზე მეტყველებს თავად ნაგებობა. დაზიანება სახურავის გაფუჭებასა და, შესაძლოა, შიგნიდან სიცხის მოულოდნელ ზემოქმედებასაც უკავშირდებოდეს. როგორც ჩანს, ჩამონგრეულა გუმბათის თაღის ნაწილი, ჩამოშლილა მკაფიოდ გამოყვანილი კამარებისა და კედლების კუთხეები და ა.შ. ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების დასაწყისშივე აღუდგენიათ. ძეგლს გარკვეული ცვლილებები გვიან შუა საუკუნეებშიც განუცდია, მაგალითად, ერთ-ერთ კუთხის ოთახში დაბალი თაღი ჩაუშენებიათ, ლეკთა შემოსევებისას საფარად.
ძეგლის აღწერა
ჯვრის მონასტრის კომლექსი ჯვრის მცირე ტაძარს, დიდ ტაძარს, გალავანს, კოშკის ნანგრევებსა და სხვა ნაგებობათა ნაშთების მოიცავს. მთავარი ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა და 586–605 წლებით თარიღდება. ეკლესია კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვნება. იგი ნაგებია ღია მოვარდისფრო ქვიშისფერი, ზოგან კი შედარებით მუქი, კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. წყობაში რიგების ჰორიზონტალობა მკაცრადაა დაცული. ტაძარი მასშტაბითა და ფორმათა დანაწევრებით მთის კლდოვან დაბოლოებასა და გარემოს ორგანულად ერწყმის. შესასვლელი ორია, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან. სამხრეთიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ოთახს. ეკლესია მოსწორებულ სწორკუთხა მოედანზე დგას. ნაგებობას ორსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. შენობის კომპოზიციური ცენტრი გუმბათქვეშა კვადრატი და რვაწახნაგა ყელზე დამყარებული გუმბათია. გუმბათქვეშა სივრცეს ოთხი მხრიდან აფსიდები ებმის, რომელთა შორისაც კუთხის ოთახებია მოწყობილი. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებული ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. გუმბათქვეშა სივრცეს ოთახები კუთხეებში წრის 3/4 მოხაზულობის ღრმა ნიშებით უკავშირდება. “ჯვრის ტიპის” ძეგლების უშუალო წინამორბედი ნინოწმინდის ტაძარია, თუმცა ჯვარში ნინოწმინდის კომპოზიცია განვითარებული და მხატვრულ სრულყოფილებას აღწევს. ნინოწმინდასთან შედარებით აქ ერთი არსებითი ცვლილებაა შეტანილი, კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, არამედ — აფსიდების ღერძების პარალელურად. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი მცირედით უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა, რადგან საკურთხეველისა და დასავლეთი აფსიდების წინ ბემებია. ბემები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. შესანიშნავადაა გააზრებული განათების სისტემა. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია, საკურთხეველში სამი, სამხრეთის აფსიდში კარი და სარკმელია, დასავლეთისაში — ერთი სარკმელი, ჩრდილოეთისაში კი — მხოლოდ ერთი შესასვლელი. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა სამ რიგად განლაგებული ტრომპებით ხორციელდება. გუმბათის ნახევარსფეროში რელიეფური ჯვარია, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს. კუთხის ოთახები კვადრატულია, ოთხივე მხარეს თაღოვანი შეღრმავებებით, რაც მათ გეგმაში ჯვრისებრ მოხაზულობას ანიჭებს. ოთახები გადახურულია ჯვრული კამარით. ტაძრის თითქმის ცენტრში ჯვრის რვაწახნაგა პოსტამენტი დგას. მის წყობაში წარწერიანი ქვა იყო ჩართული, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ტაძრის ინტერიერი შეულესავი იყო. როგორც ჩანს, მხოლოდ საკურთხევლის კონქში იყო მოზაიკა. სამხრეთის შესასვლელს კარიბჭე ეკვროდა.
მცხეთის ჯვრის ტაძრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს შიგა დანაწევრებას, თუმცა აქ არ არის შიდა კონტურთა მხოლოდ პასიური განმეორება, არამედ შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს არის პირველი მაგალითი შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, სადაც საფასადო გადაწყვეტა დამოუკიდებელ, შეგნებულად გააზრებულ, მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამ დროიდან მოყოლებული ეს ასპექტი ქართული არქიტექტურის სახასიათო ნიშანი გახდება. ტაძრის კომპოზიციის მთავარი ნაწილების შემაკავშირებელი კვანძი გუმბათქვეშა კვადრატია, რომელსაც სადა ლავგარდანი შემოსდევს. მის ზემოთ რვაწახნაგა, ფართო, მკაფიოდ გამოკვეთილი ფორმების გუმბათის ყელია აღმართული. გუმბათის ყელს ადრეული შუა საუკუნეებისთვის სახასიათო, პატარა თაღებისგან შედგენილი კბილანა ლავგარდანი ასრულებს. სახურავი სფერული გუმბათის ფორმას ეხმიანება. ცენტრალური კვადრატიდანაა გამოზრდილი ოთხი აფსიდალური, ექსტერიერში სამწახნაგა მკლავი. მკლავები აქცენტირებულია იმით, რომ ისინი კუთხის ოთახებზე უფრო მაღალია და ასევე უფრო მეტად არიან წინ წამოწეული. აფსიდებსა და კუთხის ოთახებს შორის მცირე სიღრმის, გეგმაში სწორკუთხა, თაღოვანი ნიშებია. მორთულობის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ ფასადს. მისი ცენტრალური შვერილის ყოველ წახნაგზე თითო სარკმელია. სამივე სარკმელი საერთო, მოჩუქურთმებული სათაურით ერთიანდება. სარკმლების თავზე ქტიტორთა სამი რელიეფური გამოსახულებაა, რომლებსაც წარწერებიც ახლავს. შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი ქართლის ერისმთავარი — სტეფანოზი I-ა გამოსახული, მარცხნივ — სტეფანოზის ძმა დემეტრე, მარჯვნივ — ერისმთავარი ადარნესე, შვილთან ქობულ-სტეფანოზთან ერთად. ადარნასესა და დემეტრეს ფიგურებს ზემოთ მფრინავი მთავარ ანგელოზების — გაბრიელისა და მიქაელის გამოსახულებებია. ქობულ-სტეფანოზის კიდევ ერთი გამოსახულება (წმ. სტეფანეს წინაშე) სამხრეთ ფასადზე გვხვდება. გუმბათის ყელზე მუხლმოყრილი, სადად ჩაცმული საერო პირის გამოსახულებაა, რომელიც ხუროთმოძღვრადაა მიჩნეული. სამხრეთის შსასვლელის ტიმპანზე ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული, საქალებოს შესასვლელის თავზე კი — ქრისტეს ამაღლების კომპოზიცია. სამხრეთის ნიშებშიც რელიეფთა ძალიან დაზიანებული ნაშთებია შემორჩენილი. აღმოსავლეთ ნიშაში ღვთისმშობლის მკერდამდე გამოსახულება ყოფილა, ორივე მხრიდან მუხლმოყრილი ფიგურებით. დასავლეთ ნიშაში გამოსახული ყოფილა მაცხოვარი, მის ერთ მხარეს მუხლმოყრილი მამაკაცის ფიგურა ყოფილა, მეორე მხარეს კი ქალი ჩვილთან ერთად. ტაძრის სარკმლები მცენარეული მოტივებით დეკორირებული სათაურებითაა შემკული. ტაძრის რელიეფები ქართულ ქანდაკებაში ანთროპომორფული გამოსახულების ადრეული ნიმუშია. რელიეფებს ერთი მხრივ ანტიკურობიდან შემორჩენილი პლასტიკურობა, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთქრისტიანული სამყაროსთვის ჩვეული პირობითობა ახასიათებს.
ჯვრის მცირე ტაძარი დიდი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი 545-586 წლებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით სწორკუთხედშია ჩაწერილი, შიგნით კი ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს. ჯვრის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები ძალიან მცირე სიღრმისაა. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალობა მკაცრად არის დაცული. ნაგებობის ცენტრალური კვადრატი ჯვრული კამარით ყოფილა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის წინაც ღრმა ბემაა. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. გარედან ცენტრალური ჯვრული კამარაცა და ჯვრის მკლავებიც ერთიან ორკალთა გადახურვაშია მოქცეული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მოზრდილი სარკმლებია გაჭრილი, დანარჩენ ორ კედელში კი — შესასვლელები. ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის კონქი მოზაიკით იყო შემკული. ტაძრის დასავლეთ კედელში თაღოვანი ნიშია განედლებული ჯვრის გამოსახულებით. შესასვლელებს კარიბჭეები ეკვრის. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძრებს აერთიანებს. ჩრდილოეთის კარიბჭისთვის მოგვიანებით აღმოსავლეთიდან აფსიდი მიუშენებიათ. კარიბჭეების თაღები პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრები პროფილირებული ბაზისებითა და კოვზისებრი ორნამენტით შემკული კაპიტელებითაა დეკორირებული. კარიბჭეებს ქვის საზეიმო, მაღალი, ღია კიბეები ჰქონდა. ეკლესია მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე დგას. ტაძრის ქვეშ კრიპტაა.
კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა, რომელიც გეგმით არაწესიერი მრავალგვერდაა და მთის რთულ რელიეფს მიჰყვება. მისგან მხოლოდ XVI-XVII საუკუნეების მცირე ფრაგმენტმა მოაღწია. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში სამი სართულის დონეზე შემორჩენილი კოშკია. კოშკი რიყის ქვითაა ნაგები. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. ჩანს სართულშუა კოჭოვანი გადახურვის ნაშთები. პირველი სართულის კედლებში სამი სათოფურია, მეორე სართულზე კი — ორი სარკმელი და ორი ოთკუთხა ნიში. მეორე სართულზე, აღმოსავლეთით პატარა კამაროვანი სათავსია ერთი სარკმლით. მესამე სართულიდან მხოლოდ 1 მეტრის სიმაღლის კედლებია დარჩენილი. დიდი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მეორე კოშკის ნანგრევებია, რომლის პირველი სართული ცილინდრულია, მეორე კი — ოთკუთხა. ჯვრის კომპლექსის სამხრეთით შეიმჩნევა მეორე გალავნის კვალი.
იხილეთ კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქები ⇒
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბერიძე, ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I, ტომი II, 2014, თბილისი. (მიჰყევით ბმულებს: ტომი I, ტომი II).
- თუმანიშვილი, დ., ხუნდაძე, თ., მცხეთის წმ. ჯვრის ტაძარი, 2008, თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- Чубинашвили, Г., Памятники типа Джвари, 1948, Тбилиси. (მიჰყევით ბმულს).
- ჩუბინაშვილი, გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტომი I, 1936, ტფილისი. (მიჰყევით ბმულს).
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V, 1990, თბილისი.
რესურსები ინტერნეტში:
- მცხეთის ჯვარი. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- მცხეთის ჯვარი. კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- მცხეთის ჯვარი. saunje.ge ⇒
- ჯვრის მონასტერი. novators.ge ⇒
- მცხეთის ჯვრის მონასტერი. ka.wikipedia.org ⇒
- Church of the Holy Cross near mtskheta (Jvari church). atinati.com ⇒