გურიის ერისთავების რეზიდენცია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და გორაბერეჟოულის ბაღში დგას, რომლის გაშენება მიხეილ ერისთავმა წამოიწყო XIX საუკუნეში. პარკში გვხვდება იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: ფანქრის ხე, ტკბილი ჰოვენია, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა. რეზიდენცია გალავნით დაცულ საბრძოლო დანიშნულების ციხე-დარბაზს წარმოადგენს. ციხე-დარბაზი ჩრდილო-სამხრეთის ღერძზეა წაგრძელებული. სასახლეს სამხრეთით 4-6 მეტრის სიმაღლის, რიყის ქვით ნაშენი გალავანი აქვს მიდგმული. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები სამხრეთის კედელზე უფრო გრძელია, ჩრდილოეთით კი სასახლეა. სამხრეთით გალავნის კედლების შეერთების ადგილი მომრგვალებულია. გალავანს სათოფურები შემოუყვება. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე საბრძოლო ბილიკები შეინიშნება. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ღიაცისქვეშ მარანია მოწყობილი. დასავლეთ კედელთან მიშენებულია საწნახელი, რომელიც ნაგებია პატარა ზომის რიყის ქვებით კირის ხსნარზე. სასახლის ეზოსკენ მიმართული ფასადი შვიდ სვეტზე დაყრდნობილი შუშაბანდია. სვეტები თლილი ქვიშაქვის კვადრებითაა ნაგები და ბრტყელი კაპიტელებით სრულდება. პირველ სართულზე ორი ოთახია. აღმოსავლეთით მდებარე ოთახში ბუხარია. მეორე სართულზე აღმოსავლეთიდან ბეტონის კიბით ავდივართ, რომელიც გალავანზეა მიდგმული. მეორე სართულის ორივე ოთახის კარი შუშაბანდიან კორიდორში გადის. აღმოსავლეთ ოთახში ჩრდილოეთ კედელში აივანზე გასასვლელი კარია გაჭრილი. ოთახებს შორის გამავალი კარია. ბუხარი მეორე მოწყობილია მეორე სართულზეც. დარბაზის ჩრდილოეთ ფასადზე გამავალი აივანი აღარ არის შემორჩენილი. სასახლე ნაგებია რიყის ქვით, ფანჯრებისა და აივანზე გამავალი კარების წირთხლები კი ქვიშაქვის თლილი კვადრებითაა ამოყვანილი.