ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი

ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყარო-ივანოვკის გზაზე მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება და მეფის ან რომელიმე დიდი ფეოდალის საზაფხულო რეზიდენციად მიიჩნევენ. კომპლექსი ინტენსიურად ყოფილა გამოყენებული XI-XIII საუკუნეებში. მას თამარ მეფის სასახლესაც უწოდებენ. ნადარბაზევი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, იოანე ბაგრატიონის “ქართლ-კახეთის აღწერა”. ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს: “ჭივჭივის წყალი სდის ბენდერის მთასა და მოდის სამხრით; არს ვენახოვანი, ხილიანი, არამედ მთისკენ არა. ამის სადინს არს ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი. აქა არს ტბა მცირე”. ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი შუა საუკუნეების ქართული საერო ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო და საყურადღებო ნიმუშია. აღსანიშნავია ძეგლია ნადარბაზევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დიდი ოსტატობით აგებული წყალსადენი.

 

არქიტექტურა

ნადარბაზევის სასახლის კომპლექსის გალავნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, რომელიც 2,8 ჰა ფართობს მოიცავს, განლაგებულია ძირითადი ნაგებობები, მათ შორის სასახლე, საცხოვრებელი შენობა და წყლის რეზერვუარი. ანსამბლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი სასახლის მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ნასოფლარია შემორჩენილი. გალავანი ოვალური ფორმისაა და თლილი ქვითაა მოპირკეთებული. მას ოთხი შესასვლელი ჰქონია. მთავარი ჭიშკარი სამხრეთიდანაა, სასახლის მთავარი ფასადის პირდაპირ და მისი სიგანე 3 მეტრს აღწევს. გალავნის შიგნით არაერთი ნაგებობა ყოფილა, თუმცა მათგან მხოლოდ ორია შედარებით უკეთ შემორჩენილი – სასახლე და საცხოვრებელი შენობა.

სასახლე IX-X საუკუნეებით თარიღდება და გეგმით სწორკუთხა ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც ჩრდილოეთიდან დამხმარე სათავსი ერთვის. ნაგებობას ოთხი კარი აქვს, აქედან სამი გარე სივრცეში გადის, ერთი კი დამხმარე სადგომს უკავშირდება. ყველა შესასვლელს თაღოვანი ტიმპანი ჰქონია, ასევე თითოეული მათგანი ფლანკირებულია თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების კუთხეებში წყვილ-წყვილად ოთხი სწორკუთხა ნიშია დატანებული. ინტერიერში გამოვლინდა სვეტის ოთხი ბალიში. სასახლის კედლები ამჟამად 5-6 მ სიმაღლისაა, თუმცა ის თავდაპირველად გაცილებით მაღალი ყოფილა. კედლების შიდაპირი ბაზალტის დიდი ქვებითაა ნაგები, რომელთა ზედაპირი კარგადაა გათლილი, მაგრამ კიდეები უსწორმასწოროა და ერთმანეთთან მჭიდროდ არაა მორგებული. შესაძლოა სასახლის ინტერიერი შელესილი და მოხატულიც კი ყოფილიყო, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია. დარბაზი ხის კოჭებით იყო გადახურული. ფასადები შემოსილია დამუშავებული ბაზალტის ქვებით. გალავნის ტერიტორიაზე და ზოგიერთი გვიანდელი შენობის კედლებში ოთხი მოზრდილი ბაზისი გამოვლინდა, რომლებიც თავიდან სავარაუდოდ სასახლეს ეკუთვნოდა. დამხმარე სადგომის კედლები დარბაზის კედლებთან კონსტრუქციულად არაა დაკავშირებული, მაგრამ ორივე ერთდროულადაა აგებული. სასახლე გადახურული ყოფილა ბრტყელი კრამიტით, რომელთაგან ზოგიერთზე რელიეფური სტილიზებული ყვავილია გამოსახული.

სასახლის დასავლეთით, დაახლოებით 20 მ-ის დაშორებით გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის შენობა დგას, რომელიც სასახლის დამხმარე ნაგებობას წარმოადგენდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. შესასვლელში მოწყობილი ყოფილა საკეტის სისტემა. შემორჩენილია ორი სარკმელი, რომლებითაც შესასვლელია ფლანკირებული. ნაგებობის კედლებში დატანებულია სხვადასხვა ზომის თაღოვანი მაღალი ნიშები. იატაკი მომწვანო ფერის თხელი ქვის ფილებით ყოფილა მოგებული. კედლების გარეპირი სასახლის მსგავსადაა მოპირკეთებული. ნაგებობას შემოვლებული ჰქონია თლილი ქვის ერთსაფეხურიანი ცოკოლი. ამ შენობასა და სასახლეს შორის სწორკუთხა გეგმის აგურის ნაგებობის ნანგრევია, რომელიც აბანოს ან წყლის აუზს წააგავს.

ნადარბაზევში აღმოჩენილია წყალსადენი, რომლის სათავე სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მილსადენი სასახლის გალავანს ჩრდილოეთიდან ადგება, გადის მის ქვეშ, მიემართება ზევით, უვლის სასახლეს სამხრეთის მხრიდან და ახლოს მდებარე აგურის შენობასთან იკარგება. იგი შედგენილია ცალკეული კერამიკული მილებისაგან. წყალსადენი აგებულია მძლავრი ჭავლის პრინციპზე, რაც მილსადენის კვეთის თანდათანობით შემცირებითაა მიღწეული. წყლის წნევის გასაძლებად იზრდება მილების კვეთის სისქე. მილსადენის მოსაწყობად ნიადაგსა და კლდეში ქვის ფილებით შემოღობილი არხია გაჭრილი, რომელიც დუღაბის სქელი ფენითაა ამოლესილი. მილებს ზემოდან ქვიშის ფენა ფარავდა, რომელიც მომწვანო ფერის ფილაქნითაა გადახურული. წყალსადენი აგებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.