ქციის მონასტერი

ქციის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქციის (ჩათახი) მიმდებარედ. კომპლექსი მოიცავს ტაძარსა და საცხოვრებელ ნაგებობას სამეურნეო სათავსებით. ტაძრის გარშემო შეინიშნება აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. ქციის ეკლესია VIII-IX საუკუნით თარიღდება, საცხოვრებელი ნაგებობა კი – განვითარებული შუასაუკუნეებით. კომპლექსი ამჟამად აღდგენილია, სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მონასტერმა განსაკუთრებულ აღმავლობას XI-XIII საუკუნეებში მიაღწია, რასაც აქ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს. ქციაში სამონასტრო ცხოვრება XIV-XV საუკუნეებში შეწყვეტილა, რაც სავარაუდოდ თემურ-ლენგის შემოსევებს უკავშირდება. საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებში აღმოჩნდა მონღოლური ტიპის შურდულის ქვები, ასეთი ქვები ყველა იმ ადგილასაა ნაპოვნი, თემურ-ლენგმა ილაშქრა. XV საუკუნის შემდეგ, ტაძრიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით სოფელი გაშენდა, რომელმაც XVIII-XIX საუკუნეებამდე იარსება. ამ პერიოდში ეკლესია აღუდგენიათ და მის გარშემო სასაფლაო მოუწყვიათ. ტაძრის შესასვლელში ქვაზე ამოტვიფრულია ასომთავრული წარწერა: “ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია”. 

ქციის ეკლესია სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის გვერდითა ნავები შუა ნავთან შედარებით უფრო დაბალია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავებში ეკვდერები ყოფილა მოწყობილი. ტაძარს არანაირი მორთულობა არ აქვს. იგი ნაგებია დაუმუშავებელი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვით კირის დუღაბზე. დამუშავებული და ნახევრად დამუშავებული ქვები გამოყენებულია შესასვლელსა და სარკმლებზე. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, რომელიც სწორკუთხაა და თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით დგას საცხოვრებელი ნაგებობა მარნითა და დამხმარე სამეურნეო სათავსოებით. ეკლესიის ეზოში ახალაშენებული კელიებია. მონასტერი დღესდღეობით მოქმედია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *