გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია

გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გომარეთში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობას ეტყობა სხვადასხვა პერიოდის აღდგენების კვალი. ეკლესია საყურადღებოა საინტერესო რელიეფებით. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, ჩრდილოეთის მინაშენით. მინაშენის თავზე, დასავლეთ კიდეზე აღმართულია ოთხზახნაგა სამრეკლო, რომელიც ყოველ მხარეს სვეტებზე გადასული თითო თაღითაა გახსნილი. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტრიუმფალური თაღი ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. დარბაზი გადახურულია კამარით. კამარის საბჯენი თაღები კრონშტეინულ კაპიტელებს ეყრდნობა. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ორივე არქიტრავულია. ყურადღებას იქცევს ეკლესიის მორთულობა. შესასვლელების თავზე დიდი ზომის რელიეფური ფილებია განთავსებული. ჩრდილოეთ შესასვლელის თავზე ჯვრის, წმ. გიორგისა და ჯვრიანი მედალიონის რელიეფური გამოსახულებები გვხვდება, რომლებიც წნულ ჩარჩოშია მოქცეული. სამხრეთის შესასვლელის თავზე ჩარჩოში ჩასმული გოლგოთის ჯვარია გამოსახული. ტაძრის ყველა სარკმელს განსხვავებული მოჩარჩოება აქვს. აღმოსავლეთის ფასადი გადაწყობილია. ფასადებზე გვხვდება ე.წ. ბოლნური ჯვრების რელიეფები, სხვადასხვა ტიპის დახვეწილი ჩუქურთმები, მედალიონები და ლაპიდარული წარწერები. კედლებს სადა ლავგარდანი ასრულებს, რომელიც სამკუთხედების გეომეტრიული მოტივითაა დეკორირებული. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი სხვადასხვა ფერისა და ზომის ქვით, სამხრეთის ფასადზე გამოყენებულია განსაკუთრებით დიდი ზომის ქვები. ტაძრის ეზოში გვხვდება შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი რელიეფური საფლავის ქვები. წმ. გიორგის ეკლესიიდან დაახლოებით 50-100 მეტრში შეგიძლიათ მოინახულოთ XI საუკუნის ტაძარი – კუხის ღვთისმშობელი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.