შაორის ციკლოპური ციხე

შაორის ციკლოპური ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შაორის მთაზე, ზღვის დონიდან 2752 მეტრზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ქოროღლის ციხის სახელითაც იხსენიებდნენ. იგი ბრინჯაოს ხანის, ძვ.წ. II ათასწლეულის, მეგალითური ნაგებობაა, რომელიც მშრალად, ციკლოპური წყობითაა ნაგები. შაორის ციხე ბუნებრივი პირობებით, მშენებლობის ტექნიკით, სტილისტური მახასიათებლებით პატარა აბულზე მდებარე აბულის ციკლოპურ ციხეს მიემსგავსება. შაორისა და აბულის ციხეების ზუსტი დანიშნულება ჯერჯერობით დაუდგენელია. მიჩნეულია, რომ ისინი არ იყვნენ მუდმივ საცხოვრებლად განკუთვნილი. ამ ნაგებობათა მდებარეობისა და გარკვეული თავისებურებების მიხედვით, რომელსაც არქიტექტურულ აღწერაში შევეხებით, სავარაუდოა, რომ ისინი საკულტო-სარიტუალო კომპლექსებს წარმოადგენდნენ და ასევე დროებით თავშესაფრადაც იყენებდნენ შიშიანობის დროს. შაორის კომპლექსი, შესაძლოა, დიდი საკულტო ცენტრი ყოფილიყო, რომელიც აბულის ციკლოპურ კომპლექსთან ერთად აერთიანებდა გარკვეულ „ქვეყანას“ და სავარაუდოდ, მასში შემავალ სხვა, მცირე პოლიტიკურ ერთეულებს. შაორის ციხე დიდი ხანია იქცევს მკვლევართა ყურადღებას, მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, მოგვიანებით ლალაიანი და გულისაშვილი, როსტომაშვილი და მელქისეთ-ბეგი კი უკვე დაწვრილებით აღწერას გვაწვდიან. უახლოეს წარსულში სიმაგრის შესახებ მიმოხილვა რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული დევი ბერძენიშვილსაც. ვახუშტი ბაგრატიონი შაორის ციხეს შემდეგნაირად აღწერს – “შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი”. როგორც ჩანს, ბრინჯაოს ხანაში ეს ტერიტორია აქტირურად ყოფილა დასახლებული, მრავლად გვხვდება როგორც ციკლოპური სიმაგრეები, ასევე ნამოსახლარ-ნაქალაქარები, ყორღანები და მენჰირები. მოსახლეობას შაორის ციხე-სიმაგრე შუასაუკუნეებშიც გამოუყენებია, რაზეც აქ აღმოჩენილი ორი ქვაჯვარა მეტყველებს.

 

არქიტექტურა

შაორის ციკლოპური ციხე ორი ნაწილისაგან შედგება და მთის ორ, მაღალ და დაბალ წვერზეა განლაგებული. შაორის მთა მორენული ღვარითაა დაფარული, ასე რომ სიმაგრისთვის საჭირო საშენი მასალა ადგილზევეა მოპოვებული. კომპლექსს გალავანი ევლება, რომლის შესასვლელითაც ქვედა ციხის ტერიტორიაზე ვხვდებით. ძირითადი ნაწილი მთის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს და არაწესიერი ფორმის, მძლავრი კედლით შემოზღუდულ ადგილს წარმოადგენს. კედელს შიგნიდან ორ სართულად მიშენებული აქვს სათავსოები, თუმცა მეორე სართული მხოლოდ სიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილშია შემორჩენილი. სათავსები ქვის ფილებითაა გადახურული, პირველი სართულის გადახურვა მეორე სართულის იატაკს ქმნის. სიმაგრეს ერთი შემოსასვლელი აქვს, აღმოსავლეთის მხრიდან, რომლის სიმაღლე 1.3 მეტრს უდრის. შესასვლელს ბაზალტის დიდი ფილებით მოგებული გზა ებჯინება, რომელიც ქვედა ციხის სიახლოვეს იწყება და ზედა ციხისკენ სერპანტინისებურად მიემართება. მისი ზედაპირი ადგილ-ადგილ სწორია, ზოგან კი საფეხურებია შექმნილი. გზის გასწვრივ სამი მოედანია გამართული. გზაზე და მოედნებზე მენჰირები ყოფილა აღმართული. პირველი მოედანი გზის მეორე მკვეთრ მოსახვევთან მდებარეობს და გზასთან ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. მისი ნაპირები ქვის ყორეებითაა გამაგრებული, იატაკზე კი, ადგილ-ადგილ, ქვის ფილებია შემორჩენილი. მეორე მოედანი გზის მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთითაა გამართული. გზას ისიც ვიწრო შესასვლელით უკავშირდება და აქაც ბაზალტის ფილებით მოგებული იატაკი გვხვდება. მის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, კედელთან 2.3 მეტრის სიმაღლის მენჰირია, რომელიც დღეისათვის გადახრილია და თითქმის იატაკზე დევს. მეორე მოედნიდან გზა საფეხურებად ადის მაღლა, შემდეგ კი სწორდება. აქვე მდგარა 2.9 მეტრის სიმაღლის მენჰირი, რომელიც ამჟამად წაქცეულია. ცენტრალური კოპლექსის ჩრდილო – აღმოსავლეთით მცირე სენაკი და მესამე მოედანია გამართული. მესამე მენჰირი, რომელსაც მელიქსეთ-ბეგი მონოლით-ობელისკს უწოდებს, სიმაგრეში შესასვლელთან მდგარა. მენჰირი დღეს აღარ ჩანს, სავარაუდოდ კედლის ნანგრევებითაა დაფარული. ისეთი დეტალები, როგორიცაა სათავსების იმდენად მცირე ზომები, რომ მათი საცხოვრებლად და სამეურნეოდ გამოყენება საეჭვოა და ასევე საკულტო მოედნებისა და მენჰირების არსებობა ძეგლის საკულტო ხასიათზე შეიძლება მიუთითებდეს. ქვის ფილებით ნაგები გზაც სარიტუალო პროცესიისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ამდენად, შაორის ციკლოპური ციხე შესაძლოა საკულტო კომპლექსს წარმოადგენდეს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.