თუშეთი

ფარსმაში კოხტა ციხეებს შენ ვერ დაუღებ კარებსა,
შიგნით ვერ გამორეკავდი ლამაზ-ლამაზსა ქალებსა.
შიგა ზის ალოს ალუდა, ქორი აფეთებს თვალებსა,
უკანვე დაგაბრუნებსა, მტირალს გაგგზავნის შინათა”…

ზღაპრების მხარე, სადაც დაკლაკნილი ბილიკებით ფერადოვან, ჩახვეულ ორნამენტებში მოგზაურობ, უძველეს ფარდაგებზე რომ გინახავს. სწორედ ასეთია თუშეთი დარაჯად მდგარი კოშკებით, ფერდობებს შეფენილი სოფლებით, მთებით, ნისლებით, ლეგენდებით, გაშლილი მინდვრებით, ფიჭვისა და არყის ტყეებით და ძალიან საინტერესო კულტურით. თუშური თავგადასავალი ჯერ კიდევ სტორის ხეობიდან, აბანოს უღელტეხილის ექსტრემალურობით ცნობილი გზიდან იწყება. თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით კახეთის რეგიონის, ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. იგი კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრზე. აღმოსავლეთით თუშეთს დაღესტანი ესაზღვრება, დასავლეთით – ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთი, სამხრეთით – კახეთი. თუშეთის ცენტრია სოფელი ომალო. აქაური სოფლები ზღვის დონიდან 1900 მ-დან 2400 მ-მდე ფარგლებშია განლაგებული. აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტიც – სოფელი ბოჭორნა. თუშეთი ყურადღებას იქცევს, როგორც კულტურით, ასევე ბუნების მშვენიერებით. აქ ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება ფიჭვი, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. 1981 წელს დაარსდა თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც გამორჩეულია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ულამაზესი ალპური მდელოებითა და ფაქტობრივად პირველქმნილი ტყეებით. ამ მხარეში დღემდე შემორჩენილია უძველესი სოფლები თავისი არქიტექტურით, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით, ტრადიციებითა და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებებით, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს მას. აქ დღემდე ცოცხლობს უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებსაც თავისებურად შერწყმია ქრისტიანობა, ღვთიშვილების გვერდით წმინდანებსაც დაუდიათ ბინა. ყველა სოფელს თავისი სალოცავი აქვს. სალოცავი ხატი რომელიმე წმინდანს ან ღვთაებას უკავშირდება. კულტის მსახურთა შორის პირველია დეკანოზი, იგივე ხელოსანი. დეკანოზს ჰყავს თანაშემწე – შულტა (ყველა გვარი თავის შულტას ირჩევს). თითოეულ გვარს ჰყავს ასევე თავისი ნათე. ნათეს ჰყავს სამი დამხმარე მაქალათი (დედა და ორი შვილი). დღეობები თუშეთში ივლისის პირველ რიცხვებში იწყება და მიყოლებით იმართება სხვადასხვა სოფელში. დღეობათა ამ ციკლს ათენგენობა ეწოდება. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ფერდობებს მიბჯენილი პატარა სოფლები, რომლებიც ფიქლით ნაგები, შეჯგუფებული ციხე-სახლებისა და კოშკებისგან შედგება. ციხე-სახლები პირვანდელი სახით მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი, რადგან მათ XIX საუკუნის II ნახევარში თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს და მოსახლეობამ ამ საცხოვრისების აივნიან სახლებად გადაკეთება დაიწყო. თუშეთის კულტურულ ძეგლთა შორის ყურადღებას იქცევს სოფელ დართლოში მდებარე ქართველ მთიელთა სასამართლოს ყველაზე სრულყოფილად შემონახული ნიმუში. დართლოს საბჭეო (სასამართლო) თორმეტი მსაჯულისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ თავბჭე (მოსამართლე) არაერთხელ ყოფილა ქალი. მოსამართლეებს სოფელი ირჩევდა. მსაჯულთა წინაშე ქვებზე მუხლმოყრით იდგნენ ბრალდებული, ბრალმდებელი და მოწმე. ჩრდილოეთ ნაწილში იყო საფიცარი ქვა, რომელზეც მსაჯულები იფიცებდნენ. ყველაზე მძიმე სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. დასჯილს უფლება ეძლეოდა, წლების შემდეგ სოფლისთვის დაბრუნების თხოვნით მიემართა. თუშეთში ოდითგანვე წამყვანი ადგილი ეჭირა მეცხოველეობას და დღემდე ასე გრძელდება, ფერდობებს შეფენილი ცხვარ-ძროხა და მწყემსთა ბინები მისი განუყოფელი ნაწილია. წარმოუდგენელია საუბრობდე თუშეთზე და მაშინვე არ გაგახსენდეს მისი უნიკალური ფოლკლორი, რომელშიც მძაფრად იგრძნობა ამ მხარის ხასიათი, კულტურა და ისტორია.

ისტორიულად თუშეთი რვა თემად იყოფოდა: ჭანჭახოვანი, ჩაღმა, ხეცურთა, გომეწარი, პირიქითი (აღმა), სამციხი, ივანაურთა და წოვათა, თუმცა დღესდღეობით ოთხ თემს გამოყოფენ და დანარჩენები ამ ოთხი თემის შემადგენლობაში შედის, ესენია: ჩაღმა (სოფლები: ომალო, შენაქო, დიკლო, ხისო, ჩიღო და სხვა), გომეწარი (სოფლები: ბოჭორნა, დოჭუ, ილიურთა, ბეღელა, გოგლურთა და სხვა), პირიქითი (სოფლები: დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო და სხვა) და წოვათა (სოფლები: ინდურთა, წარო, ეთელთა, შავწყალა და სხვა). წოვათაში წოვათუშები ანუ ბაცბები ცხოვრობენ, რომლებიც ქართულად და ბაცბურად საუბრობენ. ისინი ეთნიკურად ქართველები არ არიან, თუმცა საუკუნეებია ქართული ეროვნული ცნობიერება აქვთ. როდის გადმოსახლდნენ წოვები თუშეთში დაზუსტებული არ არის, მაგრამ წოვათაში ნასოფლარ წაროს აკლდამებიდან ამოღებული ნივთების შესწავლით გაირკვა, რომ დაახლოებით VIII-IX საუკუნეებიდან ეს სოფელი დასახლებული ყოფილა. თუშეთი უძველესი დროიდან, გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანიდან იყო დასახლებული, რაზეც აქ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა მეტყველებს. ქართულ საისტორიო წყაროებში ამ მხარის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც თუშეთი იხსენიება არის “მოქცევაი ქართლისაი”. იგი გვაწვდის ინფორმაციას IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ფხოველთა თუშეთში იძულებითი გადასახლების შესახებ: “დადგეს ჟალეთსა და უქადაგეს ერწო-თიანელთა, ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელიღეს. ხოლო ფხოველთა (ფშაველთა) დაუტოვეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს. არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი ოდეს არა ინებეს ნათლისღება”. IV ს-ის პირველ ნახევარში თუშეთი გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი მთიელების თავშესაფარი იყო. V საუკუნიდან ის იბერიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი გახდა, VIII საუკუნეში კი ხუნძახის თემთან ერთად წუქეთის საერისთაოში შედიოდა. სწორედ ამ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, თუმცა ქრისტიანობა ორგანული არ გამხდარა თუშეთისთვის და წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთან შერწყმული თავისებური სახე მიიღო. აქ დღემდე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა ხატ-სალოცავები და მათთან დაკავშირებული დღეობები და რიტუალები. VIII-IX საუკუნეებში, კახეთის სამთავროს შემადგენლობაში ყოფნის დროს, თუშეთი პანკისის საერისთავოში შედიოდა, მოგვიანებით კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დროს – კახეთის საერისთავოში. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ის კახეთის სამეფოში მოექცა, როგორც თუშეთის სამოურავო. ერისთავ-მოურავებს ხელი არ ჰქონდათ თუშების შინაურ წყობილებაში. თუშეთს თემური ადათებით ხევისბერები განაგებდნენ. აღსანიშნავია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას ეხება, ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და მათ მიერ კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ. თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში კახეთის მეფეების – თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით დაკანონებულა. XVII საუკუნის II ნახევარში თუშეთი მეფე ერეკლე I-ისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო ტახტისთვის ბრძოლაში. 1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშებმა დიდი წვლილი შეიტანეს, რაც საფუძვლად დაედო ლეგენდას თუშთა ბელადის – ზეზვა გაფრინდაულის შესახებ. თუშეთის ისტორიაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისინი მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ ჩრდილოეთის ტომებთან ბრძოლაში. XIX საუკუნის დასაწყისიდან თუშების კახეთში, ალვანის ველზე ჩასახლება დაიწყო. დღესდღეობით თუშეთის სოფლებში ბუდმივი მაცხოვრებელი ძალიან ცოტაა, ისინი ალვანში ცხოვრობენ და თბილ სეზონზე ადიან თუშეთში.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *