ლიპის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ლიპში მდებარეობს. ძეგლი ზუსტად დათარიღებული არ არის, საჭიროებს დამატებით კვლევას. თ. ბარნაველი ძეგლს X-XI საუკუნეებით ათარიღებს, იგივე თარიღია მოცემული ი.ციციშვილისა და პ. ზაქარაიას მიერ შედგენილ პასპორტში, თუმცა თ. ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, რომ ტაძარი მოიცავს ადრეული შუა საუკუნეების, გარდამავალი ხანისა და მომდევნო პერიოდის ფენებსაც და ინფორმაციის წყაროდ ი. ციციშვილს ასახელებს. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. ლიპის ეკლესია ერთ-ერთი უნიკალური და საინტერესო ძეგლია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დიდი ზომის რელიეფური ქვა, რომელიც სავარაუდოდ მინაშენის შესასვლელის არქიტრავი უნდა ყოფილიყო. ქვაზე ამოკვეთილ რელიეფს ანალოგი არ აქვს და დღემდე დაუდგენელია რა არის მასზე გამოსახული. თ. ბარნაველი თავის სტატიაში გამოთქვამს ვარაუდს, რომ აქ ტაძრის გეგმა უნდა იყოს ამოტვიფრული, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. ტაძარი დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაშია, სრულიად ჩაქცეულია კამარები და კონქი, ნახევრად დანგრეულია კედლებიც. ნაგებობის ინტერიერშიც და გარეთაც ქვაყრილებია, ნაშალში რელიეფური ქვებიც გვხვდება. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ალგეთის მონაცრისფრო ქვით, თუმცა გვხვდება სუფთად თლილი ელემენტებიც, როგორიცაა: შესასვლელის თაღი, პილასტრები, ტრაპეზი და სხვა. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა ჯვრის გამოსახულებით. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილია სწორკუთხა ნიში. ტაძრის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება პილასტრი გოლგოთის ჯვრის რელიეფით. ზუსტად ასეთივე პილასტრი ყოფილა მის პირდაპირ, ჩრდილოეთ კედელში, რომელიც ამჟამად წაქცეულია, გატეხილი და ხავსით დაფარული, თუმცა ჯვრის გამოსახულება მაინც გაირჩევა. როგორც ჩანს, ამ პილასტრებს ეყრდნობოდა საკურთხევლის სატრიუმფო თაღი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა, იგი თაღოვანია. შესასვლელის თაღი შედგენილია ორი ერთმანეთთან იდეალურად მორგებული ნაწილისაგან. მინაშენის შესასვლელი სავარუდოდ შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავული უნდა ყოფილიყო, რაზეც კარის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თაღის ფრაგმენტები და ზემოთ აღნიშნული რელიეფური ქვა მიგვანიშნებს (თუკი ეს ქვა ნამდვილად არქიტრავი იყო). რამდენი სარკმელი ჰქონდა ტაძარს ამის გარკვევა დღეს შეუძლებელია, რადგან კედლები სარკმლების დონემდე არ არის შემორჩენილი. ყურადღებას იქცევს მრავალი ქვა და ბაზაში ჩადგმული სტელა ჯვრის გამოსახულებებით, რელიეფების კომპოზიციები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია. ლიპის ეკლესიას ძალიან დიდი ზომის ქვებით ნაგები გალავანი ჰქონია შემოვლებული, რომლისგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული. გალავნის ქვები საგანგებოდ გაკეთებული ჩამონაკვეთებითაა ერთმანეთს მორგებული. ეზოში დევს სვეტის ბაზა. ერთ-ერთი ჯვრის გამოსახულებიანი სტელის უკანა მხარეს გვხვდება დაკბილვა, საფიქრებელია, რომ ეს ქვა მოგვიანებით გადააკეთეს და ბაზაში ჩასვეს, თავიდან კი დეტალს, დეკორს წარმოადგენდა. აღნიშნული ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე ლიპის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია და საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. 1948 წელს ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ლიპის ეკლესიის გვერდით აღმოაჩინა ქვა ბერძნული წარწერის ფრაგმენტით – “…და თეოპისტე…”. დადგენილი არ არის ეს ქვა ლიპის ეკლესიას ეკუთვნოდა თუ არა.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- თ. ბარნაველი – სოფ. ლიპის ეკლესიის ერთი არქიტექტურული დეტალი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.56, N3. 1969. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ნ. სილაგაძე – არქიტექტურული და რელიეფური ფრაგმენტები სოფელ ლიპიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები VI. 2012. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- თ. ყაუხჩიშვილი – ბერძნული წარწერები საქართველოში. 1951. თბილისი.
ძეგლის პასპორტი (ი. ციციშვილი, პ. ზაქარაია). 1950. (მიჰყევით ბმულს). - ძეგლის პასპორტი (ი. ციციშვილი, პ. ზაქარაია). 1950. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
სასწაულდ საინტერესოა! იმედია მოვხვდები ოდესმე :))
ნამდვილად ძალიან საინტერესო ადგილია ^_^ არ არის რთული აქ მოხვედრა ^_^