საფარის მონასტერი

საფარა
საფარა
საფარა
საფარა
საფარა
საფარა
საფარა
previous arrow
next arrow
Slider

 

საფარა შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან. ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი მშვენიერი ხედი სრულიად მოულოდნელად გვეშლება თვალწინ, როცა ვუახლოვდებით. საფარის მონასტერი იყო სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია და თავის დროზე იგი ნამდვილ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები.

 

არქიტექტურა და მხატვრობა

საფარის სამონასტრო კომპლექსს ვიწრო ზოლი უჭირავს მთის კალთაზე. შენობები განლაგებულია შესასვლელიდან მთავარი ეკლესიისაკენ მიმავალი გზის მარცხნივ და მარჯვნივ სხვადასხვა დონეზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები.

ღვთისმშობლის მიძინების ერთნავიანი ეკლესია კომპლექსის ყველაზე ადრეული შენობაა, რომელიც X საუკუნით თარიღდება. მიძინების ეკლესიის შიდა სივრცის განმასხვავებელი თავისებურებაა ე.წ. პატრონიკე (აივნისებრი სადგომი), რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი. იგი სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. იმავე მხარეს ეკლესიას კარიბჭისებური მინაშენი აქვს, თუმცა იგი ღია თაღების ნაცვლად (როგორც წესი, კარიბჭეს ღია თაღები აქვს) კედლებითაა დახურული. ადრე კარიბჭეს სამხრეთიდან ჰქონდა შესასვლელი, იქ სადაც თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას აქვს მეორე კარიც, რომელიც მას წმ. საბას ტაძართან აკავშირებს. ტაძარი გამოირჩევა მდიდარი ჩუქურთმებით. მას შემდეგ, რაც XIX საუკუნეში რუსი ბერების მიერ კირით შელესილი კედლები მოიხსნა, გამოჩნდა დამალული ფრესკები და  ჩუქურთმები. ტაძრის მოხატულობას XIV საუკუნის პირველ ნახევარს მიაკუთვნებენ. კანკელის გვერდით სამცხის ათაბაგის, ბექას შვილები არიან გამოსახული, რომელთა ბრძანებითაც ყოფილა ეკლესია მოხატული. მიძინების ეკლესიის ერთ-ერთ სამკაულს კანკელი წარმოადგენდა, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. იგი მწვანე ფერის, რბილი ჯიშის, ქვისგანაა გაკეთებული და მისი რელიეფის შესრულება XI საუკუნის ქვაზე კვეთის მაღალ დონეზე მოწმობს. გარედან მიძინების ეკლესიას მარტივი სახე აქვს. შეიმჩნევა ორი სამშენებლო ფენა. ადრინდელი ფენა აღმოსავლეთ ფასადზე შეიმჩნევა, რომელზეც სუფთად გათლილი რუხი-მომწვანო ფერისა და წითელ-სოსან-ყავისფერი ქვები ურევია. აღმოსავლეთ კედელზე დარჩენილია ძველი კარნიზი და სარკმლის მორთულობა. მეორე ფენა მკვეთრად განსხვავდება თავისი შეფერილობით და თარიღდება XIV საუკუნით (ბექას შვილების პერიოდი). მეორე ფენას მიეკუთვნება დასავლეთის სარკმლისა და ეკლესიის შესასვლელის მორთულობა. ჩუქურთმების სახეები და შესრულება წმ. საბას ჩუქურთმებს ენათესავება.

წმინდა საბას მთავარი ტაძარი, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ეკლესია შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექნიკის შესრულებაში ახლებური ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ახალი ნიშნებმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობათა ნაწილების შეფარდებაში. გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ – საკუთრივ სამრეკლო.

სამრეკლო XVIII საუკუნის მიწურულში ან XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. ისევე როგორც მონასტრის სხვა შენობები სამრეკლოც თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არ გააჩნია. იგი ორსართულიანია. მეორე სართული ღია თაღებიანი ფანჩატური – საკუთრივ სამრეკლოა, ხოლო პირველ სართულზე კი ლასურისძეთა საგვარეულო სამარხია. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშევრდომნი იყვნენ. აქ კედლებზე შემორჩენილ ფრესკებზე ასახულია ლასურისძეთა ოჯახის წევრთა პორტრეტები. გარდა ლასურისა შეგვიძლია ვნახოთ სუმბათი და სასულიერო პირი ნიკოლოზი.

საფარის სასახლე, რომელიც მთის კალთაზეა აგებული ბექასდროინდელად ითვლება. დარჩენილია სასახლის მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით. კედლები ნაშენია თლილი ქვით. გადახურვა არაა შემორჩენილი. სავარაუდოდ სასახლეს მეორე სართულიც ჰქონდა საზეიმო დარბაზებითა და ფართო სარკმლებით. შესასვლელებსა და სარკმლებში ყურადღებას იპყრობს ქვაში საგანგებოდ გამოკვეთილი ბუდეები კარისა და სარკმლის ალათების ჩასასმელად. სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობით მისი თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.

წმ. გიორგის ეკლესიას შესასვლელის თავზე შერჩენილი აქვს საინტერესო წარწერა. იგი მოგვითხრობს, რომ ეს “მცირედი ეგუტერი” აუშენებია საფარის მოძღვარს გრიგოლ ნაფშვუენის ძეს საფარაში დამკვიდრებულ “წმინდა მამათათვის”.

 

გამოყენებული წყაროები: Wikipedia

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.