ვარძია

ვარძია

ვარძია

ვარძია XII-XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. იგი ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლია ისტორიული, კულტურული და მხატვრული მნიშვნელობით.
ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. 1203 წელს მონასტერმა თამარ მეფე და საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი მიიღო. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმთა კოალიციის ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში. მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომი, რომელსაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო.

 

მშენებლობის ეტაპები

1970-1971 ვარძიაში ჩატარებული გათხრების შედეგად სამი კულტურული ფენა გამოვლინდა. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

 

არქიტექტურა

ვარძიის კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე — მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის — ტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 მ-იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია. ვარძიაში დღეისათვის დადასტურებულია 641 კლდეში ნაკვეთი სათავსო.
ვარძიაში შემორჩენილია 15 კლდოვანი ეკლესია. კომპლექსი არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაული სამლოცველოთა კედლის მხატვრობაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მანასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია.
გვირაბი ვარძიის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. იგი შედის წყალგამტარ ფენაში, მისი სიგრძე 16 მ-ია. გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ მხრიდან იწყება, მიემართება მონასტრის სალაროსაკენ, მათი სიგრძე — 64 მეტრია. სამონასტრო ანსამბლის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბით შექმნილია „გასასვლელი“, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 მ-ის სიგრძისაა.
ვარძიაში ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები — საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები — ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით.
წყალსადენი გამოყვანილია სოფელ ზედა ვარძიიდან. 3,5 კმ-ის სიგრძის ტერასის ერთი მესამედი, კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გამართული, კერამიკული მილებისათვის საგანგებო „საწოლებია“ შექმნილი. ტრასის შუალედურ მონაკვეთში, კერამიკული, საკონტროლო რეზერვუარებია. წყლის დებეტი დღე-ღამეში 166000 ლიტრი უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 50000 ადამიანს დააკმაყოფილებდა.
რეზერვუარი ვარძიის დასავლეთ ნაწილშია ამოკაფული. იტევდა დაახლოებით 630000 ლიტრ წყალს.
ბუნებრივი წყარო ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვესაა მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდის სიღრმეში. მისი აუზი 8 მ³ წყალს შეიცავს. მისი მუდმივი ტემპერატურა 11°-ია.
ვარძიაში 28 მარანია შემორჩენილი (6 დარბაზი, 22 სათავსო). მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა. მისი საერთო ტევადობა 100000 ლიტრია.