ატენის სიონი

ატენის სიონი

ატენის სიონი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მდებარეობს, ატენის ხეობაში. იგი VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ტაძარი აგებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ატენის სიონი ე.წ. “ჯვრის ტიპის” ძეგლების ჯგუფს მიეკუთვნება (ძველი შუამთა, მარტვილის ტაძარი), რომელსაც მცხეთის ჯვარმა დაუდო სათავე. ამ ტიპის ნაგებობათაგან მცხეთის ჯვართან ყველაზე ახლოს სწორედ ატენის სიონია. ატენის ტაძრის მშენებელი პირდაპირ იმეორებს მცხეთის ჯვრის გეგმას, ისე, რომ არ ცდილობს ფუნქციურად მოარგოს არსებულ ლანდშაფტს. გარემო აქ მცხეთის ჯვრისგან განსხვავებულია, ამიტომ ზოგიერთი დეტალი შეუსაბამობაშია, მაგალითად: ეკლესიას მისასვლელი დასავლეთიდან აქვს, ამიტომაც შესასვლელის აქედან გაკეთება ბუნებრივი იქნებოდა, ამ მხარეს ასევე არ არის ნიშებიც. მორთულობის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ფასადზეა განლაგებული, თუმცა ამ ფასადის ნახვა მხოლოდ ძალიან ახლოდან, ძლიერი პერსპექტივითაა შესაძლებელი. ატენის სიონი არქიტექტურული თვალსაზრისით მცხეთის ჯვრისგან პროპორციებით განსხვავდება: აქ გუმბათის ყელი უფრო განიერია, რის გამოც შენობა უფრო მასიური და მძიმე ჩანს და ასევე არ გვხვდება ნაგებობის შემადგენელი მასების მკაფიო დიფერენციაცია. ატენის სიონის რელიეფებიც ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს მხატვრულ-კომპოზიციური თვალსაზრისით. მიუხედავად ამ ნიუანსებისა, ეს ტაძარი ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას მნახველზე, რადგან ნაგებობის ტიპი ბოლომდე შემუშავებული და ჰარმონიულია. ატენის სიონის მთავარი ხიბლი ინტერიერია, რომელსაც XI საუკუნის უმშვენიერესი ფრესკები ამკობს. ატენის სიონის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ტაძარში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ და ასევე საყურადღებონი არიან ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც. ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

 

არქიტექტურა

ატენის სიონი ტეტრაკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, გეგმით იგი კუთხისოთახებიან ტეტრაკონქს წარმოადგენს. ნაგებობა ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ეკლესიის გეგმის კომპოზიციური ბირთვი გუმბათქვეშა კვადრატია, რომელზეც სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელია აღმართული. გუმბათი აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხორციელდება. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია გამოსახული. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი დარბაზთან შედარებით ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლისა და დასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. გუმბათის ყელი მასიურია. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა მაინც ჰარმონიულია. ტაძრის მორთულობაში მრავალფეროვანია დეკორატიული მოტივი, აქ გვხვდება მცენარეული ორნამენტები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები, სიუჟეტური კომპოზიციები. განსხვავებულია რელიეფების შესრულება, ისინი სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთღებით მორთულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას. სარკმლები რელიეფური სათაურებითაა შემკული. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა: „მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“, რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად, თუმცა დღეს მას უფრო გვიანდელად თვლიან და თოდოსაკს ტაძრის რესტავრატორად მიიჩნევენ და არა ამშენებლად. გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამენტირებულია. ლავგარდნები გვიანდელი პერიოდისაა. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ეკლესია ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებუია სხვა ფერის ქვებიც.

 

მოხატულობა

ატენის სიონის ინტერიერში სამი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული. ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა მოხატულობის ყველაზე ძველი, ტაძრის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში და ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი – აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია განედლებული ჯვრები. ატენის სიონის ინტერიერი XI საუკუნისის II ნახევარში მთლიანად მოიხატა. სწორედ ამ პერიოდის მოხატულობაა შემორჩენილი ყველაზე კარგად და ის ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, ფორმების ნატიფი მოდელირების, მხატვრული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე და მათ შეხამებაზე მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით რამდენიმე მხატვრის ხელი გაირჩევა. მიუხედავად რამდენიმე შემსრულებლისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათში გამოსახულია ჯვარი, წინასწარმეტყველები, მახარებლები, სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. საკურთხევლის აფსიდში გამოსახულია ღვთისმშობლის ნიკოპეა, ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ოთხი წინასწარმეტყველი, თორმეტი მოციქული, პატარა ჯვარი, ზიარების ორნაწილიანი სცენაა, ეკლესიის ათი მამის გამოსახულება, ორი მესვეტე, ორი დიაკვანი. სამხრეთი აფსიდში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან, ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება, შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი, შობა და ღვთისმშობლის მიძინება. ჩრდილოეთი აფსიდში გამოსახულია მთავარანგელოზი, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვენა, მენელსაცხებლე დედანი, ამაღლება, სულთმოფენობა. დასავლეთის აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. აქ გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს, ვედრება მოციქულებით და ანგელოზებით, ჰეტიმასია, სამოთხე წმინდანთა გუნდებით, ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენები, წინასწარმეტყველები, ქტიტორთა პორტრეტები (წარწერები ძალიან დაზიანებულია და გამოსახულ პირთა ვინაობა სადაოა).

 

 

ვარძია

ვარძია

ვარძია

ვარძია XII-XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. იგი ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლია ისტორიული, კულტურული და მხატვრული მნიშვნელობით.
ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. 1203 წელს მონასტერმა თამარ მეფე და საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი მიიღო. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმთა კოალიციის ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში. მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომი, რომელსაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო.

 

მშენებლობის ეტაპები

1970-1971 ვარძიაში ჩატარებული გათხრების შედეგად სამი კულტურული ფენა გამოვლინდა. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

 

არქიტექტურა

ვარძიის კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე — მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის — ტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 მ-იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია. ვარძიაში დღეისათვის დადასტურებულია 641 კლდეში ნაკვეთი სათავსო.
ვარძიაში შემორჩენილია 15 კლდოვანი ეკლესია. კომპლექსი არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაული სამლოცველოთა კედლის მხატვრობაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მანასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია.
გვირაბი ვარძიის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. იგი შედის წყალგამტარ ფენაში, მისი სიგრძე 16 მ-ია. გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ მხრიდან იწყება, მიემართება მონასტრის სალაროსაკენ, მათი სიგრძე — 64 მეტრია. სამონასტრო ანსამბლის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბით შექმნილია „გასასვლელი“, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 მ-ის სიგრძისაა.
ვარძიაში ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები — საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები — ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით.
წყალსადენი გამოყვანილია სოფელ ზედა ვარძიიდან. 3,5 კმ-ის სიგრძის ტერასის ერთი მესამედი, კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გამართული, კერამიკული მილებისათვის საგანგებო „საწოლებია“ შექმნილი. ტრასის შუალედურ მონაკვეთში, კერამიკული, საკონტროლო რეზერვუარებია. წყლის დებეტი დღე-ღამეში 166000 ლიტრი უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 50000 ადამიანს დააკმაყოფილებდა.
რეზერვუარი ვარძიის დასავლეთ ნაწილშია ამოკაფული. იტევდა დაახლოებით 630000 ლიტრ წყალს.
ბუნებრივი წყარო ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვესაა მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდის სიღრმეში. მისი აუზი 8 მ³ წყალს შეიცავს. მისი მუდმივი ტემპერატურა 11°-ია.
ვარძიაში 28 მარანია შემორჩენილი (6 დარბაზი, 22 სათავსო). მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა. მისი საერთო ტევადობა 100000 ლიტრია.