თრელიგორების ნასახლარი

თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი მდებარეობს თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის დასავლეთით და 1.5კმ-ზეა გადაჭიმული. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ აღინიშნება ჩვ.წ.მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. თრელიგორების პირველი მოსახლენი იყვნენ ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები. მეცნიერთა აზრით, თრელიგორების ნასახლარის მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიური ობიექტები აღნიშნული კულტურის უადრეს პლასტადაა მიჩნეული. 2015 წლის საველე კვლევის შედეგად გორის თხემზე დასტურდება ოთხი სამშენებლო პერიოდი. აღმოჩენილი კერამიკული მასალები ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება. თრელიგორების ნასახლართან ახლოს თრელის სამაროვანი მდებარეობს, სადაც 200-მდე სამარხი გაითხარა. შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ადასტურებს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები კავკასიაში ყველაზე დიდი დასახლება იყო. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებულია ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩენილი ბრინჯაოს აბზინდა, ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით, კავკასიაში მხედრის უადრესი გამოსახულებაა. ამავე სამარხში აღმოჩენილია ფოლადის დანა, რაც ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობას ცხადყოფს. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *