წეროვანის სამება

წეროვნის სამება

წეროვანის სამება (წეროვანის სამების ეკლესია) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარეობს. იგი, სტილისტური ანალიზის საფუძველზე, XI საუკუნის I მესამედით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი ორია — სამხრეთითა და ჩრდილოეთით (ჩრდილოეთის შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია). დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო ღრმა სწორკუთხა თახჩაა. გრძივი კედლები ერთი წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრით ორ არათანაბარ მონაკვეთადაა დაყოფილი (დასავლეთის მონაკვეთები აღმოსავლეთისაზე გრძელია). პილასტრებზე კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. ინტერიერი ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აფსიდსა და დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ორი კი — სამხრეთ კედელში. ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით და შემკულია დეკორატიული თაღედით. ხუროთმოძღვარი გუმბათოვან ტაძრებში შემუშაფებულ საფასადო დეკორის სისტემას მიმართავს, თუმცა თავისუფალ ინტერპრეტაციას ქმნის. აღმოსავლეთ ფასადზე ორი, გეგმაში ტრაპეციული, ღრმა და ფართო თაღოვანი ნიშაა. აღმოსავლეთის სარკმელს ფართო მოჩუქურთმებული სწორკუთხა საპირე ამკობს, რომელიც ნიშებს შორისაა გაჭედილი. სარკმლის საპირეს ზედაპირი ტალღოვანია და კედლის ძირითადი სიბრტყიდან სიღრმეშია ჩაკვეთილი. საპირე ფოთლოვანი მოტივითაა მოჩუქურთმებული. ამ ფასადზე შეუძლებელი იყო ტრადიციული სამთაღიანი სისტემის გამოყენება, ამიტომაც მთელს ფასადს ერთი თაღი აქვს გადავლებული, რომელშიც მოქცეულია ნიშებიცა და სარკმელიც. ფასადის მცირე სიბრტყისთვის შეუფერებლად დიდი ელემენტები არც მთლად ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის, თუმცა გარკვეულ მხატვრულ შთაბეჭდილებას მაინც ახდენს. საფასადო ნიშების მოტივს ვხვდებით ასევე რიგ დარბაზულ ეკლესიებში (აგარა, ჯალასა, ფექრაშენი). თავისებური გადაწყვეტით ყურადღებას იქცევს დასავლეთ ფასადი. აქ სარკმელს გადავლებული აქვს ვიწრო თაღი, რომელის ლილვები სარკმლის ქვემოთ კუთხეებს აკეთებენ და ჰორიზონტალურად მიემართებიან, ფასადის კიდეებთან კვლავ კუთხეები კეთდება და ლილვები ქვემოთ ეშვება. თაღის თავზე მართივი ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია ჩასმული. დასავლეთ ფასადის კომპოზიცია ტექტონიკურობას, კონსტრუქციულ აზრს მოკლებულია და უფრო შემოქმედებით ძიებას ასახავს. ჩრდილოეთ ფასადი თანაბარი სიმაღლისა და მეტნაკლებად თანაბარი სიგანის ოთხი დეკორატიული თაღითაა დანაწევრებული. თაღების არათანაბარი სიგანე რაიმე მხატვრული ამოცანით ვერ აიხსნება, ეს ან ტექნიკური უზუსტობის ბრალი უნდა იყოს, ან სრულ სიზუსტეს სავალდებულოდ არ თვლიდნენ. ფასადის მორთულობის თავისებურებაა დაკიდული აღმოსავლეთიდან პირველი და მეორე თაღი. მათი გადაბმის ადგილას პილასტრი გამოტოვებულია. ასეთი გადაწყვეტა კარის ღიობის განლაგებით უნდა იყოს განპირობებული. სამხრეთ ფასადზეც ოთხი დეკორატიული თაღია. აღმოსავლეთიდან მესამე თაღი, რომლის არეშიც კარი და ერთი სარკმელია გაჭრილი, დანარჩენებზე ფართო და მაღალია. შესასვლელი და სარკმელი მოურთველია. აღმოსავლეთიდან მეორე თაღშიც სარკმელია გაჭრილი, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი საპირე აქვს. ფასადთა დეკორატიული თაღები მოჩუქურთმებულ იმპოსტებს ეყრდნობა, თაღების საყრდენი პილასტრები კი — შეწყვილებული ბურთულებით დეკორირებულ ბაზისებს, თუმცა იმპოსტებისა და ბაზისების უმრავლესობის შემთხვევაში შემკულობა ძალიან დაზიანებულია და ზოგან აღარც განირჩევა. ფასადებს თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. წეროვანის სამება ქართული დარბაზული ეკლესიის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. აქ საფასადო დეკორი, მართალია, ვერ აღწევს სრულ მხატვრულ ჩამოყალიბებულობას და ჰარმონიულობას, თუმცა ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება. 

 

PS. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის V ტომში წეროვანის სამების ეკლესიას შეცდომით დართული აქვს სუმბიანის გუმბათოვანი ეკლესიის გეგმა (ჭრილი და ფასადების ხედები კი სწორია). გალერეაში შევიტანეთ სწორი გეგმა ნ. ჯაბუას წიგნიდან — ქრისტიანული ტაძრის არიტეტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *