ციხე-ქალაქი უჯარმა (უჯარმის ციხე)

ციხე-ქალაქი უჯარმა (უჯარმის ციხე)

ციხე-ქალაქი უჯარმა (უჯარმის ციხე) კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი უჯარმიდან 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, ივრის მარჯვენა ნაპირზე. იგი მდებარეობით, საერთო კომპოზიციით, ნაგებობათა მონუმენტური, სადა და დახვეწილი არქიტექტურული ფორმებითა და მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკით საქართველოს ციხე-სიმაგრეთა მშენებლობის საუკეთესო, ინდივიდუალურ და გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა. უჯარმის კედლების წყობიდან გამომდინარე დამკვიდრდა ტერმინი – უჯარმული წყობა. აქ ელინისტური სამშენებლო ტექნიკის ე.წ. იზოდომის თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს. ძეგლზე გამოვლენილია მშენებლობის სამი ძირითადი პერიოდი: ციხე-ქალაქი აგებულია V საუკუნის ბოლოს ერთიანი გეგმით, X-XIII საუკუნეებში ძირითადად აღუდგენიათ მორღვეული და დაზიანებული ზღუდე-კოშკები და აუგიათ საცხოვრებელი თუ სამეურნეო შენობები, XVI-XVIII საუკუნეებში კი შეაკეთეს შიდა ციხის ნაგებობები და კოშკები. უჯარმის აშენების პერიოდად მეფე ასფაგურის მეფობის წლები – III-IV საუკუნეთა მიჯნა მიიჩნევა – “და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ. მან აღაშენა ციხე – ქალაქი უჯარმა”. უჯარმა სტრატეგიულად მნიშნელოვან ადგილას მდებარეობდა, იგი აკავშირებდა მთასა და ბარს, ამავე დროს კონტროლს უწევდა ქართლის ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სავაჭრო გზას. სწორედ ასეთმა მდებარეობამ განაპირობა მისი დაწინაურება და შემდგომში კახეთის პოლიტიკურ ცენტრად ქცევა. IV საუკუნეში მირიან მეფემ თავის ძეს – რევს კახეთ-კუხეთის (კახეთ-კუხეთის საერისთავოს ცენტრი იყო უჯარმა) ერისთავობა უბოძა – “და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს იგინი უჯარმას”. ამ დროს ქართლის სამეფო გაბატონებულია ჰერეთზე. უჯარმა ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, მას უკავშირდება ასევე წმინდა ნინოსა და მისი მემატიანე სალომე უჯარმელის მოღვაწეობა. მატიანეების მიხედვით, წმინდა ნინომ სამი ხის ჯვრიდან ერთ-ერთი (ერთი აღმართეს მცხეთის ჯვრის ედგილას, ერთი – თხოთის მთაზე) რევის ცოლს – სალომე უჯარმელს გაატანა უჯარმაში: “წარიხუენით ორნი ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთას, სადა გამხილა ღმერთმან ძალი მისი და ერთიც მიეც სალომეს, მხევალსა ქრისტესსა, და აღმართოს უჯარმას ქალაქსა”. წმინდა ნინოს მიცვალებასთან დაკავშირებით უჯარმა იხსენიება, როგორც ქართლის სამეფოს მეორე მნიშვლოვანი ცენტრი: “მაშინ შეიძრნეს ორნივე ესე ქალაქნი: მცხეთა და უჯარმა და ყოველი ქართლი”. V საუკუნეში უჯარმაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ამ პერიოდში ხდება ჰერეთის საერისთავოს საბოლოო შემოერთება და ვახტანგ გორგასლის გავლენის გავრცელება წუკეთამდე. ვახტანგ გორგასალმა ჰერეთის ტერიტორაზე დიდი აღმშენებლობა წამოიწყო, შექმნა ეპარქიები და დასვა ეპისკოპოსები – “ერთი ნინოწმინდას, უჯარმის კარსა, რომელი ვახტანგ აღაშენა, ერთი ჭერემს, მისივე აღშნებულსა”. კახეთი და ჰერეთი ვახტანგ გორგასალმა ირანთან ბრძოლის ძირითად საყრდენად აქცია. ამ პერიოდში მეფემ თავისი რეზიდენცია მცხეთიდან უჯარმაში გადმოიტანა და მცირე დროით უჯარმა ქართლის სამეფოს დედაქალაქი გახდა. უჯარმის გადედაქალაქებასთან დაკავშირებით ვახტან გორგასალმა დიდი მშენებლობები წამოიწყო ციხე-ქალაქში – “და თვით ვახტანგ დაჯდა უჯარმასა, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა”. სწორედ უჯარმაში გარდაიცვალა სასიკვდილოდ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი. დაჩი უჯარმელის დროს ციხე-ქალაქი უჯარმა (უჯარმის ციხე) ერთხანს რჩება სამეფო რეზიდენციად, თუმცა მალე, მამის ანდერძის თანახმად, მას რეზიდენცია თბილისში გადააქვს. VIII საუკუნიდან, არაბთა შემოსევების ფონზე, უჯარმა, როგორც პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრი თანდათან ეცემა. კახეთის პოლიტიკური ცენტრის როლი ჯერ ბოჭორმას ეკისრება, შემდეგ – თიანეთს და ბოლოს კი – თელავს. 1068 წელს, როდესაც ბაგრატ მეფემ საქართველოს გაერთიანების მიზნით გაილაშქრა კახეთზე, ჰერეთში სპარსეთის სულთანი ალფარსლანი შემოიჭრა. მან აიღო თბილისი, რუსთავი და განძის ამირას – ფადლონს გადასცა. მომდევნო წელს ბაგრატთან დამარცხებულმა ფადლონმა თავი კახეთის მეფეს – აღსართანს შეაფარა. ბაგრატმა აღსართანს ფადლონის სანაცვლოდ ბოჭორმა და უჯარმა გადასცა. XII საუკუნეში გიორგი III-მ კვლავ აღადგინა უჯარმის ციხე და შიგ განძთსაცავი მოაწყო. უჯარმა თანდათან ინგრევა მონღოლთა გაბატონების შემდეგ. გვიან შუა საუკუნეებში ციხეს ჩოლოყაშვილები ფლობდნენ. შემდეგ კი კვლავ უდაბურდება.

 

არქიტექტურა

ციხე-ქალაქი უჯარმა (უჯარმის ციხე) ორი ნაწილისაგან შედგება: მდინარის გასწვრივ აღმართულ სერზე შიდა ციხე მდებარეობს, ქვედა ციხე ანუ ქალაქი შიდაციხეს ჩრდილოეთიდან ეკვრის დამრეც ფერდობზე და მდინარის ნაპირამდე ჩადის. მიუხედავად ძალიან რთული რელიეფისა, უცდიათ ქვედა ციხისთვის (ქალაქი) წესიერი სწორკუთხედის ფორმა მიეცათ. ქალაქის ტერიტორია ერთ ჰექტარს მოიცავს. მდინარისკენ მიმართულ ორივე გლავანს ოთხ-ოთხი კოშკი აქვს, კიდევ ერთი კოშკი მდინარის გასწვრივ მდებარე გალავნის ცენტრშია ჩართული. ქვების გარეპირი მოსწორებულია, ნაპირები კი – წათლილი, რაც მათ მკვეთრ სწორკუთხოვან ფორმას ანიჭებს. ქვები ზუსტ ჰორიზონტალურ რიგებადაა დაწყობილი კირის დუღაბის თხელ ფენაზე. კოშკების მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი დანიშნულებისაა და მეციხოვნე ჯარისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. კოშკებს კრამიტით დახურული ბანური სახურავი ჰქონია. ბანის პერიმეტრზე აღმართული ყოფილა ქონგურები, მათ უკან კი დერეფანი-გასასვლელია დატოვებული. როგორც ჩანს, თავდაცვის ასეთი სისტემა (ქონგურები და დერეფანი) მთელ გალავანზე ვრცელდებოდა. კოშკების თაღ-სარკმელები ნალისებრთაღოვანი მოხაზულობისაა. მდინარის გასწვრივ მდებარე კოშკის მთავარი კარის ორივე მხარეს თანაბარ მანძილზე ორი კონტრფორსია განთავსებული, მათ შორის კი ბაქანია შექმნილი, რომელსაც სავარაუდოდ გზა ადგებოდა. მაღალი სერის შედარებით სწორ პლატოზე შიდაციხეა აგებული. შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში მდებარეობს სასახლე. პირველ და მეორე სართულებში ორ-ორი მცირე ზომის ოთახია, სამხრეთით კი – დიდი ოთახი. პირველ სართულზე ოთახები ერთმანეთს კარით უკავშირდება. ამას გარდა, დასავლეთის ოთახსა და დიდ ოთახს აქვს გასასვლელი ეზოში. მცირე ოთახებს თაღოვანი სარკმლები ჰქონია. დიდ ოთახში ჩამარხული ყოფილა მოზრდილი ქვევრები. დასავლეთის მხარეს მეორე სართული მთლიანად მორღვეულია. მცირე ოთახების ქვეშ გამოვლინდა სარდაფი. სასახლის სამხრეთით, შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში დიდი კოშკი დგას. კოშკის ქვედა სართულში ორი თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი, ერთი შესასვლელით კოშკში შედიოდნენ, მეორედან კი გალავნის გარეთ გადიოდნენ, სათვალთვალო კოშკამდე.

შიდაციხის ტერიტორიაზე მდებარეობს ორსართულიანი ეკლესია – ჯვარპატიოსანი. ეკლესიის ქვედა სართული წარმოადგენს შენობის უძველეს ნაწილს და V-VI საუკუნით თარიღდება. იგი მიშენებული იყო კოშკზე ისე, რომ კოშკის შესასვლელი თავისუფალი რჩებოდა. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხედში მოქცეული განიერი აფსიდით. ტაძარს ჩრდილოეთიდან შესასვლელი ჰქონია. კამარა, კონქის თაღი და სამხრეთის თაღი ნალისებური ფორმისაა. შიგნიდან კედლები მსხვილი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებითაა შემოსილი და ციხის კოშკების წყობას მიემსგავსება. მიიჩნევა, რომ ეს ეკლესია წმინდა ნინოს დროს შექმნილი ხის ჯვრის ადგილასაა აგებული. თვით ჯვარი კი ტაძრის ინტერიერში მოექცეოდა, საკურთხევლის წინ. IX-X საუკუნეების მიჯნაზე ძველ ეკლესიას დააშენეს საკმაოდ მაღალი ცალნავიანი ეკლესია. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან ყოფილა, მაღალი თაღოვანი კარით. სამხრეთის მხარეს – კოშკისაკენ ეკლესია ორი თაღით იყო გახსნილი. მეორე სართულის აღმოსავლეთ სარკმელს X-XIII საუკუნეებისათვის დამახასიათებელი პროფილირებული მოჩარჩოება აქვს. გვიანფეოდალურ ხანაში ეკლესიას სათავსო მიაშენეს, რომელიც ამავე დროს კარიბჭის როლს ასრულებდა. არსებული ეკლესიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილები მიუშენეს ისე, რომ მან სამეკლესიანი ბაზილიკის ფორმა მიიღო. ეკლესიისთვის ერთიანი სახის მინიჭების მიზნით ქვედა და ზედა სართულების ყველა სათავსი კომპოზიციურად გაუერთიანებიათ. ქვედა სართულის აღმოსავლეთის ფასადს შეისრული თაღი მიაშენეს. მეორე სართულზე, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მაღალი გეგმაში სამკუთხა ფორმის ნიშია თაღოვანი ზედნადებით. ეკლესიას შემოვლებული აქვს გვიანი შუა საუკუნეების ფლეთილი ქვით ნაგები გალავანი.

ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, გალავანთან დიდი შენობაა, რომელშიც აღმოჩნდა მიწაში ჩაფლული ქვევრები და მრავალი არქეოლოგიური მასალა. შენობის ჩრდილოეთით წყალსაცავია. იგი გადახურულია კამარით, რომელიც სამ ნალისებრი მოხაზულობის გამბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღები შირიმის თლილი კვადრებითაა ამოყვანილი და პროფიოლირებული იმპოსტებს ეყრდნობიან. როგორც ჩანს პირვანდელი გრძელი შენობა მოგვიანებით გადაუკეთებიათ და მასში ორი აუზი მოუწყვიათ, მათ შორის კი კედელი-ზღუდარია. აუზის კედლები შიგნიდან შელესილია ვარდისფერი ჰიდრავლური ხსნარით, კირში კერამიკული დანამატებით. დიდი წყალსაცავის დასავლეთის მხრიდან მომიჯნავე კოშკის ქვედა სართულში კიდევ ერთი მცირე ზომის წყალსაცავია მოწყობილი. წყალსაცავის თავზე გვიანფეოდალურ ხანაში ახლიდან აუგიათ ოთხკუთხა კოშკი. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ოთხკუთხა მოხაზულობის ყოფილა, როგორც ჩანს, იგი თითქმის მთლიანად დაუნგრევიათ და X-XI საუკუნეებში მის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მომრგვალო გოდოლი აუგიათ. გვიანფეოდალურ ხანაში სამხრეთის მხრიდან კოშკი გკედლითა და ბურჯით გაუმაგრებიათ. კოშკის სამხრეთით მეორე კოშკის ნანგრევია, რომელიც დანგრევის შემდეგ კოშკი ნახევარწრიული ბურჯებით გაუმაგრებიათ. უჯარმის ციხის უძველესი პერიოდის ნაგებობები მკვეთრად გამოირჩევა მომდევნი პეიოდის ნაგებობებისაგან. პირვენდელი შენობები აგებულია თანაბარი სიმაღლის სწორკუთხოვანი მოყვანილობის კვადრების რეგულარული წყობით თხელ დუღაბზე. ყველა ნაგებობის კედლის სისქე თანაბარია, ფართო კარ-სარკმლები ნალისებურთაღოვანია. შენობები დახურულია დიდი ზომის ბრტყელი და ღარისბრი კრამიტით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *