ბოჭორმის ციხე (ბოჭორმის ციხის კომპლექსი)

ბოჭორმის ციხე (ბოჭორმის ციხის კომპლექსი)

ბოჭორმის ციხე (ბოჭორმის ციხის კომპლექსი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრძელველებთან ახლოს მდებარეობს. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, წერილობით წყაროებში ის პირველად X საუკუნის დასაწყისში იხსენიება. 914 წელს, არაბების მიერ უჯარმის აღების შემდეგ, ბოჭორმელებმა ციხე უბრძოლველად დატოვეს და იგი დროებით არაბებმა დაიკავეს. უჯარმის შემდეგ ბოჭორმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი და კახეთის პოლიტიკური ცენტრი იყო. X საუკუნეში აფხაზთა მეფეები კახეთის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ და კახეთის მთავრის – კვირიკე ქორეპისკოპოსს ძმის ღალატის შედეგად აფხაზთა მეფემ – გიორგიმ გარკვეული პერიოდისთ უჯარმა და სხვა მნიშვნელოვანი ციხეები ხელთ იგდო. თუმცა ქართლის აზნაურების დახმარებით კვირიკემ მალე კვლავ დაიბრუნა კახეთი. 1010 წელს ბოჭორმა დროებით შემოიერთა ბაგრატ III-მ. გარკვეული დროის მანძილზე ბოჭორმის ციხეს ბაგრატ IV ფლობდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა იგი აღსართანისთვის გადაეცა ფადლონის სანაცვლოდ უჯარმასთან ერთად. XVIII საუკუნეში ერეკლე II–მ ციხე აღადგინა და ზარბაზნები ჩააყენა. ბოჭორმის ციხე (ბოჭორმის ციხის კომპლექსი) XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ციხე-კომპლექსის განსაკუთრებით გამორჩეული ნაგებობაა X საუკუნის წმ. გიორგის ექვსაფსიდიანი ეკლესია. საქართველოში მრავალაფსიდიანი ტაძრების სულ რამდენიმე ნიმუშია ცნობილი, რომელთადან, გარდა კაცხის ტაძრისა და ბოჭორმისა, ყველა თითქმის სრულიად დანგრეულია. საინტერესო და დახვეწილია ნაგებობის სადა მხატვრული გადაწყვეტა. ინტერიერში შემორჩენილია XI საუკუნის მოხატულობა. არსებობს ვარაუდი, რომ ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ აფსიდში გამოსახული ისტორიული პირი დავით აღმაშენებელი უნდა იყოს. ბოჭორმის ციხის კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას.

 

არქიტექტურა

ბოჭორმის ციხე (ბოჭორმის ციხის კომპლექსი) ქვედა ციხისა და შიდა ციხისგან შედგება. შიდა ციხე კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილშია გამოყოფილი. იგი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით, რომელშიც რამდენიმე კოშკია ჩართული (დღესდღეობით მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებია შემორჩენილი). კოშკებში გვხვდება ბუხრები, ნიშები და სარკმლები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი კუთხეებმომრგვალებული მოხაზულობისაა და სათოფურები აქვს. შიდა ციხის კედლები სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებთან ქვედა ციხის ზღუდეს უერთდება, რომლის მონაკვეთი XVIII საუკუნეში უნდა იყოს განახლებული. ციტადელის ტერიტორიაზე განლაგებულია წმ. გიორგის ექვსაფსიდიანი ეკლესია, სასახლე, მცირე დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II-ის პერიოდის) რამდენიმე ნაგებობა. შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკში გასასვლელია მოწყობილი, რომლითაც ის დიდი ციხის ვიწრო და გრძელ ნაწილს უერთდება. ციხის ეს ვიწრო ნაწილი ჩრდილოეთით მოზრდილი სწორკუთხა კოშკით – “მეფის დარბაზით” სრულდება. “მეფის დარბაზი” ციხე-კომპლექსის ყველაზე მაღალ ადგლას მდებარეობს. იგი სამი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი შეისრული თაღითაა გადახურული. კოშკის კედლებში განლაგებულია საზარბაზნეები, ნისკარტა სალოდეები და სათოფურეები. ქვედა ციხეს აღმოსავლეთით შირიმის ქვით ნაგები განიერი თაღოვანი კარიბჭე აქვს, რომელსაც დასავლეთიდან მაღალი შვეული კლდე ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან კი გალავნის კედელი უერთდება. ქვედა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში სწორკუთხა კოშკის მცირე ნაწილია შემორჩენილი, ხოლო დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ორი სწორკუთხა კოშკია ჩართული. კოშკებს გვიანი გადაკეთების კვალი ემჩნევა, კედლებში გვხვდება სათოფურები. სათოფურებია ჩართული გალავნის კედლებშიც. ციხე ნაგებია დაუმუშავებელი ქვით, განახლებულ ნაწილებში გამოყენებულია აგურიც.

ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესია შიდა ციხის შუა ნაწილში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარი ექვსაფსიდიან, გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, ცენტრიდან სხივისებურად იშლება აფსიდით დასრულებული ექვსი მკლავი. შესასვლელები სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის (ამჟამად ამოშენებულია) აფსიდებშია მოწყობილი. ორივე შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი მოზრდილი ტიმპანით სრულდება. ეკლესია ექსტერიერში მრავალწახნაგაა. აფსიდებს შორის მდებარე წახნაგებში გეგმაში სამკუთხა ფორმის საფასადო ნიშებია მოწყობილი (ნიშები მოგვიანებით ამოუშენებიათ). ყოველი აფსიდის წინ ბემაა. საკურთხევლის აფსიდის წინ მდებარე ბემა, დანარჩენთან შედარებით, ბევრად ღრმაა, ამიტომაც აღმოსავლეთის აფსიდი მთლიანი კორპუსისგან სამწახნაგა შვერილით გამოიყოფა. მკლავების შეერთების ადგილას ნახევარსვეტებია, რომლებზეც გუმბათქვეშა თაღებია გადაყვანილი. პილასტრები თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შექმნილი იმპოსტებით სრულდება. გუმბათის წრეზე გადასვლა ბრტყელი ტრომპებით ხორციელდება. ინტერიერი აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და დასავლეთის აფსიდებში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. საკურთხევლის ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშია. ჩდრილო ნიშის გვერდით მოგვიანებით ვიწრო გასასვლელი გაუკეთებიათ, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მკლავში გადის. როგორც ჩანს, კარის გაჭრის შემდეგ, ეს მკლავი სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან XVIII საუკუნის აგურის კანკელით გამოიყოფა. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ფრესკები XII საუკუნით თარიღდება. მხატვრობა ძალიან დაზიანებულია, თუმცა თითქმის ყველა კომპოზიციის გარჩევა შესაძლებელია. თითეული აფსიდის კონქში თითო სცენაა წარმოდგენილი, ქვედა ორ რეგისტრში კი – ორ-ორი. მოხატულობა ხასიათდება ნათელი, ფერადოვანი კოლორიტით. წინა პერიოდის ნიმუშებთან შედარებით, შეინიშნება მონუმენტურობის შესუსტება და დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ქრისტეს დიდების კომპოზიცია, II და III რეგისტრებში – ეკლესიის 12 მამა. ბემის კამარაში წინასწარმეტყველთა ფიგურებია, ხოლო კედლების ზედა რეგისტრებში, ჩრდილოეთით – ფერისცვალება, სამხრეთით – ლაზარეს აღდგინება. სადღესასწაულო ციკლის სცენებია გამოსახული ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის აფსიდებშიც. ჩრდილო-აღმოსავლეთის აფსიდის III რეგისტრში გამოსახულია ქრისტეს ნახევარფიგურისკენ მიმართული მავედრებელი ისტორიული პირი (ფიქრობენ, რომ ეს დავით აღმამშენებელი უნდა იყოს). ჩრდილო-დასავლეთის აფსიდში ქრისტეს სასწაულთა ამსახველი სცენებია წარმოდგენილი, დასავლეთის აფსიდში – წმ. გიორგის ცხოვრების სცენები, სამხრეთ-დასავლეთის აფსიდში – განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიცია. მხატვრობა ორნამენტული ზოლებითაა რეგისტრებად დაყოფილი, ორნამენტით არის ხაზგასმული არქიტექტურული დეტალებიც. ეკლესიას სამხრეთ-დასავლეთითა და ჩრდილო-დსავლეთით კარიბჭეები ჰქონდა მიშენებული, დღეისთვის შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დსავლეთის კარიბჭე. იგი სამხრეთითა და დასავლეთით თითო ფართო თაღითაა გახსნილი (დასავლეთის თაღი მოგვიანებით ამოაშენეს). ტაძრის ყოველი წახნაგი ფრონტონით სრულდება, რაც ტეხილი ფორმის, ქოლგისებრ გადახურვას ქმნის. თითოეული წახნაგის ორკალთა გადახურვის ქვეშ სადა თაღია. საკურთხევლის აფსიდის ერთ-ერთ წახნაგზე ხუთჯვრიანი რელიეფური კომპოზიციაა ჩასმული. გუმბათის ყელი გარედანაც წრიულია. იგი შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე გადაყვანილი თაღედითაა დეკორირებული. ამჟამად გუმბათი თითქმის მთლიანად დანგრეულია. დაზიანებულია ტაძრის კორპუსიც. ბევრი წახნაგი მოგვიანებით ახლიდანაა მოპირკეთებული აგურის გამოყენებით, ამოშენებულია ნიშები, ჩრდილო-დასავლეთის შესასვლელი, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის სარკმლები. ეკლესია ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. კედლები შიგნით შირიმის სწორკუთხა, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი ფილებითაა მოპირკეთებული, კედლების ქვედა ნაწილში გამოყენებულია ქვიშაქვა. შენობის გარე პერანგი თავდაპირველად მომწვანო ფერის ქვიშაქვით ყოფილა ნაწყობი, მოგვიანებით განახლებული ნაწილები შირიმისა და აგურისაა.

მცირე ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის რომლის ორივე მხარეს კი თითო კვადრული ნიშია მოწყობილი. ინტერიერი შელესილია. ეკლესია ნაგებია რიყისა და კლდის ნატეხი ქვით.

სასახლე შიდა ციხის სამხრეთ კედლის ხაზზე დგას, წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით. იგი სხვადასხვა ზომის ორი ოთახახისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს კარით უკავშირდება. აღმოსავლეთის ოთახის სამხრეთ კედლის შუაში ფართო და ღრმა ბუხარია, რომელიც ფასადზე კონტრფორსისმაგვარ შვერილს ქმნის. ბუხრის ორივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელია. ასეთივე ოთახია დასავლეთ ოთახშიც, ბუხრის მარჯვნივ კი თაღოვანი სარკმელია. სასახლე ნაგებია ნატეხი ქვით.

ცილინდრული კოშკი წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ–აღმოსავლეთით, პატარა გორაკზე დგას. იგი X საუკუნით თარიღდება. კოშკი გეგმით წრიული ფორმის სამსართულიანი ნაგებობაა. მას ჩრდილოეთიდან კონტრფორსის მსგავსი ნახევარწრიული ნაწილი ეკვრის, რომელშიც კიბის უჯრედია მოქცეული. კოშკი ნაგებია რიყისა და კლდის ნატეხი ქვებით.

 

 

იხილეთ მრავალაფსიდიანი ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *