ვაშლოვანის “სალხინო” კოშკი

ვაშლოვანის "სალხინო" კოშკი

ვაშლოვანის “სალხინო” კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მდებარეობს. კოშკი აგებულია 1811 წელს, გენერალ-მაიორ თამაზ ორბელიანის დაკვეთით, ოსტატ გიორგის მიერ, რის შესახებაც ვრცელი ლაპიდარული წარწერა გვამცნობს:

“შვილისა მსგავსად აღმზარდა მეფემ ირაკლიმ სვიანმა,
ღენერალ მაიორად მყო რუსეთმა ნათელდღიანმა,
კოშკი ავაგე სალხინოდ მე თამაზ ორბელიანმა,
თანამეცხედრემ ქეთევან, ჩემად სიხარულ მზიანმა,
ძეთა დიმიტრი, მაკარ, ივანემ კეთლიგზიანმა,
ოსტატი ამისი გიორგი, ქორონიკონს უჟთ”. 

ტექსტიდან ჩანს, რომ კოშკი აგებულია არა თავდაცვითი ფუნქციით, არამედ – სალხინოდ, მოსალხენ, მხიარულების ადგილად, თუმცა იგი ყველა სათავდაცვო ელემენტითაა აღჭურვილი (სათოფირები, საზარბაზნეები, მაშიკულები). მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა მსგავსია ტიპური ცილინდრული კოშკებისა, სათავდაცვო ნაგებობათაგან იგი საზეიმო იერით, იმპოზანტურობით გამოირჩევა. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით ძველად საქართველოში არსებობდა საგანგებოდ მოლხენისთვის აგებული შენობები – “სალხინო სახლი”. “შაჰნავაზიანის” მიხედვით, ასეთი სალხინო სახლი ვახტანგ V-ის დროს თბილისში, მტკვრის ნაპირას მდგარა. თბილისში არსებულ ამ შენობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვაშლოვანის კოშკის წარწერის მიხედვით, საქმე გვაქვს სწორედ ამგვარ სალხინო ნაგებობასთან, რომლისთვისაც თამაზ ორბელიანს კოშკის ფორმა მიუცია. სალხინო კოშკი ორბელიანების ორსართულიანი სახლის გვერდით მდგარა. კოშკი და სასახლე თანადროული უნდა ყოფილიყო და ერთმანეთს თაღოვანი გადასასვლელით უკავშირდებოდა (სახლისგან დღეს აღარაფერია შემორჩენილი). ვაშლოვანის კოშკი თავისებურად ასახავს ფეოდალურიდან ბურჟუაზიულ-კაპიტალისტურ წყობაზე გადასვლას. საფორთიფიკაციო ნაგებობის ტიპი – კოშკი სწორედ ფეოდალური საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი, ბურჟუაზიულ ურთიერთობებში კი იგი ფუნქციას კარგავს. ორბელიანების კოშკში ჩვენ ვხედავთ ფუნქციადაკარგულ, ახალი შინაარსის მქონე არქაულ ფორმას, რომელიც საბოლოოდ ასრულებს ამ არქიტექტურული ფორმის განვითარებას. 

 

არქიტექტურა

ვაშლოვანის “სალხინო” კოშკი ოთხსართულიანი ნაგებობაა. ნაშენია კლდის ნატეხი ქვით დუღაბზე. ფასადზე პორტალი მკვეთრადაა აქცენტირებული ორ სართულად განლაგებული, აგურით ამოყვანილი, თაღოვანი დეკორით, რაც ერთფეროვან ცილინდრულ მასას შუქ-ჩრდილის კონტრასტით ამდიდრებს და დინამიურობას სძენს. ზედა თაღში ჩასმულია ფილა რელიეფურად გამოსახული სერაფიმებით, გერბითა და სამშენებლო წარწერით. ნაგებობის მხატვრულ სახეზე აქცენტი და საზეიმო იერი, ასევე აივნები და ვრცელი სადგომები, განასხვავებს ორბელიანების კოშკს მკაცრად საქმიანად გადაწყვეტილი მხატვრული სახის მქონე სათავდაცვო ნაგებობათაგან, რომლებშიც ფუნქციური მხარეა მნიშვნელოვანი. თითოეულ სართულზე თითო სადგემია. სართულები ერთმანეთს კედლის სისქეში დატანებული კიბით უკავშირდება. შესასვლელი პირველ სართულზევეა გაჭრილი. შესასვლელთან თითქმის სამი მეტრის სისქის კედელში მოწყობილი პატარა დერეფანია. პირველი სართული აგურის გუმბათითაა (სფერული კამარით) გადახურული. კედლებში ოთხი ღრმა, თაღოვანი ნიშია. ნიშებში წყვილი სათოფურია დატანებული. შესასვლელი პირდაპირ ბუხარია. სართული ორი სარკმლით ნათდება. ეს სართული სავარაუდოდ საკუჭნაოს ან მარნის ფუნქციას ასრულებდა. მეორე სართულის ინტერიერი ოქტოგონალურია და არა წრიული, სფერული გადახურვა კი თაღებს ეყრდნობა. მეორე სართულის სადგომის ინტერიერში კედლები ამოყვანილია აგურით. ოქტოგონის კუთხეები ორ სიბრტყეზე მოკეცილი ბრტყელი პილასტრებითაა დეკორირებული. კამარის ცენტრში რვაკუთხა ფილაა ჩასმული სერაფიმის რელიეფური გამოსახულებით. ამ ფილაზე გამეორებულია კოშკის აგების თაღიღი. ამ სადგომს ლოჯიაში გასასვლელი აქვს, საიდანაც კუმისის ტბის მიდამოების ხედი იშლება. სწორედ ამ ლოჯიის კარის თავზეა ჩასმული წარწერიანი რელიეფური ფილა. მესამე სართულიც ოქტოგონალურია. კედლებში გაჭრილია საზარბაზნეები. ოთახს აქვს ბუხარი. ბუხრის პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია. ჩანს მესამე სართულს ბრტყელი კოჭოვანი გადახურვა ჰქონია. მეოთხე სართული ღია სადგომია, რომლის კედლები აღჭურვილია სათოფურებითა და სალოდეებით. სადგომის იატაკიდან წყლის გადაყვანა სპეციალური ქვის ღარებით ხორციელდებოდა. 

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *