წოფის მცირე ეკლესია (წოფის ნამონასტრალი)

წოფის მცირე ეკლესია (წოფის ნამონასტრალი)

წოფის მცირე ეკლესია (წოფის ნამონასტრალი) ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი საკმაოდ მაღალი და ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება. მის მხატვრულ ეფექტს ქმნის უხეშად დამუშავებული ქვის ჰორიზონტალური ლამაზი წყობა. ძეგლი ძალიან დაზიანებული იყო, ჩამოქცეული იყო კამარები და ნაწილობრივ კედლებიც, ამჟამად მთლიანად აღდგენილია, თუმცა საკმაოდ ტლანქად. წოფის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. მინაშენები, მთავარ დარბაზთან შედარებით, უფრო მოკლეა. დარბაზს ნალისებრი აფსიდი და ასევე ნალისებრი მოხაზულობის სატრიუმფო თაღი აქვს. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება, ერთი თაღოვანი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, ორი სწორკუთხა სარკმელი კი სამხრეთის კედელში, სამხრეთის სარკმლები სავარაუდოდ მოგვიანებით უნდა იყოს გაგანივრებული. დარბაზის აფსიდში ტრაპეზის ქვა დევს. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში მომცრო სწორკუთხა ნიშია დატანებული. ტაძარს შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს, მასში მოხვედრა მხოლოდ მინაშენების გავლითაა შესაძლებელი. ჩრდილოეთის მინაშენს ნახევარწრიული აფსიდი აქვს, სამხრეთის მინაშენი კი სწორკუთხაა. მინაშენებს ორ-ორი თაღოვანი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთითა და დასავლეთით. ფასადები სრულიად სადაა, მოურთველი. ეკლესია ე.წ. უჯარმული წყობით – თანაბარი, სწორკუთხა ფორმის, მოგრძო, უხეშად დამუშავებული კირქვითაა ნაგები, კონსტრუქციები კი სუფთად თლილი ტუფის ქვითაა გამოყვანილი. ტაძრის დასავლეთით, შემორჩენილია მშრალი წყობის გალავნის ნაშთები, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი – ნაგებობების კვალი, რომლის დანიშნულებაც დაზუსტებული არ არის. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო და ტაძრის გარშემო საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები იქნებოდა განლაგებული. წოფის მცირე ეკლესია (წოფის ნამონასტრალი) ადრეული შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. სოფელ წოფში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: წოფის მთავარი ეკლესია, წოფის ციხე, წოფის მღვიმე და წოფის კოშკი. ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელი ულამაზესი მდებარეობითა და შესანიშნავი ხედებით გამოირჩევა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.