წოფის მღვიმე ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მდებარეობს. წოფის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კლდის მასივში მრავლად გვხვდება ბუნებრივი მცირე ნაპრალები. აქვეა მოზრდილი მღვიმე, რომლის შესასვლელი შუა საუკუნეებში ქვითკირით ამოუშენებიათ. ღიადაა დატოვებული შესასვლელი კარის ადგილი. კედელში დატოვებულია კარისა და სარკმლების ღიობები. ერთი სარკმელი შესასვლელის მარცხნივ, კედლის ზედა კიდეზეა, მეორე კი – კარის მარჯვნივ, კედლის შუა ნაწილში. ნატეხი ქვით ნაგები კედელი ამჟამად ნაწილობრივ ჩამოშლილია. მღვიმე დღესდღეობით მიუვალია, მასში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ წოფში არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებულია გვიანი აშელისა და ადრე მუსტიეს ხანის მასალები, ასევე გამოვლენილია ენეოლითური ნამოსახლარები. წოფის კულტურის შესწავლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ საქართველოს ენეოლითური კულტურის კვლევაში.