საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარი ყურადღებას იქცევს აზიდული, დახვეწილი პროპორციებით, ლამაზი წყობითა და საინტერესო, ინდივიდუალური რელიეფური მორთულობით. საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩაქცეული იყო კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი სარკმლების დონეზე იყო შემორჩენილი, ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და დასავლეთის შედარებით გვიანი მინაშენებით. დასავლეთის მინაშენი სრულიად დანგრეულია. დარბაზიცა და სამხრეთის ეკვდერიც ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. როგორც ჩანს დასავლეთის მინაშენსაც ნახევარწრიული აფსიდი ჰქონდა სამხრეთის ეკვდერის გასწვრივ. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. ეკვდერი სამხრეთით ორი თაღითაა გახსნილი, რომლებიც მძლავრ რვაწახნაგა ბურჯსა და კედლებს ეყრდნობიან. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა, ეკვდერის კამარის საყრდენი თაღები კი შეკიდულ იმპოსტებზეა გადაყვანილი. დარბაზისა და მინაშენის გრძივი კედლები თაღებითაა დანაწევრებული. ეკლესიას აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვს, სამი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ კედელში, თუმცა სამხრეთის სარკმლებს თითქმის მთლიანად მინაშენი ფარავს. სარკმლებს გადანაკეცებიანი მოჩუქურთმებული, თაღოვანი სათაურები აქვთ. შესასვლელები არქიტრავულია, თუმცა გარედანაც და შიგნიდანაც თაღშია შესმული. დასავლეთის შესასვლელს სადა გადანაკეცებიანი თაღოვანი თავსართი აქვს, ბალავრის ქვაზე ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული. იგივე ფორმის სათაური აქვს სამხრეთის შესასვლელსაც, მაგრამ ის მცენარეული მოტივითაა მოჩუქურთმებული. სამხრეთის შესასვლელის ბალავრის ქვაზე აყვავებული ჯვრის რელიეფია. სამხრეთის შესასვლელის მორთულობა მინაშენს გადაუფარავს, თუმცა დღესდღეობით ეკვდერის ეს ნაწილი ჩამონგრეულია და დეკორიც ჩანს. მინაშენის თაღების იმპოსტები ხვეულებითაა შემკული. ეკვდერის კონქის საყრდენი თაღის სამხრეთ მხარეს ადამიანის რელიეფური ფიგურა გვხვდება. მინაშენის სამხრეთ ფასადზე მაღალი რელიეფით შესრულებული ორი ქანდაკებაა, ამჟამად ორივე დაზიანებულია, ორივეს ჩამომტვრეული აქვს თავი. ეკვდერის აღმოსავლეთ სარკმელი ორნაწილიანია და ოვალისა და მის ქვეშ განთავსებული პატარა წრიული ღიობისგან შედგება. ამ სარკმელს იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვისა და ამონთხევის ამსახველი რელიეფი ამკობს. ფასადებს სრულიად სადა ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია მოწითალო ტუფის სუფთად თლილი კვადრებით. ტაძარი გადახურულია ლორფინით, ეკვდერს ნაწილობრივ შუშის გადახურვა გაუკეთდა. საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ განვითარებული შუა საუკუნეების ორი ბაზილიკა და საღამოს ტბა.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *