მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი – “მარიამწმინდა”

მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი - "მარიამწმინდა"

მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი – “მარიამწმინდა” კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში მდებარეობს. იგი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ანსამბლის ეკლესიაში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. არსებობს ვარაუდი, რომ მუხროვანის კომპლექსი უდაბნოს მრავალმთის სამონასტრო სისტემაში შედიოდა. ანსამბლი მოიცავს კლდეში ნაკვეთ კარიბჭიან ეკლესიასა და დაუმუშავებელი ქვით ნაგებ კამაროვან ნაგებობას. ქვაბოვანი ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდი კონქით სრულდება, დარბაზის გადახურვა კი ორფერდაა, თუმცა თუმცა თითქმის ბრტყელი. აფსიდის ნაწილი ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭიდან (ზოგადად კომპლექსსაც მხოლოდ სამხრეთიდან აქვს მისასვლელი). კარიბჭეც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, თუმცა ამჟამად ბათქაში ჩამოშლილია და ფრესკების მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. მოხატულობა ყველაზე უკეთ კონქში გაირჩევა, აქ ვედრების სცენაა გამოსახული (ტახტზე მჯდომი მაკურთხებელი ქრისტე, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი). ტაძრის დანარჩენ კედლებზე მხატვრობის მხოლოდ ძალიან მცირე ფრაგმენტებია. ეკლესიის შესასვლელი მოხატული ყოფილა გარედანაც, კარიბჭის მხრიდან. კარიბჭის დასავლეთ კედელი კლდეა, სამხრეთიდან კი კამაროვანი ნაგებობის ჩრდილოეთ კედლითაა მოზღუდული. ეკლესია და კარიბჭე თანადროულია, კამაროვანი ნაგებობა კი უფრო გვიან, სავარაუდოდ მოხატვის დროს უნდა იყოს აგებული. კამაროვანი ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართულებითაა წაგრძელებული. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. კედლებში მოწყობილია სწორკუთხა ნიშები. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ჩრდილოეთ კედელში კი ეკლესიის კარიბჭეში გამავალი კარია გაჭრილი. ნაგებობა ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარისა და კედლების დიდი ნაწილი. კამაროვანი შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის, ქვიშაქვის დაუმუშავებელი ქვებით. მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი – “მარიამწმინდა” მთლიანობაში ძალიან საინტერესო ანსამბლია და აუცილებლად საჭიროებს საფუძვლიან გამოკვლევასა და ყურადღებას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *