წოფის მთავარი ეკლესია

წოფის მთავარი ეკლესია

წოფის მთავარი ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩაქცეულია კამარა, ჩამონგრეულია აფსიდი, სამხრეთის მინაშენი საძირკვლის დონეზეა, თითქმის მთლიანად დანგრეულია დასავლეთის მინაშენიც, ასევე ნაგებობა ნაწილობრივ მიწაშია მოქცეული. წოფის მთავარი ეკლესია ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. ტაძრის მთავარ მხატვრულ ეფექტს უხეშად დამუშავებული ქვის ლამაზი წყობა და არქიტრავების, პილასტრების და კედლების გადაბმების გამორჩეულად დიდი ზომის ქვები ქმნის. წოფის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. დარბაზი აღმოასავლეთითა ნალისებრი შვერილი აფსიდით სრულდება, რომელიც ექსტერიერში ხუთწახნაგაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები ნახევარწრიული, სწორკუთხედში ჩაწერილი, აფსიდებით სრულდებიან. საკურთხეველი სამი საფეხურითაა ამაღლებული. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით, ორივე არქიტრავულია. ინტერიერი ძლიერად გამოხატული მსხვილი პილასტრების ორი წყვილითაა დანაწევრებული. სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენები კონტურების დონეზეა შემორჩენილი. ჩრდილოეთის მინაშენი ორ ნაწილადაა გაყოფილი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები ერთმანეთს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამარა, აღმოსავლეთ ნაწილში – კონქი და კამარის ძალიან მცირე ფრაგმენტი. სარკმლის ღიობები მხოლოდ ჩრდილოეთის მინაშენშია შემორჩენილი – თითო თაღოვანი სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთის რელიეფური დეკორის მცირე ფრაგმენტი გვხვდება, დასავლეთისა და სამხრეთის კედლების გადაკვეთაზე. ეკლესიაში დევს მოგვიანებით შემოტანილი რელიეფური ქვების ფრაგმენტები, საფლავის ქვები და ხაჩკარები. ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომლისგანაც ძალიან მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლინდა რელიეფური ქვების ფრაგმენტები, მათ შორისაა კაპიტელი დედალ-მამალ ირმებზე ლომების ნადირობის რელიეფებით, ბოლნური ჯვარი და სხვ. რელიეფთა დამუშავების ხასიათი და კომპოზიციური მოტივები ახლოს დგას ბოლნურ რელიეფებთან. დასავლეთ მინაშენში სვეტად გამოყენებული იყო სტელის ფრაგმენტი მხედრის რელიეფური გამოსახულებით. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *